ავტორი:

კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლას გამარჯვებით იწყებს - პარიზელებმა "ატალანტა" გაანადგურეს

კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლას გამარჯვებით იწყებს - პარიზელებმა "ატალანტა" გაანადგურეს

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ-მ იტალიურ "ატალანტას" უმასპინძლა და მატჩი მოიგო, ანგარიშით 4:0.

"პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემდეგი შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:

შევალიე, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, კვარაცხელია, მეილიუ, ბარკოლა.

საბედნიეროდ ხვიჩას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ის პარიზული გუნდის მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა. ტრავმების გამო მატჩის გამოტოვება მოუხდათ დუესა და დემბელეს, თუმცა ეს დიდად არ დასტყობია პსჟ-ს თამაშს.

პირველ ტაიმში მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით შეუტიეს და პარიზელები კაპიტანამ მარკინიოსმა დააწინაურა. შემდეგ შესანიშნავი შანსები მენდეშმა და ბარკოლამ ვერ გამოიყენეს, ჰაკიმის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბარკოლას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

39-ე წუთზე კი კარნეზეკის კარი შორიდან "კვარამ“ დალაშქრა. მან "ატალანტას" კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა, თუმცა ამჯერად არა სერია ა-ს, არამედ ჩემპიონთა ლიგის მატჩში

პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმიც პარიზელთა აქტიურობით დაწყო და შედეგად უკვე 51-ე წუთზე ნუნო მენდეშმა ანგარიში 3:0 -მდე გაზარდა.

ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მეორე ტაიმშიც აქტიური იყო და არაერტხელ გაამწვავა თამაში. ის ლუის ენრიკემ 74-ე წუთზე შეცვალა.

დამატებით 91-ე წუთზე კი, იტალიელი მცველების შეცდომით ისარგებლა გონსალო რამოშმა და "ატალანტას" კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა.