2022 წელს „ბიბლუსმა“ ახალი ბიზნეს მოდელის განვითარება დაიწყო: ფრენშაიზის გაყიდვით მან ფიზიკურ პირებსა და მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, 17 წლის განმავლობაში შექმნილი დადებითი რეპუტაციითა და მომხმარებელთა ნდობით ისარგებლონ და წარმატებული ბიზნესსაქმიანობა დაიწყონ. ფრენშაიზ მაღაზიის გახსნის მსურველებს „ბიბლუსი“ სთავაზობს სრულ მხარდაჭერას, რაც მოიცავს როგორც ბაზრის კვლევას, ისე მენეჯმენტსა და ლოგისტიკას.
ფრენშაიზის გაყიდვა უკვე დროში გამოცდილი პრაქტიკაა, რომელსაც მსხვილი კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავენ. აღნიშნულ მოდელზე გადასვლით ერთი მხრივ, ვითარდება და ფართოვდება ბრენდი, ხოლო მეორე მხრივ, დამოუკიდებელ პირებს შესაძლებლობა აქვთ, თავადაც ჰქონდეთ ბიზნესი.
დღეს „ბიბლუსი“ მთელი საქართველოს მასშტაბით 77 საკუთარი და 9 ფრენშაიზ მაღაზიით ოპერირებს და გაფართოებას აგრძელებს. ბრენდის ქვეშ მაღაზია შეუძლია გახსნას ნებისმიერ მსურველს, რომელიც კომპანიასთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწევს. უფრო მეტი დეტალის შესახებ, რა უპირატესობები აქვს ფრენშაიზ მაღაზიას, რა უნდა იცოდნენ მისი გახსნით დაინტერესებულმა პირებმა და რას სთავაზობს კომპანია მათ, „ბიბლუსის“ ფრენშაიზის განვითარების მენეჯერი ნონა საღირაშვილი საუბრობს:

· რა პირობებით სთავაზობს „ბიბლუსი ფრენშაიზით დაინტერესებულ პირებს? რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ მათ ნებართვის მისაღებად?
ჩვენ ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ და შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებას. თუ პირს აქვს საკუთარი ფართი ან იჯარით გეგმავს მის გახსნას, თავდაპირველად ვსწავლობთ მოთხოვნას აღნიშნულ ტერიტორიაზე. თუ არსებულ არეალში წარმოდგენილები არ ვართ ან/და მოთხოვნა მაღალია და სხვა გარემოებებიც დამაკმაყოფილებელია, პარტნიორის მიერ შემოთავაზებულ ფართზე ვთანხმდებით და მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე გადავდივართ.
მომდევნო ეტაპები კომპანიის სტანდარტების გაცნობას მოიცავს. „ბიბლუსის“ გუნდი მაქსიმალურად ეხმარება პარტნიორს მარკეტინგში, შესყიდვების ნაწილსა თუ მომარაგებაში. მისთვის განსაკუთრებული კომფორტია ის, რომ გვაქვს ავტომატიზებული შეკვეთები, ანუ პირდაპირ მოგვდის ინფორმაცია მაღაზიისთვის საჭირო პროდუქციასთან დაკავშირებით და ჩვენ თავად ვუვსებთ ხოლმე მარაგს. პარტნიორს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მას მხოლოდ სურვილი, მონდომება და ბიზნესის მართვის ელემენტარული უნარები სჭირდება.
· უფრო დეტალურად, რას გულისხმობს „ბიბლუსის“ ჩართულობა ფრენშაიზ მაღაზიის გახსნისას?
როგორც აღვნიშნე, ყველა პროცესში აქტიურად ვმონაწილეობთ, იქნება ეს პროდუქციის შერჩევა, სარეკლამო კომპანიის მომსახურება, მაღაზიის ტექნიკურად აწყობის ნაწილი თუ სხვა. ვცდილობთ, რომ პარტნიორმა რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯი გასწიოს ბიზნესის დასაწყებად.
მაქსიმალურად ვართ ჩართულები მაღაზიის მოწყობაშიც: თავდაპირველად, მერჩენდაიზერები უკეთებენ მაღაზიის განლაგების გეგმას, შემდეგ იწყება თაროების მოწყობა და პროდუქციის შერჩევა. ობიექტში წარმოდგენილი ასორტიმენტის 50% უნდა იყოს წიგნები, დანარჩენი კი უბანსა თუ რეგიონშიარსებული მოთხოვნისა და პარტნიორის სურვილის შესაბამისად შეგვაქვს. ფრენშაიზ ფილიალებში პროდუქცია, მისი განლაგება, ფასდაკლებები და შეთავაზებები იგივეა, როგორც „ბიბლუსის“ მაღაზიებში. ასევე, ჩვენი ლოიალური მომხმარებელი სარგებლობს „ბიბლუსის“ დაგროვებითი ბარათითაც.
· რა უპირატესობები აქვს ფრენშაიზის მოდელს ერთი მხრივ, „ბიბლუსისთვის“ და მეორე მხრივ, მაღაზიის მფლობელისთვის?
პარტნიორისთვის მთავარი უპირატესობები არის ის, რომ „ბიბლუსი“ ძლიერი ბრენდია, მისი სახელის ქვეშ გახსნილი მაღაზია უკვე იწვევს დადებით ასოციაციასა და ნდობას მომხმარებელში.
ჩვენი, როგორც კომპანიის მიზანი დაფუძნებიდან დღემდე სწორედ წიგნიერების გავრცელებაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა არსებული ფრენშაიზის მფლობელთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს.
რაც შეეხება სარგებელს, რომელსაც უკვე „ბიბლუსი“ იღებს, ალბათ ყველა დიდი კომპანიისთვის, რომელმაც ფრენშაიზის გაყიდვა დაიწყო, მთავარი ამოსავალი წერტილი გაფართოება იყო, ჩვენი მხრიდან ემატება ისიც, რომ მისიას, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ასე უფრო სწრაფად და ეფექტიანად შევასრულებთ.
· როგორ გრძელდება კომპანიისა და ფრენშაიზის მფლობელის თანამშრომლობა ობიექტის გახსნის შემდეგ?
ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას პარტნიორთან: ვეცნობით მის მოგებასა და ზარალს, ვნახულობთ რეალიზაციებს და განვიხილავთ, რა კუთხით სჭირდება მაღაზიას გაძლიერება, რა პროდუქცია უფრო მოთხოვნადია აღნიშნულ ლოკაციაზე, რა - ნაკლებად და ა.შ. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ანალიტიკის, ბუღალტერიისა და შესყიდვების მიმართულებით და პრობლემების არსებობის შემთხვევაში, მაქსიმალურად ჩართულები ვართ საუკეთესო გამოსავლის მოძებნისა და მათი მოგვარების პროცესში.
· მალე „ბიბლუსი“ ფრენშაიზით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო ვებინარს ჩაატარებს. რა საკითხებს გაუზიარებთ აუდიტორიას?
რადგანაც ფრენშაიზით დაინტერესება მაღალია, გადავწყვიტეთ, საჯარო შეხვედრა გავმართოთ ვებინარის სახით. მასზე დარეგისტრირება და დასწრება თავისუფალია.
ონლაინ შეხვედრაზე ვისაუბრებთ ფართის მოძიების, ანალიტიკისა და ბიზნესის მართვის სპეციფიკის შესახებ. ასევე, დაინტერესებულ პირებს გავაცნობთ, როგორია ჩვენი კომერციული პირობები, რას ითვალისწინებს ჩვენი თანამშრომლობა და სხვა.
ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ ბიზნესით ვურჩევთ, დაესწრონ ვებინარს და დეტალური ინფორმაცია მიიღონ პირობების შესახებ. სიამოვნებით ველოდებით მათ 25 სექტემბერს, 12:00 საათზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
R