Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მსოფლიოს ნომერ პირველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი - "ქართველი ჰალკი".
ლევან საგინაშვილი 7 გზის მსოფლიო და 6 გზის ევროპის ჩემპიონია, ასევე არის მსოფლიო Top 8 ჩემპიონატის გამარჯვებული. მოგებული აქვს ყველაფერი, რის მოგებაც შეიძლებოდა.

გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს.
ზუკა:
- ჰალკი ვინ დაგარქვათ? რამდენად მოგწონთ, "ქართველ ჰალკს" რომ გეძახიან?
- ვარჯიში რომ დავიწყე, ხელები ძალიან სწრაფად გამეზარდა და აქედან გამომდინარე დარბაზში ჰალკი დამიძახეს. სხვათა შორის, მომეწონა და ეს სახელი შევითვისე.
უცნობი:
- ბავშვობაში რა გიტაცებდათ? როდის მიხვდით, რომ მკლავჭიდი იყო თქვენი სამომავლო ასპარეზი და წარმატებას მოგიტანდათ?
- სპორტი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით - ფეხბურთი. ასევე ავტო, მოტო, ველო სპორტი, საერთოდ ყველაფერს ვუყურებდი. ფეხბურთი მაინც გამორჩეულად მიყვარდა და ვთამაშობდი კიდეც. მკლავჭიდი 20 წლის ასაკში აღმოვაჩინე - ბავშვი უკვე აღარ ვიყავი და ვარჯიში მაშინ დავიწყე.


თავიდან ფიტნეს დარბაზში ვვარჯიშობდი, სადაც ჩემმა მწვრთნელმა, ლადო ხუციშვილმა აღმომაჩინა. მან მითხრა, რომ სპორტის ამ სახეობისთვის კარგი მონაცემები მქონდა. იქიდან დაიწყო ჩემი სპორტული ისტორია.
დავითი:
- შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონობა დიდი შრომის შედეგია. პირველი ჩემპიონობის ამბავი გაიხსენეთ... რა მოლოდინი გქონდათ და გამარჯვების შემდეგ რა ემოციები?
- პირველი მსოფლიო ჩემპიონობა 2014 წელს ლიტვაში მოვიპოვე. მახსოვს, პირველ დღეს მარცხენა ხელში იყო შეჯიბრება და მოვიგე. შოკსა და ეიფორიაში ვიყავი, თუმცა აღნიშვნა დიდად ვერ მოვასწარი. მაშინვე დოპინგ ტესტზე გამაქანეს, იმ დროისთვის უცნობი მკლავჭიდელი ვიყავი და რადგან ძალიან დომინანტურად მოვიგე, ყველას ეგონა, რაღაც პრეპარატებზე ვიყავი. როდესაც იგივე მარჯვენა ხელშიც განმეორდა, ოქროს მედალი ავიღე, მაგრამ ისევ არ მაცადეს აღნიშვნა, კვლავ დოპინგ ტესტზე გამაქანეს. რა თქმა უნდა, პასუხები უარყოფითი იყო და გამარჯვება მხოლოდ ამის შემდეგ აღვნიშნე. საკმაოდ დიდხანს ვიყავი შოკში - გამარჯვებას ვერ ვიჯერებდი.
ნია:
- ექვსგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო TOP 8 ჩემპიონატის გამარჯვებული - ამ წარმატებულ შედეგებს პირადად თქვენ რას მიაწერთ?
- რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ის თავდადება, რაც ამ სპორტს მივეცი, ჩემი მხრიდან გავეცი და მკლავჭიდისთვის ყველაფერი გადავდე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სპორტის ამ სახეობისთვის გენეტიკურად კარგი მონაცემები მაქვს. ამას ემატება დაუღალავი შრომა და შედეგიც შესაბამისია.
ლალი:
- წინაპრებში ვინმე ხომ არ გყავდათ სპორტსმენი და დიდი ძალის პატრონი?
- მამაჩემი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო, დედაჩემის მამა, პაპაჩემი - მოჭიდავე და უფრო პაპაჩემის გენეტიკა მაქვს. ძალიან მაღალი არ იყო, თუმცა გენეტიკურად მისი ხელები მაქვს. უფრო სწორად დედაჩემისნაირი - ზუსტად მისი მსგავსი ხელები მაქვს. ისე მოხდა, რომ გენეტიკურად ასეთი მონაცემები გვაქვს.
დედაჩემი ქალის ვერცერთი საათის სამაჯურს ვერ ირგებს. ამიტომ მამაკაცის საათს ყიდულობს, რადგან იმხელა მაჯები აქვს, რომ ფიზიკურად არ ერგება.
მაკა:
- მკლავჭიდში ვინ არის თქვენი კერპი და რატომ?
- ჯონ ბრზენკი, იმიტომ, რომ პირველი იყო, ვინც მკლავჭიდი მთელ მსოფლიოს შეაყვარა. 100- კილოგრამიანი კაცი 150-200-კილოგრამიან ადამიანებს უგებდა - ხელს უწევდა. მთელი ცხოვრება ამ სპორტშია. შეჯიბრებებში დღესაც მონაწილეობს. 60 წლის არის, უნიკალური ადამიანია. მას ხშირად ვუყურებდი ხოლმე, ასევე სხვა მკლავჭიდელებსაც. მათი ვარჯიშების "იუთუბზე“ ყურება ჩემთვის საუკეთესო მაგალითი იყო. თუმცა ბრზენკისთვის ხელი არასდროს გადამიწევია იმიტომ, რომ როდესაც ჩემპიონი გავხდი, მისი დომინაციის დრო, სამწუხაროდ, უკვე წასული იყო. მსოფლიო მკლავჭიდში ისეთი დომინანტი აღარ იყო, რომ ჩემთან შეხვედრა ჩაენიშნათ.
უცნობი:
- ჩემი შვილიშვილი თქვენი ფანია. ვარჯიშობს, 15 წლიდან მძიმე ჰანტელებს იყენებს, მაგრამ ვფიქრობ, მისთვის ადრეა, რადგან მოზარდია. ძალიან მინდა, შეგახვედროთ, ალბათ მისნაირად არავის უყვარხართ. საერთოდ მოზარდებს რას ურჩევდით თქვენი სპორტის კუთხით?
- თუ ასაკით პატარაა, დიდი წონების აწევას არ ვურჩევდი. ჯობია, დაბალი წონებით ივარჯიშოს და მაგიდასთან ისპარინგოს... დაკავშირება ჩემთან Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ საშუალებით შეუძლია. მოიწეროს და დამაკავშირებენ. შემდეგ მოვა იქ, სადაც ვვარჯიშობ, გავესაუბრები, გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას, რაღაც რჩევებს მივცემ.
ხოლო ამ სპორტით დაინტერესებულებს კი ვურჩევდი, არ იჩქარონ, რადგან ეს ისეთი სპორტია, რომ მაღალ დონეზე ასვლა სწრაფად არ ხდება. ჩემ შემთხვევაში 5 წელი დამჭირდა, მსოფლიო ჩემპიონი რომ გავმხდარიყავი... ასე რომ, წონებს და დატვირთვებს ნელ-ნელა მოუმატონ.

ლუკა სუარიშვილი:
- ლევან, რა გასწავლათ და გამოგიმუშავათ ამ სპორტმა?
- მეტი თავდაჯერებულობა მომცა, მასწავლა დისციპლინა, ასევე ბევრი მეგობარი შემძინა. რაც გამაჩნია, 90% ამ სპორტის დამსახურებაა და მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს მკლავჭიდი აღმოვაჩინე.
ზვიადი:
- რა არის ყველაზე რთული თქვენთვის მკლავჭიდში?
- ყველაზე რთულია უშუალოდ მომზადების პერიოდი. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ სიმართლეა, დღეს ყველაზე რთული სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ისაა, რომ მსოფლიოში ისეთი მოწინააღმდეგე არ არის, რომელიც წინააღმდეგობას გამიწევს.
მიშო:
- როცა დაიწყეთ ვარჯიში, მაშინვე მიხვდით, რომ ეს ის სპორტი იყო, რომელსაც ბოლომდე "გაქაჩავდით“?
- როგორც კი დავიწყე ვარჯიში, იმაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ სპორტში დიდ წარმატებას მივაღწევდი. შეიძლება ამხელა წარმატების იმედი არ მქონდა და ვერც წარმოვიდგენდი, თუმცა მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდებოდი, მაგის მჯეროდა. შეიძლება ითქვას, პირველივე ვარჯიშიდან ეს სპორტი შემიყვარდა. ისეთი სპორტია, თუ ერთხელ შეგიყვარდა, მთელი ცხოვრება თავს ვერ დაანებებ, რა ასაკისაც არ უნდა იყო.
ნიკუშა:
- სადმე, რომელიმე ასპარეზობისას რაიმე ინციდენტი ხომ არ ყოფილა, მაგალითად, "საქმის გარჩევის“ მსგავსი?
- "საქმის გარჩევა“ და რაღაც ასეთი ჩვენს სპორტში არ ხდება. ვინაიდან ასეთი დომინანტი ვარ, მსოფლიოში ბევრი ჰეითერი მყავს, ამიტომ მათ უნდათ, რომ წავაგო, მაგრამ მაგ ბედნიერებს ვერ მივანიჭებ. არ იქნება სიურპრიზი, თუ ვიტყვი, რომ მათ შორის განსაკუთრებით რუსები არიან, ვისაც ჩემი დამარცხება უნდა. რეალურად კი, ყოველ ჯერზე, გაწბილებულები არიან და თავის გასასამართლებლად რაღაცებს იგონებენ.
გუგა:
- მკლავჭიდამდე თუ იყავით სხვა სპორტით დაინტერესებული?
- ფეხბურთი მიყვარდა, 16 წლამდე მოყვარულის დონზე ვთამაშობდი. მერე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნა და ფიზიკურ აქტივობებს მთლიანად ჩამოვშორდი. 20 წლის ასაკში იმ პრობლემამ გამიარა, რაც მქონდა და ღმერთმა ეს სპორტი და ლადო ხუციშვილი გამომიგზავნა და ამ სპორტში ღმერთის წყალობით მოვხვდი. ამ ქვეყანაზე შემთხვევით არაფერი ხდება.
ზუკა:
- რას იტყვით, დღევანდელი ქართული ფეხბურთის შესახებ და ფეხბურთელების წარმატებაზე?
- მთელი ბავშვობა იმას ვოცნებობდი, რომ ჩვენი ნაკრები ან ევროპის, ან მსოფლიო ჩემპიონატზე გასულიყო. მიხარია, რომ მოვესწარი იმას, რომ მარტო კი არ გავიდა, გუნდამა კარგადაც ითამაშა. მსოფლიო ჩემპიონატზე თუ მოხვდებიან, პირობას ვდებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მეც გავემგზავრები და მათ მატჩებს დავესწრები. ასე რომ, მიდით, ბიჭებო, აუცილებლად უნდა გავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე.
საბა:
- ხშირად მოგვისმენია ამბები საუკეთესო სპორტსმენების შესახებ, რომ იმდენად გადართულები არიან თავიანთ სპორტზე, რომ ოჯახი მეორე პლანზეა გადასული. მაინტერესებს, როგორ ახერხებთ სპორტსა და ოჯახს შორის ბალანსის შენარჩუნებას?
- ჩემი მეუღლე გვერდში მიდგას და მისი დიდი დამსახურებაა, რომ სპორტში კიდევ ამ დონეზე ვარ. როცა მომზადების პერიოდი მაქვს, ყველაფერი მის კისერზეა. ოჯახისთვის, ფაქტობრივად, უმოქმედო გამოვდივარ. ვერაფერს ვაკეთებ, მარტო დარბაზში მივდივარ და მოვდივარ. მეუღლესთან ერთად მეხმარებიან ჩემი მშობლები. მთელი ოჯახი იმისთვის არის მობილიზებული, რომ კომფორტი შემიქმნან, სხვა სადარდებელი და საქმე არ მქონდეს, რომ შეჯიბრებისთვის მშვიდად ვივარჯიშო.
უცნობი:
- ლევან, მითხარით, - კაცი ხართ თუ დევი?
