ავტორი:

"გზა" (277, 403) -  "ITI Georgia" - სა და სოხუმის თეატრის ახალი პროექტი

"გზა" (277, 403) -  "ITI Georgia" - სა და სოხუმის თეატრის ახალი პროექტი

იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (საშემსრულებლო ხელოვნების მსოფლიო ორგანიზაცია) 1948 წელს შეიქმნა. დღემდე ეს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაცია, მთელს მსოფლიოში თეატრის ხელოვნების პოპულარიზაციას და მისი აქტივობების გაღრმავებას ემსახურება.

იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) საქართველოს ცენტრის პრეზიდენტი დავით საყვარელიძე, წლების განმავლობაში სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეატრში, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა: ევროპული ფესტივალი ITO, „SIFTY საქართველო - საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (აბრეშუმის გზა)“, რეჟისორ ზურაბ კანდელაკის ნაწარმოების „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ პრემიერა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებზეა; გასტროლი გერმანიაში - ბერლინის ITO (Into the Open) ფესტივალზე (დ. საყვარელიძის სპექტაკლით „იაკიში და პუპჩე“). აგრეთვე, ბოლო 5 წელია ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, „ITI Georgia“ და სოხუმის თეატრი, გოგი თოდაძის სახელობის, თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების ფესტივალის „თაობა“ ფარგლებში, მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს და ა.შ.

ამჯერად, საქართველოს ITI ცენტრის პრეზიდენტის, სოხუმის თეატრის დირექტორისა და რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორის ინიციატივით, 25 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, (1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა), აფხაზეთის თემაზე შექმნილი პროექტი იქნება წარმოდგენილი.

„ITI Georgia“-სა და სოხუმის თეატრის ერობლივი სპექტაკლის „გზა“ (277, 403), რეჟისორი კოტე ლიპარტელიანია. პროექტის პრემიერა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, 2024 წლის ზაფხულში შედგა, ხოლო ამჟამად, „ITI Georgia“ და სოხუმის თეატრი, მოწვეულ ახალგაზრდა რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად, 25 სექტემბერს, სპექტაკლს ყველა იმ ქართველ დევნილს მიუძღვნის, ვინც საკუთარი სახლი იძულებით დატოვა.

პროექტი აფხაზეთიდან დევნილების მიგრაციითაა ინსპირირებული (რუსეთის სამხედრო შემოჭრით 1993 წელს). იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჭუბერის უღელტეხილზე 250 კილომეტრიანი ურთულესი მარშრუტი გაიარეს, რომელსაც „გოლგოთის გზა“ ეწოდა.

პროექტის ფარგლებში, ინტერვიუ ჩაიწერა ჯაბა ჯანაშიასთან, რომელიც 9 წლის ასაკში, დევნილი საკუთარ დაბადების დღეზე გახდა. მას მშობლებთან და დასთან ერთად, უღელტეხილის გადასალახად 13 დღე დასჭირდა. ინტერვიუზე და დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, მომზადდა ფილმი, მუსიკა და პერფორმანსი.

წარმოდგენის პირველი ნაწილი მოიცავს არტისტების მსვლელობას თეატრამდე, რომელიც დარბაზის ეკრანზე, ჯაბა ჯანაშიას ინტერვიუსთან ერთად, ლაივ რეჟიმში იქნება ნაჩვენები, ხოლო პერფორმანსის მეორე ნაწილში მოქმედება უკვე თეატრის სცენაზე ვითარდება.

რეჟისორი -კოტე ლიპარტელიანისცენოგრაფია და ქორეოგრაფია - კოტე ლიპარტელიანი, მიხეილ ზაქაიძემუსიკა - მიხეილ ზაქაიძე, კოკა ესაიაშვილიფილმი -კოკა ესაიაშვილი, კოტე ლიპარტელიანი

მონაწილეობენ: ჯონათან რასელი, ანა თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, მეგი ზარქუა, ოლიკო ბარბაქაძე, ირაკლი კვერღელიძე, ჩიკა ოგი, ხოსილიტა.

1 მოქმედება, ხანგრძლივობა: 45 წთ25 სექტემბერი. დასაწყისი: 19:00 საათზე

ლოკაცია: დ. უზნაძის ქ. 68.

კოტე ლიპარტელიანი (რეჟისორი):

- აფხაზეთის თემა, ჩემთვისაც ისევე მძიმე და ტრაგიკულია, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის. აფხაზეთიდან არ ვარ და არც ოჯახის რომელიმე წევრია, მაგრამ მეგობრები მყავს, ისტორიულადაც ბევრი რამ ვიცი და ამ დანაკარგს ძალიან განვიცდი, ისევე როგორც ყველა ჩვენი ქვეყნის მოყვარული და პატრიოტი ადამიანი.

ამ პროექტის შექმნის იდეა მას შემდეგ დაიბადა, როდესაც არტისტებს დევნილებთან შეხვედრა მოგვიწია. მას შემდეგ ვიფიქრე, რომ უნდა გამეკეთებინა სპექტაკლი იმ ადამიანებზე, ვინც მათთვის ძვირფასი სახლი და ადგილი დატოვა...

მე, როგორც არტისტმა, რომელიც თავის სათქმელს ცეკვითა და მოძრაობით გამოხატავს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ჭუბერის, ე.წ. „გოლგოთის გზის“ თემა, სწორედ ფიზიკური თეატრის მიმართულებით, ქორეოგრაფიული პერფორმანსით გადმომეცა.

ბევრს ადამიანს დავუკავშირდი, ვინც ჭუბერის გზა გამოიარა და ვთხოვე ინტერვიუში თავისი პირადი ისტორია მოეთხრო, თუმცა, გონებაში დალუქული თემის „გახსნა“, დიდი ტკივილისა და სიმძიმიდან გამომდინარე, არავის სურდა, რაც ჩემთვის სავსებით გასაგებია. ბოლოს, ჯაბა ჯანაშია აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელთან ერთი დუბლით ჩავწერეთ ის ისტორია, რომელიც სპექტაკში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე მანამდე რამდენჯერმე უსაუბრია, დიალოგს ემოციის გარეშე არ ჩაუვლია - ერთი-ორჯერ ყელში ბურთიც გაეჩხირა და თვალზე ცრემლი მოადგა.

რაც შეეხება სპექტაკლის მეორე ნაწილს, მასში დაკავებულია 8 მსახიობი, როგორც ქართველი, ისე უცხოელი არტისტები. ისინი ძალიან კარგი მოცეკვავეები არიან. ჩვენი გუნდიდან უმრავლესობა მოძრაობის თეატრიდან მოვდივართ, სადაც მე, როგორც არტისტმა, დაახლოებით 6 წელი გავატარე.

პროექტის პრემიერა ვარშავაში, 2024 წლის ზაფხულში შედგა. მაყურებელი ცრემლს ვერ იშრობდა და მათი რეაქციებიდან გამომდინარე, მეც თავს ძლივს ვიკავებდი.

25 სექტემბერს, სპექტაკლს „გზა“ (277, 403), ყველა იმ ქართველ დევნილს მივუძღვნით, ვინც 1993 წელს საკუთარი სახლი იძულებით დატოვა.

ბილეთები იყიდება მხოლოდ ონლაინ, საიტზე https://tkt.ge/theatre

„გზა“ https://tkt.ge/event/489894/gza-277-403

R