დონალდ ტრამპი, როგორც აშშ - ს პრეზიდენტი, დიდ ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. პრეზიდენტთან ერთად ჩაფრინდა ათობით თანამშრომელიც, რომლებიც მის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ტრამპმა ასევე თან ჩაიტანა ის სატრანსპორტო საშუალებებიც, რომლითაც ვიზიტის დროს გადაადგილდება.
ბრიტანეთში ვიზიტისას აშშ - ს პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მილიონობით დოლარი ჯდება და ამერიკის საიდუმლო სამსახურის გარდა ამ პროცესში ათასობით ბრიტანელი პოლიციელია ჩართული. 2019 წლის ივნისში ტრამპის პირველი სახელმწიფო ვიზიტის დროს მხოლოდ ლონდონში 6000-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული, რაც ბრიტანეთის ბიუჯეტს 4,64 მილიონი დოლარი დაუჯდა.
საიდუმლო სამსახურის ექსპერტი რონალდ კესლერი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვიზიტისთვის მზადება “მრავალი კვირით ადრე“ იწყება, მომზადების ეტაპი ადგილობრივ პოლიციასთან მოლაპარაკებებსა და შესაძლო საფრთხეების განსაზღვრას მოიცავს.

დაახლოებით 60 საიდუმლო სამსახურის აგენტი უშუალოდ პრეზიდენტს იცავს, ხოლო ადგილობრივი პოლიცია კორდონებს აყენებს, მოძრაობას ბლოკავს და აშშ-ის ლიდერის ვიზიტის დროს საჰაერო სივრცეს აკონტროლებს.
უსაფრთხოების სამსახურისა და მომსახურე პერსონალი ასეულობით თანამშრომლისგან შედგება.

ტრამპი, რომელსაც მოგზაურობისას თან მეუღლე, მელანია ახლავს, დიდ ბრიტანეთში Boeing 747-200B თვითმფრინავით ჩაფრინდა, რომელიც უფრო Air Force One („ბორტი №1“) სახელითაა ცნობილი.


სინამდვილეში Air Force One კონკრეტული თვითმფრინავის სახელწოდებას არ წარმოადგენს — ასე ეძახიან ნებისმიერ თვითმფრინავს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი გადაადგილდება.
მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად Air Force One კომერციულ ავიალაინერს ჰგავს, სინამდვილეში ის უფრო სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავს წარმოადგენს — სპეციალური ელექტრონული მოწყობილობებითა და საკუთარი თავდაცვითი სისტემებით.
"ბორტი №1"-ს საჰაერო თავდასხმების მოგერიება, მტრის რადარების ჩახშობა და სითბური დამიზნების მქონე რაკეტებისგან თავის ასარიდებლად თბური სატყუარების გაშვება შეუძლია.
თვითმფრინავს ასევე ფრენის დროს საწვავის შევსებაც შეუძლია, რაც მას საშუალებას აძლევს ჰაერში განუსაზღვრელი დროით დარჩეს, ეს კი საგანგებო სიტუაციების პირობებში გადამწყვეტი ფაქტორია.
საპრეზიდენტო თვითმფრინავი სამი სართულისგან შედგება, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 370 კვადრატული მეტრია, პრეზიდენტისა და მისი თანმხლების განკარგულებაშია: პრეზიდენტის ნომერი კაბინეტითა და სპორტდარბაზით, სამედიცინო პუნქტი საოპერაციო მაგიდით, სპეციალური ზონები ჟურნალისტებისთვის, VIP-პერსონებისთვის, დაცვისა და მდივნებისთვის.
მგზავრობა "მხეცით"
დაფრენის შემდეგ ტრამპი გადაადგილებისთვის Cadillac One-ს, სპეციალურად პრეზიდენტისთვის შემუშავებულ ლიმუზინს იყენებს, რომელსაც მეტსახელად "მხეცი" ჰქვია.
პრეზიდენტის ორი იდენტური ლიმუზინი და საიდუმლო სამსახურისთვის განკუთვნილი რამდენიმე სხვა ავტომობილი , სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებით დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ ტრამპის ჩაფრენამდე ჩაიტანეს.