- რა ვიცი, ცხოვრებაში - კაცი და შეჯიბრებაზე - დევი.
ბექა:
- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ყველა მანქანაში ვერ ეტევით, - ბავშვობიდან დიდი იყავით?
- ბავშვობიდან დიდი არ ვყოფილვარ. გარდატეხის ასაკში ძალიან გავიზარდე, ასაკთან შედარებით მაღალი ვიყავი. წონით დიდი არასდროს ვყოფილვარ. ერთადერთი, რაც იყო, ძალიან დიდი ხელები მქონდა. 20 წლისა დაახლოებით 80 კილოგრამს ვიწონიდი... ვიყავი წყნარი, მშვიდო, უკონფლიქტო, მორიდებული...
ლიზი:
- გული რაზე დაგწყვეტიათ, რაც გახსოვთ და არ გავიწყდებათ?
- რაღაცებზე კი მწყდება გული. ძირითადად იმაზე, რომ ისეთ ადამიანებს დავეხმარე, ვისაც ალბათ არ უნდა დავხმარებოდი. თუმცა იმ მომენტში სწორად მოვიქეცი - სინანულით არ ვნანობ, მაგრამ ახლა უკან რომ ვიხედები, ისინი დახმარებას არ იმსახურებდნენ.
გუგა:
- ფილმებშიც გიწვევენ ხოლმე. რა ფილმებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?
- ბრიტანულ-არაბული ფილმი იყო ვაზიანში იღებდნენ, იქ ეპიზოდში ვარ, რამდენიმე ქართულ ფილმში ეპიზოდებში მაქვს ნათამაშევი, შედარებით დიდი როლი იყო, "ნეტფლიქსის“ პროექტში Extraction 2-ში, რომელშიც ქართული ბანდის ერთ-ერთ წევრს ვთამაშობ. დიდი გამოცდილება იყო და ამ ფილმით კმაყოფილი ვარ… რაზეც კი მიოცნებია, ყველაფერი ამიხდა.
ვოცნებობდი სპორტსმენობაზე და იმაზე, რომ ფილმებში გამოვჩენილიყავი. ორივე ამიხდა - რა თქმა უნდა, სპორტსმენობა მეტად... სხვა ოცნება ისეთი არაფერი მაქვს. ალბათ უფრო მატერიალური რაღაცები დამრჩა. კარგი კერძო სახლი მინდა. კარიერული ოცნებები არ მაქვს.
ვინი:
- რა დაგრჩათ მოსაგები და საერთოდ რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- მკლავჭიდში რაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი მოვიგე. მოსაგები არაფერი დამრჩა, დღესაც თავისუფლად შემიძლია სახლში წავიდე და სპორტს თავი დავანებო, რადგან მოტივაციის მოძებნა უკვე ძალიან მიჭირს. მაგრამ ვრჩები სპორტში, ვიცი, რომ კიდევ შემიძლია, რომ ჩემი ისტორია დავწერო, რომ ჩემი ქვეყანა და ხალხი ჩემი გამარჯვებით და მონაწილეობით გავახარო. ტიტულს რაც შეეხება, ხომ ვამბობ, ყველაფერი მოგებული მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტიც მოვიგე. მსოფლიოში ნომერი პირველ რომ ვარ, ამას ისეთ ადამიანებიც აღიარებენ, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ იყვნენ და არ უნდოდათ ამის აღიარება... ახლა სხვა აღიარებისკენ მივდივარ, ეს კი მოტივაციას მიზრდის, უკვე ბევრი მასახელებს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მკლავჭიდელად და მინდა კიდევ მეტმა დამასახელოს.
ლუკა:
- როგორი შეგრძნებაა, როცა დაუმარცხებელი ხარ?
- კარგი შეგრძნებაა, მაგრამ დიდი ხანი მასზე არ უნდა იფიქრო, დიდი ხანი რომ იფიქრო, მერე უკვე თავში გივარდება. უნდა მიიღო, როგორც ჩვეულებრივი ამბავი. სულ რომ ეგ იფიქრო, მერე ამპარტავნებაში გადაგივა. ისე კარგი გრძნობაა და ცოტა რთულად დასაჯერბელიც...