ავტორი:

რას წერდა შეყვარებულს, რა უთხრა მშობლებს მკვლელობის შემდეგ და რას ნიშნავს ტყვიაზე დატანილი ფრაზა"ბელა ჩაოდან" -  კირკის საქმის დეტალები

რას წერდა შეყვარებულს, რა უთხრა მშობლებს მკვლელობის შემდეგ და რას ნიშნავს  ტყვიაზე დატანილი ფრაზა"ბელა ჩაოდან" -  კირკის საქმის დეტალები

როგორც ცნობილია, კონსერვატიული აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს იუტას შტატში დაბადებულ, 22 წლის ტაილერ რობინსონს, რომელიც მკვლელობიდან 33-საათიანი ძებნის შემდეგ, 12 სექტემბერს დააკავეს.

  • რა დეტალები გაასაჯაროვა საქმის პროკურორმა?

სამშაბათს იუტას შტატის პროკურორმა ჯეფ გრეიმ გამართა პრესკონფერენცია და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რობინსონი დაპატიმრებამდე დედამ ამოიცნო არა მამამ, როგორც ადრე ითქვა. ტელევიზიით ფოტოების ნახვის შემდეგ, მან შვილს ტელეფონით დაურეკა, რა დროსაც ტაილერმა უპასუხა, რომ შინ იყო და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს კარგად ვერ გრძნობდა. ქალმა საკუთარი ეჭვები ქმარს გაუზიარა, ისიც დაეთანხმა, რომ ფოტოზე გამოსახული ძებნილი კაცი ძალიან ჰგავდა მათ შვილს.

ამავე დროს, რობინსონის მამამ, როცა კამერებით გადაღებულ ფოტოზე თოფი დაინახა, დაასკვნა, რომ იგი ჰგავდა იმ იარაღს, რომელიც ტაილერს ბაბუამ აჩუქა. მან შვილს გაუგზავნა შეტყობინება თოფის ფოტოს გადაღების თხოვნით, მაგრამ რობინსონმა არ უპასუხა. შემდეგ მამამ დაურეკა და დაარწმუნა, სახლში, მშობლებთან მისულიყო. უკვე სახლში რობინსონმა მიანიშნა, რომ სწორედ მან ესროლა კირკს და თქვა, რომ მას სიკვდილი სურდა, რათა არ მოხვედრილიყო ციხეში.

პროკურორის თქმით, რობინსონის დედამ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მისი შვილი უფრო პოლიტიზებული გახდა და მემარცხენეობისკენ იხრებოდა გეებისა და ტრანსგენდერების უფლებების საკითხებში, რადგან მან დაიწყო შეხვედრა ადამიანთან, რომელიც იმ მომენტში ტრანსგენდერულ გარდასახვას გადიოდა.

სახლი, სადაც ტაილერ რობინსონი პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა

გრეიმ ჟურნალისტებს წაუკითხა სავარაუდო მიმოწერა რობინსონსა და მის რომანტიკულ პარტნიორს შორის, რომელშიც სთხოვდა, კლავიატურის ქვეშ წერილი მოეძებნა.

"მან მართლაც ნახა კლავიატურის ქვეშ წერილი, რომელშიც ეწერა: "ჩემს ხელშია შესაძლებლობა, მოვიშორო ჩარლი კირკი და ვაპირებ ამ შესაძლებლობით ვისარგებლო", - თქვა გრეიმ. პროკურორის თქმით, მეგობარმა საპასუხოდ მიწერა: "ეს ხომ ხუმრობაა?“

შეტყობინებებში რობინსონი ასევე აღწერდა, როგორ ცდილობდა პოლიციისგან დამალვას და გადასცემდა ცნობებს თავისი გადაადგილების შესახებ. ერთ მომენტში მან თითქოს დაწერა კირკზე: "მეყო მისი სიძულვილი. ყველა სიძულვილს ვერ აღმოფხვრი მოლაპარაკებით".

გრეის თქმით, რობინსონი და მისი პარტნიორი ასევე საუბრობდნენ მის გეგმებზე კირკის მკვლელობის შემდეგ ქალაქის დატოვების შესახებ, ასევე თოფის დაკარგვაზე და იმაზე, როგორ მოუწევდა ეს მამამისისთვის აეხსნა. მოგვიანებით რობინსონმა განუცხადა, რომ დანებდებოდა და სთხოვა მეგობარს, არ ესაუბრა მედიასთან და მოეძებნა ადვოკატი.

ადრე ითქვა, რომ მამამ დაარწმუნა ტაილერი პოლიციას დანებებოდა, მაგრამ გრეი აცხადებს, რომ ეს გააკეთა ოჯახის მეგობარმა, პენსიაზე გასულმა პოლიციელმა.

პროკურატურამ რობინსონს წაუყენეს ბრალდება: მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. ამას ასევე დაემატა ორი მუხლი: მოწმეებზე ზეწოლა და ძალადობა ბავშვის თანდასწრებით. პროკურორის თქმით, კირკის მკვლელი ტყვია ბავშვების გვერდით ჩაფრინდა.

მოწმეებზე ზეწოლად კვალიფიცირდა თხოვნა ოთახის მეგობრისადმი, რომ წაეშალა ტექსტური შეტყობინებები და არ ესაუბრა პოლიციას დაკითხვის შემთხვევაში. შედეგად ბრალდებების საერთო რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. პროკურორი აპირებს სიკვდილით დასჯის მოთხოვნას.

იმავე დღეს რობინსონი პირველად წარსდგა დისტანციური ჩართვით წინასასამართლო სხდომაზე და მოისმინა მოსამართლის მიერ წაკითხული ბრალდებები, ასევე პროკურორის განცხადება, რომ ბრალდების მხარე მოითხოვს სიკვდილით დასჯას.

შემდეგი სასამართლო სხდომა 29 სექტემბერს არის დანიშნული.

  • 1976 წლიდან იუტაში შვიდი მსჯავრდადებული დასაჯეს სიკვდილით. განაჩენი სრულდება დახვრეტით, რაც აშშ-ში შედარებით იშვიათი მეთოდია.

ჟურნალისტების კითხვაზე, იცოდა თუ არა ვინმემ რობინსონის გეგმების შესახებ წინასწარ, გრეიმ თქვა, რომ "მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა დამატებით ეჭვმიტანილებზე ინფორმაცია ამჟამად არ გვაქვს“.

მან ასევე განაცხადა, რომ საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, ჯორჯ ზინი, რომელსაც წაუყენეს ბრალდება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში. ხელისუფლებას არ აქვს მონაცემები, რომ ის რობინსონთან ერთად მოქმედებდა.

თუმცა მან ნახა სროლა და ყალბად აიღო პასუხისმგებლობა, რათა ხელი შეეშალა მსროლელის ძებნაში.

იუტას შტატის სასამართლოში წარდგენილი ანგარიშის თანახმად, რობინსონს არ ჰქონდა ნასამართლობა და წარსულში არ ჩაუდენია ძალადობრივი დანაშაული.

BBC-მ გააანალიზა ღია წყაროებში არსებული დოკუმენტები, რომლებითაც ირკვევა, რომ წარსულში რობინსონი იუტაში იყო რეგისტრირებული, როგორც დამოუკიდებელი, ანუ უპარტიო ამომრჩეველი. მისი მშობლები, მეთიუ კარლ და ემბერ დენიზ რობინსონები, შტატის ჩანაწერებით რეგისტრირებულები არიან, როგორც რესპუბლიკელები.

მეზობლები, რომლებიც რობინსონების ოჯახთან ახლოს ცხოვრობდნენ ქალაქ ვაშინგტონში (იუტა), BBC-სთან ამბობდნენ, რომ მათ კარგი რეპუტაცია ჰქონდათ.

ერთმა მეზობელმა, რომელმაც BBC-ს სთხოვა ანონიმურობა, მისი მშობლები "გასაოცარ და შრომისმოყვარე ადამიანებად“ მოიხსენია.

ტაილერ რობინსონს, რომელსაც ბინა ჰქონდა მეზობელ ქალაქ სენტ-ჯორჯში, სადაც შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა. ის არ ყოფილა იმ უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც სროლა მოხდა.

იუტას უმაღლესი განათლების საბჭოს ცნობით, ტაილერ ჯეიმს რობინსონი იყო მესამე კურსის სტუდენტი Dixie Technical College-ში, სადაც სწავლობდა ელექტროტექნიკას.

