მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც იმ ნავის რაკეტით განადგურებაა ასახული, რომელშიც 11 ადამიანი იმყოფებოდა. ტრამპის განცხადებით ნავით ნარკოტიკები გადაჰქონდათ და იერიშს სამი "ტერორისტი მამაკაცი" ემსხვერპლა.
ვიდეოში ჩანს პატარა ნავი, რომელიც მღელვარე ზღვის ტალღებზე მოძრაობს, შემდეგ მას აშშ-ს შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული რაკეტა ხვდება, ხდება მძლავრი აფეთქება და ნავი ცეცხლის ალში ეხვევა.


"გაფრთხილებული ხართ — თუ თქვენ გადაგაქვთ ნარკოტიკები, რომლებიც ამერიკელებს კლავს, ჩვენ გდევნით! ათწლეულების განმავლობაში ამ კარტელების უკანონო საქმიანობამ ამერიკულ საზოგადოებას განადგურება მოუტანა და მილიონობით მოქალაქე შეიწირა. ეს დასრულდა.“ - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპი-მადუროს მწვავე დაპირისპირება უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.

ტრამპი ვენესუელას პრეზიდენტს “აშშ-სა და დასავლეთის ნახევარსფეროში, მასობრივ მკვლელობაში, ნარკოტრაფიკში, სექსტრეფიკინგში, ძალადობასა და ტერორისტულ ქმედებებში ადანაშაულებს“ ვაშინგტონს მასზე 50 მილიონი დოლარის ჯილდოც აქვს დაწესებული.
ნიკოლას მადურო ამბობს რომ “ტრამპს არასოდეს მისცემს საშუალებას, ბომბებით, სიკვდილითა და შანტაჟით დაემუქროს.“
“ყველამ იცის, რომ ნარკოტიკებისა და ნარკოტრაფიკის ამბავი შეთქმულებაა. ეს არის საბაბი – მათ სურთ რეჟიმის შეცვლა, ქვეყნის სიმდიდრის დაპყრობა და ნავთობის მარაგებზე კონტროლის აღება,“ – განაცხადა მადურომ და მედიის წარმომადგენლებს "ვენესუელას დასაცავად 2.5 მილიონი სამხედროს მობილიზაციის შესახებ" ამცნო.