ავტორი:

მორიგი განხეთქილება პუტინის გუნდში: კაცი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გვერდით იყო 25 წელი, თანამდებობიდან წავიდა - "ის ომის წინააღმდეგ გამოდის"

მორიგი განხეთქილება პუტინის გუნდში: კაცი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გვერდით იყო 25 წელი, თანამდებობიდან წავიდა - "ის ომის წინააღმდეგ გამოდის"

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი თანამდებობიდან გადადგა. მედიის ინფორმაციით, კოზაკი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მისი გუნდის წევრი იყო, უკრაინაში ომის წინააღმდეგი იყო, თუმცა ამას საჯაროდ არ ამბობდა.

ხუთშაბათს საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კოზაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. მანამდე პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კოზაკი საკუთარი სურვილით ტოვებდა თანამდებობას.

კოზაკის გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის RBC-მ და Forbes-მა, წყაროებზე დაყრდნობით წინა დღეს გაავრცელეს. RBC-ის წყაროების ცნობით, კოზაკი განიხილავს ბიზნესში გადასვლის სხვადასხვა შეთავაზებას, რაც ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის გავრცელებული პრაქტიკაა.

Interfax-ის ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ კოზაკის კანდიდატურა პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობაზე განიხილება ჩრდილო-დასავლეთ ფედერალურ ოლქში.

მოქმედი სრულუფლებიანი წარმომადგენელი ალექსანდრე გუცანი პუტინმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, რომელიც იგორ კრასნოვის რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ გადასვლის გამო ვაკანტური გახდა.

პუტინის ძველი მოკავშირე

დიმიტრი კოზაკი ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უძველესი მოკავშირე იყო და ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საკვანძო პოზიციები ეკავა კრემლსა და რუსეთის მთავრობაში.

ის პუტინთან ერთად მუშაობდა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში, სანქტ-პეტერბურგის მერიაში, ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. 1996 წელს სობჩაკის არჩევნებში დამარცხების შემდეგ პუტინი მოსკოვში გადავიდა, კოზაკი კი სმოლნიში 1998 წლამდე მუშაობდა.

1999 წელს, როდესაც პუტინი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა, კოზაკიც მოსკოვში გადავიდა და მალევე მინისტრთა კაბინეტის აპარატს ჩაუდგა სათავეში. 2000 წელს, პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კოზაკი მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გახდა.

ამის შემდეგ კოზაკი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენლად სამხრეთ ფედერალურ ოლქში (მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში), ასევე იყო რეგიონული განვითარების მინისტრი და ვიცე-პრემიერი, რომელიც სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას კურირებდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ის 2020 წელს დაბრუნდა, როგორც უფროსის მოადგილე, ანტონ ვაინოს ნაცვლად.

კოზაკი ასევე კურირებდა სასაზღვრო თანამშრომლობისა და უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოების მუშაობას და რუსეთს წარმოადგენდა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებზე „ნორმანდიულ ფორმატში“ (რუსეთი, უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი).

აგვისტოს ბოლოს კოზაკის კრემლის ორივე სამმართველო გაუქმდა. მათ ნაცვლად შეიქმნა ერთი სამმართველო - სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის - რომლის კურატორიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო გახდა.

ომის წინააღმდეგ

როგორც მედია წერდა, კოზაკი, რომელიც უკრაინის კიროვოგრადის ოლქში დაიბადა, პუტინის გარემოცვიდან თითქმის ერთადერთი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას არ უჭერდა მხარს.

გამოცემა Forbes-ის წყარო ამტკიცებდა, რომ კოზაკი მზად იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2022 წელს, ომის დაწყებისთანავე დაეტოვებინა.

Reuters-ის წყაროების მტკიცებით, 2022 წლის 21 თებერვალს კოზაკმა უშიშროების საბჭოს სხდომის დახურულ ნაწილში უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების წინააღმდეგ გამოხატა პოზიცია. 24 თებერვლის შემდეგ კი ის კიევთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მიაღწია არაერთ დათმობას მოსკოვისთვის პრინციპულ საკითხებზე (მაგალითად, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა). თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა საბოლოოდ უარყო გარიგება და ომის გაგრძელება მოითხოვა, წერდა სააგენტო 2022 წლის აგვისტოში.

  • იმის შესახებ, რომ კოზაკი უკრაინაში საომარი მოქმედებების წინააღმდეგი იყო, აგვისტოში The New York Times-იც წერდა. გაზეთის წყაროების ცნობით, ამ წელს მან პუტინს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ კიდევ ერთი წინადადება წარუდგინა.

"კოზაკის პოზიციამ, როგორც ჩანს, პუტინი „გააწბილა“ და პრეზიდენტზე გავლენა დაკარგა - ის თითქმის აღარ ჩნდება საზოგადოებაში და „ფაქტობრივად, აღარაფერზეა პასუხისმგებელი“, - წერდა The New York Times-ი.

ამავდროულად, გაზეთის რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, კოზაკმა "პუტინთან გარკვეული წვდომა შეინარჩუნა", ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი "პირად ერთგულებას იჩენს თავისი ძველი მოკავშირეების მიმართ“.

იმის შესახებ, რომ კოზაკი ფაქტობრივად "დაუახლოვდა შერისხვის მდგომარეობას", BBC-ის რუსული სამსახურის წყაროები 2022 წლის გაზაფხულზეც საუბრობდნენ.

წყაროების მტკიცებით, 2022 წელს კოზაკის ფორმალურად მინდობილი მიმართულებებიდან უკრაინა ერთადერთი არ იყო, რომელიც ჩამოართვეს. დნესტრისპირეთის კურირებაც დე ფაქტო ძალოვან სტრუქტურებს გადაეცა.

თავად კოზაკი მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს იკავებდა საჯარო განცხადებებისგან. მას კომენტარი არც კრემლიდან წასვლის შესახებ გაუკეთებია.

წყარო