ავტორი:

"ისინი თვალსა და ხელს შუა ქრებიან... "  - რა ელის კავკასიონის მყინვარებს?

"ისინი თვალსა და ხელს შუა ქრებიან... "  - რა ელის კავკასიონის მყინვარებს?

ბოლო ასწლეულის განმავლობაში მყინვარების დნობის ტემპი შეუქცევად პროცესად იქცა. ალპებში, კავკასიაში, ჰიმალაიში, ანდებში თუ ალასკაზე - ყინულის საფარი ყველგან მცირდება. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, XXI საუკუნის ბოლომდე შესაძლოა მსოფლიოს მყინვარების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრეს.

კავკასიის რეგიონი, რომელიც ცნობილია მონუმენტური თოვლიანი მწვერვალებით, ამ გლობალურ პროცესში გამონაკლისი არ არის. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში აქ მყინვარების მასა საგრძნობლად შემცირდა, დნობის ტემპმა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, იმატა. ეს პირდაპირ აისახება როგორც ადგილობრივი ეკოსისტემების მდგრადობაზე, ისე მდინარეულ ჩამონადენზე, სტიქიურ პროცესებსა და მთის მოსახლეობის ყოფაზე.

დღეს სწორედ ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ ცნობილ ქართველ მეცნიერ ლევან ტიელიძესთან, რომელიც მყინვარებს მსოფლიოს არაერთ რეგიონში, მათ შორის კავკასიაშიც იკვლევს.

- თქვენი ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Remote Sensing-ში გამოქვეყნდა, ეხება კავკასიონის მყინვარების ცვლილებას მცირე გამყინვარების დასრულებიდან დღემდე, ასევე, თოვლის ხაზისა და კლიმატის ცვლილების რეკონსტრუქციას. მოკლედ აუხსენით ჩვენს მკითხველს, რას ნიშნავს "მცირე გამყინვარება" და რატომ არის მნიშვნელოვანი მყინვარების კვლევა მაინცდამაინც ამ პერიოდიდან?

- "მცირე გამყინვარება" (Little Ice Age) იყო გლობალური კლიმატური ეპიზოდი დაახლოებით XIII-XIX საუკუნეებში, როდესაც ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით დაბალი იყო და მთის მყინვარები უფრო მასშტაბურ ზომებს აღწევდნენ. გამონაკლისი არც კავკასიის რეგიონი ყოფილა, სადაც დღემდე 2000-ზე მეტი მყინვარია შემორჩენილი. XIX საუკუნის დასაწყისიდან მყინვარებმა მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში მეტ-ნაკლებად თანაბრად დაიწყო შემცირება, რასაც უპირველესად ადამიანის ინდუსტრიულმა საქმიანობამ და შესაბამისად, კლიმატის ხელოვნურმა დათბობამ შეუწყო ხელი.

- როგორც ვიცით, თქვენი კვლევა პირველი ცდაა კავკასიის რეგიონიდან, რომლის საფუძველზეც მოხდა კლიმატის რეკონსტრუქცია მყინვარების პარამეტრებზე დაყრდნობით.

- დიახ, ეს მართლაც პირველი სისტემური ცდაა კავკასიაში, როდესაც მყინვარების დინამიკის საფუძველზე შევეცადეთ კლიმატის ცვლილებების რაოდენობრივად შეფასებას. აქამდე ზოგადად ვიცოდით, რომ მყინვარები მცირდებოდა, მაგრამ არ გვქონდა კონკრეტული მაჩვენებლები, თუ რამდენად იყო ეს პროცესი კლიმატურ პარამეტრებთან კავშირში დროის ვრცელ მონაკვეთში (ბოლო 200 წლის განმავლობაში). ასევე, არ გვქონდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ იცვლებოდა თოვლის ხაზი (რაც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია) კავკასიონის მყინვარებზე "მცირე გამყინვარების" დასრულების შემდეგ. ჩვენი კვლევა გვაძლევს საშუალებას ეს სურათი უფრო კონკრეტულად დავინახოთ.

- რატომ შეარჩიეთ კონკრეტულად 12 პატარა მყინვარი კავკასიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე?

- დიდ მყინვარებს ინერცია აქვთ და მათზე კლიმატური ცვლილებები ნელა აისახება, მაშინ როცა პატარა მყინვარებში კლიმატური სიგნალი გაცილებით მკაფიოდ ჩანს. გარდა ამისა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობების შედარება გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, როგორ მოქმედებს კლიმატი განსხვავებულ ექსპოზიციებზე - მაგალითად, ვიცით რომ ჩრდილოეთი ფერდობები უფრო ცივია, სამხრეთი კი შედარებით თბილი და დნობის პროცესიც ინტენსიურია.

- რა მეთოდები გამოიყენეთ კვლევისას?

- ჯერ საველე გასვლებით შევისწავლეთ მყინვარების მდგომარეობა, გავზომეთ მორენები (მყინვარის მოქმედების შედეგად გაჩენილი რელიეფის ფორმები) და მყინვარის დაბოლოებები. ასევე, გამოვიყენეთ დისტანციური ზონდირება, რომლის საშუალებითაც დავამუშავეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები სხვადასხვა პერიოდიდან, რათა მყინვარების ზომები დროში შეგვედარებინა. ასევე გამოვიყენეთ თოვლის ხაზის გაზომვის სპეციალური მეთოდი, რომელიც ცალკეული მყინვარის გეომეტრიასა და აკუმულაცია-დნობის თანაფარდობას ეფუძნება. ბოლოს გამოვიყენეთ რეგიონული ტემპერატურული გრადიენტი, რათა თოვლის ხაზის ცვლილებების საფუძველზე მოგვეხდინა რეგიონული ტემპერატურის რეკონსტრუქცია.

- რა არის თქვენი კვლევის მთავარი შედეგები?

- მთავარი დასკვნები მოკლედ ასე შეიძლება შევაჯამო: 1820-იანი წლებიდან დღემდე, ე.ი. მას შემდეგ, რაც "მცირე გამყინვარების" მაქსიმალური ფაზა დასრულდა, მყინვარების სიგრძე საშუალოდ 1,3 კილომეტრით შემცირდა. სიგრძეში შემცირების ტემპი განსაკუთრებით 1960-ანი წლებიდან გაიზარდა. ბოლო 200 წლის განმავლობაში თოვლის ხაზმა დაახლოებით 180 მეტრით აიწია, რაც ჩვენი გათვლებით, რეგიონული ტემპერატურის დაახლოებით 1.1°c-ით მატებას ნიშნავს. ყველაზე დიდი დათბობა 1960-იან წლებიდან ფიქსირდება, როდესაც თოვლის ხაზმა 105 მეტრით აიწია და ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 0.6°ჩ-ით გაიზარდა.

- შეიძლება თქვენი შედეგების გამოყენება მყინვარების მომავლის პროგნოზირებისთვის ან კლიმატის მოდელირებისთვის?

- რა თქმა უნდა... მყინვარები კლიმატის ცვლილების ბუნებრივი სენსორებია და ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მოდელებისთვისაც. ჩვენი შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საწყისი მონაცემები, რათა უფრო ზუსტად ვივარაუდოთ მომავალი კლიმატის სცენარები, რა ბედი ელის კავკასიონის მყინვარებს და რა გავლენა ექნება ამას მტკნარი წყლის რესურსებზე, მდინარეულ ჩამონადენსა და მთის ეკოსისტემებზე. გააგრძელეთ კითხვა