ნატო-ს ოპერაცია Eastern Sentry-ის ფარგლებში პოლონეთის თავზე საჰაერო მისიებს ბრიტანული გამანადგურებლები განახორციელებენ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, "გამანადგურებლები მხოლოდ ძალის დემონსტრირებისთვის არ არიან და ისინი შეკავებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
"რუსეთის წინდაუხედავი ქცევა ევროპის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ნატო-ს ძალისხმევას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბრის ღამეს, პოლონეთის საჰაერო სივრცე სულ მცირე 19 რუსულმა დრონმა დაარღვია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბელარუსიდან შეფრინდა. დრონების მოგერიებაში, პოლონური თვითმფრინავების გარდა, ნატო-ს სხვა ქვეყნების გამანადგურებლებიც ჩაერთნენ. დრონის ნამსხვრევებმა ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან ახლოს საცხოვრებელი შენობა დააზიანა. მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.
მომხდარის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით ოპერაცია Eastern Sentry-ის (აღმოსავლეთის მცველი) დაწყების შესახებ გამოაცხადა.