"მან ასევე 2021 წელს, ერთი სემესტრი ისწავლა იუტას შტატის უნივერსიტეტში და კრედიტი მიიღო პარალელური სწავლებისთვის, როცა საშუალო სკოლის მოსწავლე იყო 2019-დან 2021 წლამდე", - განაცხადეს საგანმანათლებლო უწყებაში.

სოციალური ქსელების მონაცემებით, რობინსონის მამა მუშაობს სამზარეულოს ზედაპირებისა და კარადების დამონტაჟებაზე, დედა კი სოციალური მუშაკია. ოჯახი მორმონებია, მშობლები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი ეკლესიის ცხოვრებაში.

  • გრავირებული ჰილზები

გამოძიების თანახმად, რობინსონი კარგად იცნობდა ინტერნეტ-კულტურას, რაზეც მიუთითებს წარწერები ტყვიის ჰილზებზე, რაც, სავარაუდოდ კირკისთვის სროლას უკავშირდებოდა. გრეიმ თქვა, რომ პარტნიორთან მიმოწერაში რობინსონმა თითქოს დაწერა, რომ გრავირებები ჰილზებზე "უმეტესწილად დიდი მემია“.

ორ ჰილზზე ჩანს აშკარა მინიშნებები ინტერნეტ-ტროლინგის სპეციფიკურ იუმორზე.

სხვა ჰილზებზე არსებული წარწერები შეიძლება განიმარტოს, როგორც სიმპათია "Antifa“-სადმი - ანტიფაშისტური მოძრაობისადმი, რომელიც უკიდურესად მემარცხენე აქტივისტებისა არაოფიციალური გაერთიანებაა აშშ-ში. ისინი ბოლო ათწლეულში აქტიურად მოქმედებენ და ხშირად ატარებენ დემონსტრაციებს ტრამპის პოლიტიკისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების წინააღმდეგ.

ერთ გაუსროლელ ჰილზზე ეწერა "ჰეი, ფაშისტო! დაიჭირე!“ და ასევ გამოსახული იყო ისრები, ერთი - ზემოთ, ერთი - მარჯვნივ და სამი - ქვემოთ.

სამი ისარი ქვემოთ არის საკმაოდ გავრცელებული სიმბოლო ანტიფაშისტურ მოძრაობაში. თუმცა მთლიანობაში ისრები შეიძლება უკავშირდებოდეს პოპულარული ვიდეოთამაშის "სამმართველო" ბრძანებებს. ზუსტი მნიშვნელობა ჯერ გაურკვეველია და ხელისუფლებას ჰილზების სურათები ჯერ არ გამოაქვეყნა.

კიდევ ერთ ჰილზზე იყო ამოტვიფრული სტრიქონი სიმღერიდან Bella Ciao - ის მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი, იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების სიმღერად მიიჩნევა.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რობინსონი, როგორც ჩანს, ბევრ დროს ატარებდა Discord-ის პლატფორმაზე, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო გეიმერებისთვის, მაგრამ ახლა უფრო ფართო პოპულარობას იძენს.

გამოძიების მასალების თანახმად, პოლიციამ დაკითხა ადამიანი, რომელიც რობინსონთან ერთად ცხოვრობდა და მან მათ აჩვენა Discord-ზე დატოვებული შეტყობინებები მომხმარებლის სახელით "ტაილერ“.

პოლიციის განცხადებით, შეტყობინებებში საუბარი იყო იმაზე, რომ "უნდა აიღო თოფი სამალავიდან და დატოვო ბუჩქებში“. სხვა შეტყობინებები შეეხებოდა "ტყვიებზე გრავირებას და იმას, რომ თოფი უნიკალური იარაღია“.

შემდეგ Discord-მა განაცხადა, რომ ეს ანგარიში დაბლოკეს. "ჩვენ წავშალეთ ეჭვმიტანილის ანგარიში ჩვენი პოლიტიკის დარღვევის გამო პლატფორმის გარეთ ქცევის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

მკვლელობის მოტივების გამოძიება გრძელდება.

ოფიციალური პირები ჩარლის კირკის სიკვდილს ამერიკის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მკვლელობად მოიხსენიებენ.

იხილეთ ასევე: