ავტორი:

დამალული ცოლი და შვილი, რომლის ჯანმრთელობის პრობლემაზე ხამზატი განსაკუთრებით დარდობს: რა არის ცნობილი ჩიმაევის საიდუმლო ოჯახზე - უცნობი ფოტოები ჩეჩენი მებრძოლის ქორწილიდან

დამალული ცოლი და შვილი, რომლის ჯანმრთელობის პრობლემაზე ხამზატი განსაკუთრებით დარდობს: რა არის ცნობილი ჩიმაევის საიდუმლო ოჯახზე - უცნობი ფოტოები ჩეჩენი მებრძოლის ქორწილიდან

საქართველოდან წასვლის შემდეგ, UFC-ის ჩეჩენმა ჩემპიონმა, ხამზატ ჩიმაევმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი: "მადლობა მთელ საქართველოს, თუ კავკასიის გული არსებობს, ეს საქართველოა“. 15 სექტემბერს თბილისში ჩიმაევი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიიღო და სოციალურ ქსელში ვიდეოც გაავრცელა წარწერით: „კეთილი იყოს შენი მობრძანება თბილისში, ძმაო“.

აღსანიშნავია, რომ ჩიმაევი საქართველოში პირველად არ იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერშიც სტუმრობდა თბილისს. თუმცა ამჯერად მან საქართველოში განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო, რომელსაც დიდი განხილვა მოჰყვა სოციალურ ქსელში. ჩიმაევს თბილისში Ferrari აჩუქეს. გავრცელებულ ვიდეოში, სადაც მებრძოლს მანქანას ჩუქნიან, ჩანან თბილისის მერი კახა კალაძე და მისი ვაჟიც.

ამ თემაზე განმარტება გუშინ გააკეთა კალაძემ:

"რაც შეეხება "ფერარს“, მე არ მიჩუქებია. გულწრფელად გეტყვით, რაც მოხდა სინამდვილეში. გეცოდინებათ საბა მიკავა, რომელიც ავტოსალონ "ფორცა თბილისის“ მფლობელია. სხვათა შორის, წალენჯიხაში სწორედ მისი კუთვნილი ავტომანქანით ვიყავით. ადამიანმა იშრომა, იწვალა, გაუჩნდა შესაძლებლობები, რომ ეს ლურჯი "ფერარი“ ეყიდა. მე სულ რაღაც 10-15 წუთი დავჯექი მის საჭესთან და დაიწყეთ საუბარი, რომ მე მეკუთვნის. ახლა კი, იწვალა, თავის მეგობრებთან ერთად რაღაცები შეაგროვა, რომ ჩიმაევისთვის ავტომანქანა ეჩუქებინა და ყველა ამბობს, რომ თითქოს მე ვაჩუქე. ბიჭმა ამდენი იწვალა, ყველაფერზე რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, "ფერარის“ ყოლაზე თქვეს, კალაძესიაო; მანქანა აჩუქა, კახამ აჩუქაო, გამოვიდა და თქვა ჩემს ბედს".

ხამზატ ჩიმაევის ოჯახი

ხამზატ ხიზაროვიჩ ჩიმაევი 1994 წლის 1 მაისს, რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოფელ გვარდეისკოეში, ღარიბ და კონსერვატორ მუსლიმურ ოჯახში დაიბადა. მან ბავშვობაში რთული პერიოდი გამოიარა, რაც რეგიონში მიმდინარე ინტენსიურ კონფლიქტს და ომებს დაემთხვა. თავად ხამზატს უთქვამს, რომ ზოგჯერ ოჯახს საჭმელიც კი არ ჰქონდა. "მე ამქვეყნად მაშინ მოვედი, როცა მსოფლიოში ომია," - ასე აღწერა მან ბავშვობის სირთულეები.

ხამზატი ჩეჩნური წარმომავლობით ამაყობს. ის ხშირად საკუთარ თავს "კავკასიის შვილს" უწოდებს. მისი კულტურული იდენტობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩეჩნეთის მეომრულ ტრადიციებთან, სადაც საბრძოლო სპორტი, განსაკუთრებით ჭიდაობა, ღრმად არის ფესვგადგმული. ხუთი წლის ასაკში მან ჭიდაობა დაიწყო, რაც ჩეჩენი ბიჭებისთვის ჩვეული საქმიანობაა. 2013 წელს, 18 წლის ასაკში, ხამზატი დედასა და უფროს ძმასთან, არტურთან ერთად შვედეთში ემიგრაციაში წავიდა, რათა სტაბილურობა და ახალი შესაძლებლობები ეპოვა. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში ათ წელზე მეტი გაატარა, მან არასდროს მიუღია შვედეთის მოქალაქეობა.

UFC-ის ვარსკვლავის საიდუმლო პირადი ცხოვრება

UFC-ის ჩეჩენი ჩემპიონი, ხამზატ ჩიმაევი, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ერთ-ერთი ყველაზე შიშის მომგვრელი მებრძოლია. ის ცნობილია თავისი ძლიერი სტილითა და UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი კატეგორიის წამყვანი მებრძოლის სტატუსით. მიუხედავად მისი საჯარო ცხოვრებისა, ჩიმაევის პირადი და ოჯახური ცხოვრება საიდუმლოდ რჩება. ის ამ მხრივ თავის კოლეგას, ლეგენდარულ დაღესტნელ მებრძოლს ხაბიბ ნურმაგომედოვს ჰგავს, რომელიც ასევე მალავს მეუღლეს.

ხამზატ ჩიმაევის ქორწინება და ოჯახი

ჩეჩნური ტრადიციების თანახმად, 28 წლის ხამზატისთვის დაქორწინების დრო დიდი ხნის დამდგარი იყო, როდესაც დაქორწინდა. ცნობილია, რომ მისი მეუღლე სტუდენტი გახლდათ, რა თქმა უნდა, ჩეჩენი. ხამზატი მას მშობლიურ მხარეში ვარჯიშის დროს შეხვდა.

ხამზატ ჩიმაევის გრანდიოზული ქორწილი 2022 წლის მაისში მშობლიურ ჩეჩნეთში შედგა. ქორწილი გროზნოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ საბანკეტო დარბაზში, რესტორან „პარუსში“ გაიმართა. ზეიმს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც ესწრებოდა, რომელიც ხამზატის ახლო მეგობარია.

კადრი ჩიმაევის ქორწილიდან

"დიდ დღესასწაულზე არა მხოლოდ ხამზატის ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ, ყველაფერი ჩეჩნური ეროვნული ტრადიციების მიხედვით ჩატარდა. დიდი სიამოვნება მივიღე ამ დღესასწაულით! ყოველი ახალი ოჯახი ჩეჩნეთში ახალი სიხარულის მიზეზია!" - განაცხადა მაშინ რამზან კადიროვმა.

პატარძალი ხამზატის ძმასთან ერთად

ჩეჩნურ ქორწილში ძალიან საინტერესო წესია - პირდაპირი კონტაქტი ნეფესა და პატარძალს შორის თავიდანვე თითქმის არ არის. ბეჭდის გადაცმის ფუნქცია ხშირად ენდობა ნეფის ძმას, მამიდაშვილს ან სხვა ახლო ნათესავს. ეს გამოხატავს, რომ ქორწინება არა მხოლოდ ორი ადამიანის, არამედ ორი ოჯახის საქმეა. თვითონ ნეფე ზოგჯერ საერთოდ არ ესწრება პატარძლის ოჯახში არსებულ სუფრას — ის თავისი მეგობრებითა და ნათესავებით ცალკე ზის.

ჟურნალისტებმა ცოტა ხნის წინ ხამზატს ჰკითხეს, რას ფიქრობს მრავალცოლიანობაზე. "ასეთი კითხვებისთვის სახლიდან გამაგდებენ,“ - ხუმრობით უპასუხა სპორტსმენმა.

MMA-ს ვარსკვლავის ხამზატ ჩიმაევის ბრძოლა ოქტაგონს მიღმა

ხამზატ ჩიმაევი, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ვარსკვლავი, ოქტაგონზე თავისი დომინირებითაა ცნობილი, მაგრამ ბოლო პერიოდში მის კარიერაში გაჩნდა პაუზები, რაც მის პირად ჯანმრთელობასა და ოჯახურ პრობლემებს უკავშირდებოდა. როგორც მებრძოლმა განაცხადა, მას უჭირს იმის ყურება, თუ როგორ უმკლავდება მისი მცირეწლოვანი ვაჟი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს.

გასულ წელს, 30 წლის ჩიმაევმა, რომლის ანგარიშზეც MMA-ში 13 გამარჯვებაა (აქედან 11 - ნოკაუტით), ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია და არა ბრძოლა. "უკან შვედეთში ვბრუნდები" — განაცხადა მან.

"ჩემს ვაჟს ერთი ოპერაცია უკვე გაუკეთეს, მეორეც დასჭირდა. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა. ბრძოლის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია დარჩა და ამის მერე ჩემი ვაჟი ჯანმრთელი იქნება.“

ჩიმაევის თქმით, მის შვილს ერთი თირკმელი აქვს და პრობლემებიც ამას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ბავშვი ჯანმრთელია, ლაპარაკობს, დარბის და ბედნიერია. მებრძოლისთვის ყველაზე რთული სწორედ ოჯახის წევრის, განსაკუთრებით კი საკუთარი შვილის ტკივილის ყურებაა.

ჯანმრთელობის პრობლემები და პაუზა კარიერაში

ჩიმაევის კარიერა 2020 წლის დეკემბრიდან, როდესაც ის COVID-19-ით დაინფიცირდა, შეჩერდა. ამ დაავადებამ მასზე ხანგრძლივი გავლენა მოახდინა.

ESPN-თან ინტერვიუში ჩიმაევმა განმარტა, რომ მას "ინფექცია" ჰქონდა, რის გამოც მისი იმუნიტეტი დაქვეითდა. ექიმმა მას დასვენება და სახლში დაბრუნება ურჩია. მოგვიანებით კი მასზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის „დეპრესიას“ ებრძოდა. ჩიმაევმა ამის მიზეზად ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა, ბანკის ანგარიშების, გუნდისა და ექიმების შეცვლა დაასახელა.

ხამზატის ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა მისი ოჯახია. ის რამდენიმე სახლს აშენებს მშობლიურ სოფელში, ჩეჩნეთში, სადაც მისი დედა, ძმა და მამა იცხოვრებენ. მისი დედა, რომელიც ადრე შვილებს აჭმევდა და თავად შიმშილობდა, ახლა მშვიდად ცხოვრობს და შვედეთსა და ჩეჩნეთს შორის მოგზაურობს.

ხამზატის მოტივაცია მხოლოდ საკუთარ ოჯახს არ ეხება. ის აპირებს დიდი MMA-ს დარბაზის აშენებას, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს ვარჯიშის შესაძლებლობა ექნებათ.

წაიკითხეთ ასევე: