ავტორი:

რას ამბობდა ამერიკული კინოს საკულტო ვარსკვლავი საქართველოზე - მოგონებები ჩვენს ქვეყანაში რობერტ რედფორდის 3-დღიან მოგზაურობაზე და საარქივო ინტერვიუ (ვიდეო)

რას ამბობდა ამერიკული კინოს საკულტო ვარსკვლავი საქართველოზე - მოგონებები ჩვენს ქვეყანაში რობერტ რედფორდის 3-დღიან მოგზაურობაზე და საარქივო ინტერვიუ (ვიდეო)

ლეგენდარულმა მსახიობმა, ჰელენ მირენმა ერთხელ თქვა: "რობერტ რედფორდი არ არის უბრალოდ ვარსკვლავი, მსახიობი. ის ამბის მთხრობელია ყველაზე ნამდვილ ფორმით. როცა მასთან მუშაობ, ხვდები, რომ ის გაცილებით მეტს გთავაზობს, ვიდრე რეჟისორების უმეტესობა. ის ყოველთვის ჩარჩოს მიღმა ფიქრობს“.

მსახიობი, რეჟისორი, საკულტო პიროვნება დამოუკიდებელ კინოში, რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის იმ კატეგორიის ადამიანებს განეკუთვნებოდა, რომელთაც ყველაფერი შეუძლია. კარიერა ტელევიზიასა და სცენაზე დაიწყო. 60-იანების ბოლოს ამერიკულ კინოში დიდი ცვლილებები მიმდინარეობდა. სტუდიებს აღარ ჰქონდა მკაცრი გეგმა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო კინო. ამით ისარგებლეს რეჟისორებისა და მსახიობების ახალმა თაობამ, რომლებმაც შეცვალეს ამერიკული კინოს ფორმა. მათ მოძრაობას New Hollywood ეწოდა. ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი, თუ არა უმთავრესი ნაწილი რობერტ რედფორდი იყო. 1969 წლის ფილმი "Butch Cassidy and Sundance Kid" კინოს აბსოლუტური გარღვევა იყო. ამერიკელ მაყურებელს მსგავსი ფილმი არ ენახა. დაირღვა ყველანაირი კინოს წესი, რომლებიც სტუდიების მიერ იყო შექმნილი და შემდეგი 70-იანი წლები საავტორო კინოს ათწლეულად იქცა. რედფორდმა სახელი გაითქვა და პოპულორობა მოიპოვა ფილმებით, როგორებიცაა "The Sting" (1973), "he Great Gatsby" (1974), "Three Days of the Condor" (1975). "All The President’s Men" (1976) და ა.შ.

მარტინ სკორსეზე ასე აღწერდა რედფორდს, როგორც მსახიობს:

"რობერტ რედფორს აქვს უნარი შეასრულოს მთავარი როლი, ისე, რომ არ იყოს ტრადიციული ვარსკვლავი. ის რაღაც სიღრმეს აძლევს თავის როლებს. მას ერთი გამოხედვით შეუძლია მეტის თქმა, ვიდრე სხვა მსახიობებს ერთგვერდიანი დიალოგით“.

1980-იანებში მისი სარეჟისორო კარიერა დაიწყო ფილმით, "Ordinary People", რომელმაც რედფორდს საუკეთესო რეჟისორის წოდება მოუტანა, თუმცა ყველაზე დიდი რედფორდს არც მსახიობობით და არც რეჟისორობით გაუკეთებია. მან 1981-ში დააარსა "სანდენსის ინსტიტუტი“, ორგანიზაცია, რომელმაც, ფაქტობრივად, მარტოდ-მარტომ გადაარჩინა დამოუკიდებელი ამერიკული კინო, რომელიც 80-იანებში კვდებოდა. რედფორდმა მისცა პლატფორმა უცნაურ, ექსპერიმენტულ და საავტორო ფილმებს. ის დამოუკიდებელი კინოს მნიშვნელობას ხაზს უსვამდა, რომ მათ შეუძლია ისეთი თემებზე შეხება, რომლებიც მეინსტრიმულ კინოში არ გვხვდება. რედფორდი ამბობდა, თუ როგორ მნიშვნელოვანი იყო ხელოვნების კომერციული წარმატების ჩარჩოს გარეთ არსებობა.

"სანდენსის კინოს ფესტივალი“ თანამედროვე საავტორო კინოს მექად იქცა. ფესტივალმა პლატფორმა მისცა ისეთ რეჟისორებს, როგორებიც არიან: ძმები კოენები, ჯიმ ჯარმუში, სტივენ სოდერბერგი, ტოდ ჰეინსი, რობერტ როდრიგესი, დემიენ შაზელი და სხვები.

რედფორდი საკულტო პიროვნებაა ამერიკაში. ის წარმოადგენდა ე.წ ამერიკულ იდეალს - თავდაჭერილი, პრინციპული, ამავდროულად, ღრმად ემოციური. ის წარმოადგენდა ამერიკული გმირს, რომელიც ყოველთვის სამართლისთვისა და ავტორიტეტების წინააღმდეგ იბრძოდა.

  • რედფორდი საქართველოში

1988 წელს ოსკაროსანი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი რობერტ რედფორდი საქართველოს სტუმრობდა. როგორ გაატარა სამი დღე თბილისში და რა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად? - ამ თემაზე აწ გარდაცვლილმა, დიდმა ქართველმა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ 2019 წელს "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. სწორედ ის გახლდა რობერტ რედფორდის მასპინძელი. გთავაზობთ ნაწყვეტებს მასალიდან:

ელდარ შენგელაია:

- რობერტ რედფორდი ჩემი პირადი სტუმარი იყო. თავისი მეგობრის, ბიზნესმენ ჯორჯ გარდის თვითმფრინავით ოჯახთან ერთად ჩამოფრინდა. როგორც კი გვესტუმრა, სუხიშვილების კონცერტზე წავიყვანე, ოჯახი კი სასტუმროში დარჩა. დარბაზი იმდენად დიდი ოვაციით შეხვდა, გაოგნდა, რომ აქ იცნობდნენ. დავსხედით ლოჟაში, დაიწყო კონცერტი და გაგიჟდა ქართულ ცეკვაზე, სასწრაფოდ თარჯიმანს სთხოვა, ჩემი ოჯახიც მოიყვანეთ, ეს აუცილებლად უნდა ნახონო. კონცერტის შემდეგ ნინო რამიშვილს სულ ხელები დაუკოცნა. ეს იყო მისი პირველი შთაბეჭდილება საქართველოზე.

  • რედფორდი დეზერტირების ბაზარში

მოვიარეთ ძველი თბილისი. თონეში პურის ჩაკვრას რომ უყურა, მთხოვა, მეც ჩავაკრავო, ჩააკრა და კინაღამ ჩახტა თონეში, ხელი ვტაცე და დავიჭირე. დეზერტირების ბაზარში მოინდომა გასეირნება ქართული სუნელების საყიდლად, ძალიან მოსწონდა მათი გემო. თვითონაც კარგად ერკვეოდა, იუტის შტატში ცხოვრობდა და იქ ჰქონდა თავისი მეურნეობა. წავიყვანე, რა თქმა უნდა, იცნეს და ფული არ გამოართვეს, გადაირია, რატომ არ მართმევენო? ავუხსენი, რომ ეს პატივისცემის ნიშანი იყო. წაიკითხეთ საარქივო სტატია სრულად

მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა