საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, გაფიცვებსა და საპროტესტო აქციებში 1 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეები საფრანგეთის საბიუჯეტო გეგმას ეწინააღმდეგებიან, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
მემარცხენე პარტიები და მათი მხარდამჭერები მდიდრებისა და ბიზნესებისთვის გადასახადების გაზრდას მოითხოვენ.


საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, რადგან მატარებლის, ავტობუსებისა და ტრამვაის მძღოლები გაიფიცნენ. საპროტესტო აქციებს საავადმყოფოს თანამშრომლებიც შეუერთდნენ. 10-დან 9 აფთიაქი დაიხურა, რადგან ფარმაცევტები ფასების პოლიტიკას აპროტესტებდნენ. დაწყებითი და საშუალო სკოლების დაახლოებით ყოველი მეექვსე მასწავლებელი გაიფიცა, ასევე სკოლის სასადილოს თანამშრომლები და მონიტორები.



„ბრაზი უზარმაზარია, ისევე როგორც მონდომება - ჩემი გზავნილი ბატონ ლეკორნუსადმი დღეს ასეთია: ქუჩებმა უნდა გადაწყვიტონ ბიუჯეტი“, - განაცხადა სოფი ბინემ, მემარცხენე CGT პროფკავშირის ხელმძღვანელმა.
დემონსტრანტებმა პარიზში, ლიონსა და ნანტში ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. მოქალაქეები ასევე შეიკრიბნენ სკოლებსა და უნივერსიტეტებთან. აქციას ბევრი საშუალო სკოლის მოსწავლე შეუერთდა. მათ შორის იყო ორი 14 და 15 წლის მოზარდი, პარიზის სამხრეთ გარეუბანში, ვალ-დე-მარნიდან, რომლებსაც ეჭირათ პლაკატები წარწერით - „მაკრონი, მდიდრების პრეზიდენტი“.

„ჩვენ აქ ვართ, რათა დავიცვათ საჯარო სერვისები, რომლებიც მთავრობის მიერ ბიუჯეტის თანმიმდევრული შემცირების გამო უარესდება“, - ამბობს სილვი, საჯარო სექტორის თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოს ბავშვთა ფსიქიატრიაში თითქმის 20 წლიანი მუშაობის შემდეგ ადგილობრივ ბაგა-ბაღებს ხელმძღვანელობდა.
პოლიციის პრეფექტურის ცნობით, პარიზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ მცირე 21 მომიტინგე დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსვლელობის წინა ხაზთან ახლოს პოლიციელებს ჭურვები ესროლეს.



ენერგეტიკულმა ჯგუფმა EDF-მა განაცხადა, რომ გაფიცვების გამო, მის ფრანგულ ელექტროსადგურებში ელექტროენერგიის გამომუშავება შუადღისას დაახლოებით 4000 მეგავატით შემცირდა, რაც ოთხი ატომური რეაქტორის გამომუშავების ეკვივალენტურია. საფრანგეთს სულ 57 ატომური რეაქტორი აქვს.


რენში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა.
„პირები არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს ჭურვების სროლით. შორს დაიჭირეთ თავი ამ მოძალადე ადამიანებისგან“, - განაცხადა ადგილობრივმა პრეფექტურამ X-ზე.