"თალიბანის" მთავრობამ ავღანეთის უნივერსიტეტის სასწავლო სისტემიდან ქალების მიერ დაწერილი წიგნები ამოიღო.
აკრძალული 18 საგნიდან ექვსი კონკრეტულად ქალებს ეხება, მათ შორის "გენდერი და განვითარება“, "ქალის როლი კომუნიკაციაში“ და "ქალთა სოციოლოგია“. თალიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ქალთა უფლებებს ავღანური კულტურისა და ისლამური კანონის მათი ინტერპრეტაციის შესაბამისად.
"იმის გათვალისწინებით, თუ რა გააკეთეს თალიბებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სასწავლო გეგმაში ცვლილებებს დაწესება მოულოდნელი არ ყოფილა. თალიბანის მიზოგინისტური აზროვნებისა და პოლიტიკის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ როდესაც ქალებს თავად არ აქვთ სწავლის უფლება, მათი შეხედულებები, იდეები და ნაშრომებიც იჩაგრება", - განაცხადა ზაკია ადელმა, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.
თალიბანის მთავრობის უმაღლესი განათლების სამინისტროს აკადემიური დირექტორის მოადგილემ, ზიაურ რაჰმან არიუბიმ, უნივერსიტეტებისადმი გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები "რელიგიის მეცნიერებისა და ექსპერტების“ ჯგუფმა მიიღო. ქალების მიერ დაწერილი წიგნების გარდა, როგორც ჩანს, აკრძალვა ირანელი ავტორების ან გამომცემლების წიგნებსაც შეეხო, რაც მიზნად ისახავდა "ირანული შინაარსის ავღანეთის სასწავლო გეგმაში შეღწევის თავიდან აცილებას“.
"ირანელი ავტორებისა და მთარგმნელების წიგნები ავღანეთის უნივერსიტეტებსა და გლობალურ აკადემიურ საზოგადოებას შორის მთავარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. მათი ამოღება უმაღლეს განათლებაში მნიშვნელოვან სიცარიელეს ქმნის“, - განაცხადა ქაბულის უნივერსიტეტის პროფესორმა.