ავტორი:

ვინ არის ქართველი მომღერალი, რომლის გამოც აზიური ევროვიზიის ფორმატი სპეციალურად შეცვალეს - ამბები Silk Way Star-ის კულუარებიდან

ვინ არის ქართველი მომღერალი, რომლის გამოც აზიური ევროვიზიის ფორმატი სპეციალურად შეცვალეს - ამბები Silk Way Star-ის კულუარებიდან

„Silk Way Star“ - აზიის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსში უძველესი სავაჭრო გზისა და მისი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონკურსანტები 12 ქვეყნიდან არიან, მათ შორისაა: საქართველო, აზერბაიჯანი, ჩინეთი, მალაიზია, სამხრეთ კორეა, თურქმენეთი და სხვა. აბრეშუმის გზის ვარსკვლავს 22 ნოემბერს გამოავლენენ.

აღსანიშნავია, რომ Silk way star-ზე საქართველოს ქართველი მომღერალი, ავთო აბესლამიძე წარადგენს, ხოლო ჟიურის ერთ-ერთი წევრი - ქართული კულტურის და ისტორიის ხმა, დათო კენჭიაშვილია, რომელიც ყაზახეთში სპეციალური მოწვევით ჩავიდა. მომღერლისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მისი სიმღერები ყაზახეთშიც ისევე უყვართ და უსმენენ, როგორც საქართველოში. ე.წ. აზიურ ევროვიზიაზე ის ჟიურის წევრად საგანგებოდ მიიწვიეს, დიდი პატივით დახვდნენ და სპეციალურად მისთვის, კონკურსის ფორმატიც შეცვალეს.

შოუს გადაღებები 20 აგვისტოს დაიწყო. საქართველოში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი, დათო კენჭიაშვილი მსმენელების წინაშე ერთი კომპოზიციით წარსდგა. მან სცენაზე თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა, „იორო“ შეასრულა, რამაც მსმენელის აღფრთოვანება და გულწრფელი ემოციები დაიმსახურა. კონკურსის წესების თანახმად, დათოს უფლება არ აქვს, ხმა მისცეს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელ მონაწილეს, ავთო აბესლამიძეს, რომელიც რუსთავი 2-ის პროექტის „იქს ფაქტორის“ ყოფილი გამარჯვებულია.

გთავაზობთ ინტერვიუს დათო კენჭიაშვილთან, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შოუზე დასასწრებად, ასტანაში იმყოფება:

დათო, რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი მასშტაბის შოუში მონაწილეობა?

- ეს ყველაფერი უდიდეს პასუხისმგებლობას და ნებისყოფას მოითხოვს. გარდა იმისა, რომ მსოფლიო დონის შემსრულებლებს ვაფასებ, რომლებიც მომავალი ვარსკვლავები შეიძლება გახდნენ, ამასთან ძალიან მნიშნელოვანია ეს შოუ თავისი არსითაც. იმ პროექტის ჟიურის წევრობა, სადაც აბრეშუმის გზის ქვეყნები მონაწილეობენ, დიდი გამარჯვება, საქართველოს მორიგი აღიარება და დაფასებაა ამიტომ, ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც იაზრებ, ამხელა პროექტში მონაწილეობას. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ჩინეთი - რამხელა აუდიტორიაა.

რა დანიშნულებას ატარებს კონკურსი და რამდენად მნიშვნელოვანი მასში საქართველოს წარმომადგენლის მოანწილეობა?

„Silk Way Star“ მიზნად ისახავს აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული ქვეყნების მუსიკალური ტრადიციების გაცნობასა და დემონსტრირებას. კონკურსის ფორმატი აერთიანებს არა მხოლოდ კონკურსანტებს, არამედ მსმენელებს, ტელევიზიით და ონლაინ ტრანსლაციებით. ამის გარდა, კონკურსი ხელს უწყობს კულტურული გაცვლის გაღრმავებას და ტრადიციული მუსიკის ნიმუშების გაცნობას სხვა ქვეყნებში.

როგორ დაგვხდნენ ასტანაში და რა იყო თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი?

-ძალიან ამაღელვებელი იყო, როდესაც ყაზახეთში ჩასვლისთანავე აეროპორტშივე მიცნეს და განსაკუთრებული პატივით დამხვდნენ. წესების მიხედვით, თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ჟიურის წევრი ეტაპობრივად უნდა იცვლებოდეს, თუმცა ჩემს მიმართ გამონაკლისი დაუშვეს და მთელი პროექტს დასრულებამდე დარჩენა შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ასევე, მოულოდნელი იყო ჩემთვის, როცა აღმოჩნდა, რომ თურმე, ჩემს მიერ შესრულებულ სიმღერებს ყაზახეთის რადიოში უსმენენ და საკმაოდ პოპულარულია. უდიდესი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემს მოვალეობას, ვფიქრობ ეს ჩემი შემოქმედებისთვის და ჩემი გზისთვის იდეალური ასაფრენი ბილიკია. ამიტომ, ბედნიერი ვარ ამ კონკურსში მონაწილეობით. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უცხო ქვეყანაში უსმენენ შენს ნამღერს და აფასებენ.

როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს, როგორც ჟიურის წევრს?

კონკურსზე ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე სამართლიანი ჟიურის წევრის სახელი დავიმსახურე. ჯერ არცერთი მონაწილესთვის უმაღლესი ქულა არ დამიწერია. ვთვლი, რომ ობიექტურობა და პრინციპულობა მთავარია. პროექტის პროდიუსერები ამბობენ, რომ ჩემი შეფასებები ერთგვარი „ბარომეტრია“. ჩემი კომენტარებისა და ქულების მიხედვით ხშირად წყვეტენ, ვინ არის კონკურსის ყველაზე ძლიერი მონაწილე და ვის სჭირდება უფრო მეტი მუშაობა. კონკურსანტებისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, რომ თავი დამამახსოვრონ. ყველანი ინტერესით ელოდებიან, ვის დავუწერ საბოლოოდ ყველაზე მაღალ ქულას - 12-ს. ერთმა მალაიზიელმა კონკურსანტმა სცენაზე გამოსვლის შემდეგ თქვა: „თუ დათო გამიღიმებს, ესე იგი უკვე შევძელი და კარგად ვიმღერე.“

„რომ არა დათო, მგონია, რომ ის სულისკვეთება და სტიმული ვერ მექნებოდა, იმიტომ, რომ როცა სცენაზე ვდგავარ და მერეც, როცა ჟიური მაფასებს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უფლება არ აქვს შემაფასოს, ჟესტებით, ხან დროშას მაჩვენებს ქართულს, შემოძახილებით, რომ მიდი, აქ ვართ და ჩვენ ერთად ვართ, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ საქართველოს მემკვიდრეობა ჩვენი ხმით და ჩვენი შესრულებით გავაცნოთ“. - ამბობს Silk way star-ის ქართველი კონკურსანტი ავთო აბესლამიძე.

„Silk Way Star“ (აბრეშუმის გზის ვარსკვლავი) არის კულტურული მუსიკალური პროექტი, რომელიც ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის ტელერადიოკომპლექსის და ჩინეთის მედია კორპორაცია CMG-ს თანამშრომლობით იმართება. მისი მიზანია, სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ტალანტები ერთ სცენაზე გააერთიანოს, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგს და თანამშრომლობას. კონკურსის პირველი სეზონი 12 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, სამხრეთ კორეასა და ინდოეთს. პროექტი წარმოადგენს „კულტურულ ხიდს“, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთთან აკავშირებს, ამყარებს მეგობრობას, გამოცდილების გაცვლას და ახალ თაობას საერთაშორისო დონეზე განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის ფინალი 22 ნოემბერს გაიმართება.