ხშირად პრეზიდენტი ერთ "მხეცში" ზის, მეორე კი, როგორც ცრუ სამიზნე, პარალელურად მისდევს , მასაც იგივე ვაშინგტონის ნომერი აქვს — 800-002.
ლიმუზინის ზუსტი მახასიათებლები საიდუმლო სამსახურისა და General Motors-ის ინჟინრების მიერ არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია რომ ავტომანქანას დაჯავშნილი კორპუსი და ტყვიაგაუმტარი შუშები გააჩნია, რის გამოც ლიმუზინის წონა თითქმის 9 ტონას შეადგენს. "მხეცი" ცრემლსადენი გაზის ყუმბარმტყორცნით, ღამის ხედვის კამერებითა და ჩაშენებული სატელიტური ტელეფონით არის აღჭურვილი.


უახლეს მოდელებში ჟანგბადის სისტემა და მაცივარია ჩადგმული, სადაც საგანგებო შემთხვევისთვის პრეზიდენტის სისხლის ჯგუფის შესაბამისი სისხლი ინახება .
“მხეცი“ საპრეზიდენტო კორტეჟის ნაწილია, რომელიც ათზე მეტ მანქანას შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის საპატრულო პოლიციას, დაცვისა და თავდასხმის ჯგუფებს, სპეციალურ, კავშირგაბმულობისთვის განკუთვნილ დაჯავშნილ ჯიპს, მედპერსონალსა და ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ მანქანებს.
კესლერის თქმით, უბრალო დამკვირვებლებსა და შესაძლო თავდამსხმელებს ძალიან გაუჭირდებათ იმის დადგენა, თუ ზუსტად რომელ მანქანაში ზის პრეზიდენტი. აგენტები საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მიწისქვეშა გადასასვლელში ტრამპი ერთ მანქანიდან მეორეში გადაიყვანონ.
საჰაერო კორტეჟი
მოსალოდნელია რომ ბრიტანეთში ვიზიტის დროს ტრამპი უმეტეს ნაწილად მაინც ჰაერით გადაადგილდება.
ამის გამო შეიძლება აშშ-ს პრეზიდენტმა თან ვერტმფრენების მთელი პარკი ჩაიყვანა, მათ შორის Marine One — ასე ეწოდება აშშ-ის საზღვაო ქვეითების კორპუსის ნებისმიერ ვერტმფრენს, რომელსაც პრეზიდენტს გადაჰყავს.

ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ გამოყენებული იქნება Sikorsky VH-3D Sea King, რომელიც უინძორის ცაზე გასულ კვირას შეამჩნიეს.
ვერტმფრენები რაკეტსაწინააღმდეგო და რადიოელექტრონული თავდაცვითი სისტემებით არის აღჭურვილი, სპეციალურად შემუშავებული ელექტრო მოწყობილობები კი ბირთვული აფეთქების ელექტრომაგნიტურ იმპულსსაც უძლებს.

უსაფრთხოების მიზნით Marine One ხშირად რამდენიმე იდენტურ ვერტმფრენთან ერთად მიფრინავს, რომლებიც ცრუ სამიზნეების როლს ასრულებენ, საჰაერო კორტეჟს ჩვეულებრივ ორი ან სამი ვერტიკალური აფრენის Osprey MV-22- ჰიბრიდული თვითმფრინავი აცილებს, რომლებსაც როგორ წესი სპეცრაზმის წევრები და საიდუმლო აგენტები გადაჰყავთ.

ტრამპის ვიზიტის დროს უინძორის ციხესიმაგრის თავზე და მის გარშემო ნებისმიერი საფრენი აპარატის, მათ შორის დრონების, ფრენა მკაცრად შეიზღუდება, საჰაერო სივრცეში წესრიგს კი ეროვნული პოლიცია უზრუნველყოფს.