ავტორი:

"დღეს იზოლატორში შემოვიდა "სანდომიანი მამაკაცი", რომელიც რამდენიმე წუთში გადაიქცა რუსული სისტემის ჭანჭიკად" - რას წერს ელენე ხოშტარია

"დღეს იზოლატორში შემოვიდა "სანდომიანი მამაკაცი", რომელიც რამდენიმე წუთში გადაიქცა რუსული სისტემის ჭანჭიკად" - რას წერს ელენე ხოშტარია

საქართველოს პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.

ბრალის წარდგენაზე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს ელენე ხოშტარია:

"დღეს იზოლატორში შემოვიდა "სანდომიანი მამაკაცი", გულდასმით გაპარსული წვერით და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში ეს სანდომიანი მამაკაცი გადაიქცა რუსული სისტემის ჭანჭიკად, რასაც გულისტკივილით ვადევნებდი თვალს. სრული სერიოზულობით გადაწყვიტა, რომ წამიკითხოს "ბრალი“ თავად ამ ბრალის ჟღერადობრივი ნაწილი ჩემში სიცილის დაუოკებელ სურვილს იწვევდა.

მართლა ეგონა, რამეს სერიოზული სახით წარმართავდა. ცხადია, შევწყვიტე ეს სპექტაკლი. კარგად მინდა გესმოდეთ განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს. ამ ფარსში მილიმეტრითაც კი მონაწილეობის მიღება დაუშვებლად მიმაჩნია. გარდა იმისა, რომ თავმოყვარეობის საკითხია "ბანერის დასვრის დიამეტრზე“ საუბარი, პატარა დოზითაც კი მათ სიყალბეში ტექნიკური შეყოლა ამასთან შეგუებაა და ამას მე არ ვაპირებ.

შესაბამისად, უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ. კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ. დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს შოთა თუთბერიძეს, რომელიც ამ არაორდინალურ ფორმაზე წამომყვა. ბოლომდე!" - წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.