თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებს. ამისთვის კი მას 20 დღიანი ვადა განესაზღვრა.
აღნიშნულით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა მარიამ წულაიამ სხდომაზე განაცხადა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ბრალდებული არაერთხელ არის ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. პროკურორის თქმით, ეს ყველაფერი ბრალდების მხარეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ის მიდრეკილია აღნიშნული დანაშაულის ჩადენისკენ. ამასთან, მისივე თქმით, არსებობს ხოშტარიას მხრიდან მიმალვის და სასამართლოში გამოუცხადებლობის საფრთხე.
პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ვინაიდან ხოშტარიამ სასამართლოში გამოცხადებაზე და საადვოკატო მომსახურებაზე უარი განაცხადა, მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა, თუმცა როგორც სასამართლო პროცესზე თავად საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ განაცხადა, ელენე ხოშტარიამ უარი საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებაზეც განაცხადა. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე ხოშტარიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და შესაბამისად, ბრალდებულის პოზიცია მისთვის უცნობია.
როგორც ბენიამ განმარტა, ვინაიდან მას საქმის მასალები გადაეცა, აქედან გამომდინარე ამბობს, რომ არ არსებობს ელენე ხოშტარიას დაკავების არანაირი საფუძველი და შესაბამისად, არ არსებობს არანაირი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველიც.
ირაკლი ბენიას თქმით, ბრალდებულის დაკავების არანაირი საფუძველი და აუცილებლობა არ არსებობდა, შესაბამისად, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ელენე ხოშტარია არის მოქმედი პოლიტიკოსი, შესაბამისად, მისი მხრიდან მტკიცებულების განადგურების საფუძველი არ არსებობს.
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ზაჰესის იზოლატორიდან გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.
"დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვნელობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება.
გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილსა და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა ისევე, როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ, პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით. გავიმარჯვებთ სახელოვნად! ბოლომდე!
P.S. ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას“, - ნათქვამია ელენე ხოშტარიას მიერ იზოლატორიდან გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა "რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.