ავტორი:

თაღლითობაში არაერთხელ ბრალდებული ისრაელელი სიმონ ლევიევი ბათუმის აეროპორტში დააკავეს - რა არის  "Tinder Swindler“-ზე ცნობილი და რას ამბობენ შსს-ში?

თაღლითობაში არაერთხელ ბრალდებული ისრაელელი სიმონ ლევიევი ბათუმის აეროპორტში დააკავეს - რა არის  "Tinder Swindler“-ზე ცნობილი და რას ამბობენ შსს-ში?

ისრაელური მედიის ცნობით, ბათუმის აეროპორტში პოლიციამ ცნობილი თაღლითი, ებრაელი სიმონ ლევიევი დააკავა. ის Netflix-ის 2022 წელს გამოშვებული პოპულარული დოკუმენტური ფილმის, "Tinder Swindler“-ის ("ტინდერის თაღლითი"), მთავარი გმირია, რომელიც მის მიერვე ჩადენილ სხვადასხვა სახის თაღლითობას ასახავს.

ადვოკატის განცხადებით, ამჟამად ლევიევის დაკავების მიზეზი უცნობია.

"დაკავების შემდეგ ვესაუბრე, მაგრამ ჯერ არ ვიცით მიზეზი. ის თავისუფლად მოგზაურობს მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა მისმა ადვოკატმა.

ambebi.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს/ როგორც უწყებაში გვითხრეს, ლევიევი გუშინ ბათუმის აეროპორტში მართლაც დააკავეს, ვინაიდან ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. იმაზე, თუ რატომ, რა ბრალდების გამო იძებნებოდა დაკავებული, შსს ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ცვენ მოვძებნეთ წითელი ცირკულარით ძებნილთა შორის ლევიევი, თუმცა ის ამჟამად ამ სიაში აღარ ჩანს.

სიმონ ლევიევი (შიმონ-იეჰუდა ჰაუტი) წარმოშობით ისრაელის პატარა ქალაქიდანაა. ის თავს რუსი ებრაელის, ძვირფასი ქვების მაგნატის, ლევ ლევიევის შვილად ასაღებდა. გაცნობის საიტ "ტინდერის" პროფილით ირწმუნებოდა, რომ ბრილიანტით მოვაჭრე იყო. ფული, რომელსაც პაემნებზე ხარჯავდა, რეალურად, თაღლითური გზებით, სხვა ქალებს სძალავდა.

ერთ-ერთი მსხვერპლის თქმით, მას ფსიქიატრიულში მოუწია მოხვედრა მას შემდეგ, რაც თაღლითმა 185 000 ფუნტის თანხა გამოსტყუა.

2011 წელს ჰაიუტს ისრაელში ბრალი წაუყენეს ქურდობისთვის, გაყალბებისა და თაღლითობისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, მან ერთი ოჯახის ჩეკების წიგნაკი მოიპარა, როდესაც ბავშვის მომვლელად მუშაობდა. ის სასამართლოში არ გამოცხადდა და ქვეყნიდან ყალბი პასპორტით გაიქცა. 2012 წელს ისრაელის სასამართლომ მას ბრალი წაუყენა ჩეკების გაყალბებაში, ასევე ხუთი წლის ბავშვის უყურადღებოდ დატოვებაში.

2015 წელს ის ფინეთში დააკავეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასჯელის ვადაზე ადრე მოხდის შემდეგ, ის ისრაელში დაბრუნდა. თუმცა, The Times of Israel-ის ცნობით, 2017 წელს სხვა ვინაობა მიიღო, იურიდიული სახელი და გვარი შეცვალა და ქვეყნიდან კვლავ გაიქცა.

ლევიევი 2019 წელს საბერძნეთში დააკავეს და მოგვიანებით ისრაელს გადასცეს, სადაც იგი თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების ჩადენისა და ქურდობისთვის გაასამართლეს და 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

2024 წლის მარტში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანეს ეფრემ და რუთ ლევიევებმა, ეს უკანასკნელი ბიზნესმენ ლევ ლევიევის ქალიშვილია. ისინი აცხადებდნენ, რომ თაღლითმა მათი ოჯახის რეპუტაცია შელახა.

რა კავშირი ჰქონდა ცნობილ თაღლითს საქართველოსთან, ან რატომ ჩამოვიდა ბათუმში, უცნობია.

იხილეთ ასევე: