ავტორი:

კონორ მაკგრეგორმა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა - რას აცხადებს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი?

კონორ მაკგრეგორმა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა - რას აცხადებს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი?

შერეული ორთაბრძოლების ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, ირლანდიაში არსებული არჩევნების წესები ნამდვილ დემოკრატიულ კონკურენციას ზღუდავს.

  • “გულდასმით გააზრებისა და ოჯახის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას ამ საპრეზიდენტო რბოლიდან. ეს ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ ამ მომენტში სწორი არჩევანია", - დაწერა კონორმა X-ზე.

ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნები შვიდ წელიწადში ერთხელ ტარდება და თანამდებობა ძირითადად სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, თუმცა მაკგრეგორი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, “ირლანდიური კულტურის“ შენარჩუნების მიზნით, იმიგრაციას შეზღუდავდა და “ძალაუფლებას ხალხს დაუბრუნებდა“.

კონორი საარჩევნო ბიულეტენში მოსახვედრად ძირითად იმედს თავისი სოციალური მედიის აუდიტორიაზე (მხოლოდ X-ზე 10.7 მილიონ გამომწერი ჰყავს) ასევე ილონ მასკის მხარდაჭერასა და დონალდ ტრამპის მფარველობის გამოყენებაზე ამყარებდა.

  • მაკგრეგორის მხარდამჭერთა რიგებში ასევე მრავალი ყოფილი სპორტსმენი და მემარჯვენე ამერიკელი კომენტატორია, ტაკერ კარლსონის ჩათვლით.

თუმცა ყოფილი მებრძოლი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა,

ირლანდიური კანონმდებლობით ბიულეტენში მოსახვედრად კანდიდატი ან პარლამენტის 20-მა წევრმა, ან ოთხმა ადგილობრივმა საბჭომ უნდა წარადგინოს, რაც კონორის განცხადებით, “საარჩევნო პროცესებს მმართველი წრეების კანდიდატების სასარგებლოდ წარმართავს“

არასაიმედო იყო გამოკითხვების შედეგებიც - ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მას მხარს მხოლოდ ამომრჩეველთა 7% უჭერდა, ხოლო პარლამენტარებსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში მხარდამჭერი თითქმის არ ჰყავდა.

მოგვიანებით, კონორმა განაცხადა რომ, მისმა კამპანიამ კატალიზატორის როლი ითამაშა “ბოროტი“ ელიტა და წამყვანი მედიასაშუალებების წინააღმდეგ მობილიზაციის პროცესში.

“ახლა უკვე არსებობს ძალიან ხილული და ხმამაღალი ირლანდიელი პატრიოტების მოძრაობა, რომლებიც ჩვენს კულტურულ და ისტორიულ ფესვებს უბრუნდებიან, ცდილობენ შეინარჩუნონ და დაიცვან ჩვენი ცხოვრების წესი, როგორც ირლანდიელებმა – მე მათ მივესალმები, ტალღა აგორდა და მას აღარაფერი შეაჩერებს", - განაცხადა კონორმა.

წყარო