ავტორი:

"თალიბანი" ავღანეთის ნაწილში ინტერნეტს კრძალავს - მიზეზი "ამორალური აქტივობების პრევენციაა"

"თალიბანი" ავღანეთის ნაწილში ინტერნეტს კრძალავს - მიზეზი "ამორალური აქტივობების პრევენციაა"

"თალიბანი" ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ინტერნეტს კრძალავს. მიზეზი "ამორალური აქტივობების პრევენციაა". მას შემდეგ, რაც "თალიბანი" ავღანეთის მმართველი ძალა გახდა, ეს ინტერნეტთან დაკავშირებული პირველი შეზღუდვაა, თუმცა ზოგადად, მათ არაერთი სხვა შეზღუდვა შემოიღეს, მათ შორის, გოგონებს აუკრძალეს სკოლის მაღალ კლასებში სიარული, ქალებს კი სხვადასხვა სფეროში დასაქმება. აკრძალვების ნუსხა დიდია.

  • ინტერნეტის აკრძალვა შეეხება ავღანეთის 5 პროვინციას. ესენია კუნდუზი, ბადახსჰანი, ბაღლანი, ტახარი და ბალხი.

აიკრძალება საკაბელო ინტერნეტის მიწოდება, ხოლო მობილური ინტერნეტის გამოყენება კვლავ ნებადართული რჩება.

"ეს გადაწყვეტილება ამორალური აქტივობების პრევენციისთვის მივიღეთ", - აღნიშნულია "თალიბანის" განცხადებაში. საკაბელო ინტერნეტის გამორთვა ოფისებს, სახლებსა და ბიზნესებს ინტერნეტის კავშირის გარეშე ტოვებს.

  • აშშ-ის ყოფილი ელჩი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი აკრძალვას აბსურდულს უწოდებს.

"თუ მართლა პორნოგრაფიაა პრობლემა, მათ შეუძლიათ მისი გაფილტვრა, ისე როგორც ამას სხვა ისლამური სახელმწიფოების აკეთებენ", - ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ "თალიბანმა" გასულ წელს დააწესა შეზღუდვა, რომელიც ქალებს სახეების დაფარვას, კაცებს კი წვერის გაზრდას ავალდებულებს. ასევე მძღოლებს ავტომობილში მუსიკის ჩართვას უკრძალავს.

მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა