ავტორი:

რატომ დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე?- რა წერია ოფიციალურ განცხადებაში

რატომ დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე?- რა წერია ოფიციალურ განცხადებაში

ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს - სანქცირების მიზეზებში დასახელებულია მათი მხარდაჭერა რუსეთისთვის უკრაინის ომში და მონაწილეობა დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები წესდება საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის ფონზე.

კონკრეტული პირების გარდა ბრიტანული სანქციები დაუწესდა ორ ნავთობტანკერს რუსული ნავთობის ბათუმის პორტში ტრანსპორტირების გამო - ისინი ბრიტანეთის მიერ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილად იქნა მიჩნეული და დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა აეკრძალათ.

  • დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალი პაკეტი მიზანში იღებს "უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის საქართველოსთან დაკავშირებულ მხარდამჭერებს“.

"მაშინ, როდესაც რუსეთის საომარი მდგომარეობა უარესდება, კრემლი უფრო აქტიურად ეძებს მარიონეტებს მესამე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რომლებიც მის ომსა და პროპაგანდისტულ ოპერაციებს დაეხმარებიან.

ორი ნავთობის ტანკერი დასანქცირდა ბათუმის ქართულ პორტში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, როგორც "ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი - გაცვეთილი და საშიში გემების ნაკრები, რომლებსაც კრემლი სასოწარკვეთილად იყენებს ენერგეტიკული შემოსავლების შესანარჩუნებლად, რაც უკრაინაში უკანონო ომის დაფინანსების ნომერ პირველი წყაროა…

ქართველი პოლიტიკოსი და მედიამაგნატი ლევან ვასაძე მიზანშია ამოღებული თავისი პლატფორმების პრო-რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენებისთვის. ბიზნესმენი, ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ფართო კავშირები აქვს რუსეთთან და "ქართული ოცნების” უმაღლეს დონეებთან, ასევე სანქცირებულია,” - ნათქვამია განცხადებაში.

სანქცირებულ ფარცხალაძესა და ვასაძეს გაეყინათ ფინანსური აქტივები ბრიტანეთში და აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა. ლევან ვასაძე პირველად გახდა სანქციების სამიზნე, ოთარ ფარცხალაძე კი დასანქცირებული ჰყავს აშშ-ს.

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, ხალხმრავალი საპროტესტო აქციების დარბევისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების ფონზე.

  • 2024 წლის 19 დეკემბერს ბრიტანული სანქციები დაუწესდათ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს, ალექსანდრე დარახველიძეს, სულხან თამაზაშვილს, ზვიად ხარაზიშვილს და მილერი ლაგაზაურს. მათგან შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მხოლოდ ალექსანდრე დარახველიძეა დარჩენილი.
  • 2024 წლის 2 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ქართველო მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.
  • 2025 წლის 10 აპრილს სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ კარლო კაციტაძეს. ამ ფაქტიდან ერთ თვეში სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა და საქართველოში გენერალური პროკურორი გამოიცვალა.