ავტორი:

გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ქვრივი აცხადებს, რომ მისი ქმარი 2024 წელს ციხეში მოწამლეს - რა დეტალებზე საუბრობს იულია ნავალნაია

გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ქვრივი აცხადებს, რომ მისი ქმარი 2024 წელს ციხეში მოწამლეს - რა დეტალებზე საუბრობს იულია ნავალნაია

რუსი ოპოზიციონერის, გარდაცვლილ ალექსეი ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაიას მტკიცებით, საიდუმლოდ მოპოვებული ლაბორატორიული ტესტები ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს მაშინაც როცა ის ციმბირის საპატიმროში იმყოფებოდა.

ნავალნაიას თქმით, კვლევა ორმა სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ ჩაატარა და ორივე ერთ დასკვნამდე მივიდა. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციის დროს თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

  • ნავალნი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი, 2024 წლის თებერვალში, 47 წლის ასაკში ციმბირის საპატიმროში გარდაიცვალა. ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, ის სეირნობისას გახდა ცუდად და გონება დაკარგა.

ალექსი ნავალნის გარდაცვალებაზე მისი ქვრივი პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებს, კრემლი კი საქმესთან კავშირს უარყოფს.

"წელიწად ნახევრის წინ მე ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ალექსეის მკვლელობა გამომეძიებინა", - ამბობს იულია ნავალნაია ვიდეოში, რომელიც მან X-ზე გამოაქვეყნა. როგორც ის აღნიშნავს, ნავალნის სავარაუდო მკვლელებმა "ფრთხილად იმუშავეს“, რათა კვალი წაეშალათ, მაგრამ ბიოლოგიური ნიმუშები მაინც იქნა მოპოვებული და საზღვარგარეთ გაგზავნილი.

"მინიმუმ ორმა სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაატარეს ბიოლოგიური მასალის კვლევა და ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდნენ. ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს. ალექსეი ჩემი მეუღლე და მეგობარი იყო. ის ჩვენი ქვეყნის იმედის სიმბოლო იყო. პუტინმა მოკლა ეს იმედი“, - თქვა ნავალნაიამ.

  • 2020 წელს ალექსეი ნავალნი ე.წ ნერვული აგენტით, აკრძალული ქიმიური იარაღით, სახელად "ნოვიჩოკი“, მოწამლეს. ნავალნი გადაურჩა სიკვდილს, გერმანიაში იმკურნალა, სრული რეაბილიტაცია გაიარა და 2021-ში რუსეთში დაბრუნდა სადაც დააკავეს.

ნავალნიმ სიცოცხლის ბოლო კვირები ციმბირის საპატიმროში გაატარა, სადაც, მისი თქმით, სითბოსთვის გაზეთების ქვეშ ეძინა.

ნავალნის ოჯახს მისი ცხედრის ნახვის საშუალებას რამდენიმე დღე არ აძლევდნენ, რამაც მის მხარდამჭერებში გაზარდა ეჭვი, რომ ის მოკლეს.

  • მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა