ნიკოლ ბრამერის ცხოვრება თავდაყირა დადგა, როდესაც გაიგო, რომ მისი დედა, ილინ გოუანი, სასტიკად მოკლეს. კიდევ უფრო დიდი დარტყმა იყო იმის გაცნობიერება, რომ მკვლელი მისი შეყვარებულის, ჯასტინის მამა, ივან ბრამერი აღმოჩნდა. ეს ტრაგიკული ამბავი აშშ-ში, აიოვას შტატის ქალაქ კაუნსილ-ბლაფსში მოხდა, რამაც მთელი საზოგადოება შეძრა.
ტოქსიკური ურთიერთობა და გაუჩინარება
ილინ გოუანმა რომანტიკული ურთიერთობა 60 წლის ივან ბრამერთან დაიწყო. ნიკოლი თავიდან ბედნიერი იყო დედის გადაწყვეტილებით, რადგან ილინს წინა ურთიერთობებში არ გაუმართლა და ის ძალადობის მსხვერპლი იყო. თუმცა, მალევე შენიშნა, რომ ივანი ეჭვიანი, მოძალადე იყო. ის გამუდმებით აკონტროლებდა ილინს, ეკითხებოდა ვის ესაუბრებოდა, განსაკუთრებით კი, თუ ნასვამი იყო, აგრესიული ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის შემდეგ, ივანმა ილინის დახრჩობა სცადა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლმა დედას ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ილინმა მას აპატია და შეურიგდა, რადგან ქალი შეყვარებული იყო და მამაკაცს ვერ თმობდა.

2023 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს, ილინი მოულოდნელად გაუჩინარდა. ნიკოლმა მაშინვე ივანზე იეჭვა, რადგან მისი პასუხები არადამაჯერებელი იყო. მოგვიანებით, პოლიციამ დაადგინა, რომ ივანმა ილინის ანგარიშიდან 900 გირვანქა სტერლინგი მოიპარა.
მკვლელობის გამოძიება
ილინის გაუჩინარებიდან 12 დღის შემდეგ, მისი სხეული თხრილში იპოვეს. გვამი ძალიან იყო დაზიანებული, მაგრამ ილინის იდენტიფიცირება ერთი დეტალით მაინც მოხერხდა - მას ერთი მკერდი ჰქონდა მოკვეთილი, რაც წლების წინ გადატანილი კიბოს დიაგნოზის შედეგი იყო. პოლიციამ იპოვა ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ილინი ივანის მანქანით მოძრაობდა, ჯერ კიდევ ცოცხალი, შემდეგ კი უმოძრაოდ იჯდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სიკვდილის მიზეზი დახრჩობა გახდა.

ივან ბრამერს მეორე ხარისხის მკვლელობა, გვამის დამახინჯება და ქურდობა დაედო ბრალად. 2024 წლის იანვარში ის დამნაშავედ ცნეს და 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესზე ჯასტინმა მამამისის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ რცხვენოდა იმის, თუ როგორ მოიქცა მამამისი.
სიყვარული ტრაგედიის მიღმა
მძიმე ტრაგედიის მიუხედავად, ნიკოლის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე მოხდა. ის და ივანის შვილი, ჯასტინი, ჯერ კიდევ მანამ შეხვდნენ ერთმანეთს, სანამ ეს საშინელი ამბავი მოხდებოდა. ნიკოლის თქმით, ჯასტინი მამამისისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. ის გაოცებული და შეძრწუნებულია მამის საქციელით, რამაც მათ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარა.
სასამართლო პროცესის დასრულებიდან რვა თვის შემდეგ, ნიკოლი და ჯასტინი დაქორწინდნენ. მათი ქორწილის ცერემონია იმავე ადვოკატმა ჩაატარა, რომელიც ივანის წინააღმდეგ გამოსვლას ხელმძღვანელობდა. ნიკოლის თაიგულში, დედის საყვარელ ყვავილებთან ერთად, მისი ფოტოსურათიანი კულონიც იყო ჩადებული, რაც სიმბოლურად გამოხატავდა, რომ ილინი ამ მნიშვნელოვან დღეს მასთან ერთად იყო.

ნიკოლს სურს, რომ მისი დედის ამბავი გაკვეთილი გახდეს სხვა ქალებისთვის, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ და მოძალადე მამაკაცებს ეგუებიან. მისი თქმით, ქალებმა უნდა დააფასონ საკუთარი თავი, რათა ივანის მსგავსი "მონსტრები" ცხოვრებიდან სამუდამოდ გააძევონ.