ავტორი:

დონალდ ტრამპი "ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციას აცხადებს

დონალდ ტრამპი "ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციას აცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რადიკალური მემარცხენე, ანტი-ფაშისტური მოძრაობის, "ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება სურს, თუმცა უცნობია, რა მექანიზმით შეძლებს ტრამპი ამას.

"ანტიფას“ არ აქვს ცენტრალიზებული სტრუქტურა და არ ჰყავს კონკრეტული ლიდერები.

  • "შემიძლია დიდი სიამოვნებით განვუცხადო ჩვენს ამერიკელ პატრიოტებს, რომ "ანტიფას“, ავადმყოფ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე საშინელებას, ვაცხადებ სერიოზულ ტერორისტულ ორგანიზაციად. ასევე "ანტიფას“ დაფინანსების წყაროების გამოძიებას გავუწევ რეკომენდაციას", - წერს დონალდ ტრამპი.

ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც დაიფიცა, რომ "ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებდა. მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა, "ანტიფას“ აქტივობებს "შიდა ტერორიზმი“ უწოდა.

ანტი-ფაშისტები, შემოკლებით "ანტიფა“, არ არის სტრუქტურირებული ჯგუფი. ის უფრო საზოგადოებრივი მოძრაობაა. სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჯგუფისთვის მატერიალური დახმარების გაწევა არალეგალურია, თუმცა "ანტიფასნაირი“ ჯგუფის შემთხვევაში ანალოგიური კანონი არ არსებობს.

ტერმინი "ანტიფა“ გამოიყენება ხალხის ფართო ჯგუფის აღსანიშნად, რომელთაც რადიკალური მემარცხენე პოლიტიკური იდეები აქვთ. ჯგუფს არ ჰყავს ოფიციალური ლიდერი, არ აქვს ოფისი, თუმცა ამერიკის ზოგიერთ შტატში ჯგუფის წევრები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს.

მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა