იმ საქმეში მისი ძმა დაიღუპა! 6 ტყვიით ძირს დააგდეს, ეს რომ ნახა, ამის შემდეგ გაისროლა მან ტყვია, - ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონის, ზვიად ზვიადაურის ადვოკატმა დათუნა მოდებაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
ადვოკატმა მოსამართლეს ზურაბ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
"იმ საქმეში მისი ძმა დაიღუპა! 6 ტყვიით ძირს დააგდეს, ეს რომ ნახა, ამის შემდეგ გაისროლა მან ტყვია. ამაზე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ რადგან ბრალდების მხარე ამას იყენებს, იძულებული ვარ, მეც ვისაუბრო. მისი წარსული ვერანაირად ვერ იქნება იმ საქმით შებღალული, მას 3 წლის შვილი ელოდება სახლში. ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია და ყოფილი დეპუტატი. ახალ დანაშაულს ჩიდენსო, რომელი ჩაუდენია",- განაცხადა მოდებაძემ.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, ზურაბ ზვიადაურს ბრალდებულის სტატუსი აქვს წლების წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზეც. კერძოდ კი, 2021 წლის 16 აგვისტოს, სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ზურაბ ზვიადაური მკვლელობის, ერთი პირი - ჯაბა ჯანგირაშვილი კი, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ დამდგარა. ზვიადაურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, მათი შერჩევის პროცესი კი კვლავ მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: