ავტორი:

ფრთხილად, ისევ ცოფი! უპატრონო ძაღლების პრობლემა საქართველოში და არის თუ არა გამოსავალი?!

ფრთხილად, ისევ ცოფი! უპატრონო ძაღლების პრობლემა საქართველოში და არის თუ არა გამოსავალი?!

გასულ კვირას მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, მიმკედლებელი დაკბინა. ინფორმაცია ცოფის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. როგორც უწყებაში ამბობენ, ლაბორატორიული გამოკვლევით ცოფი დადასტურდა. ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. მიმდინარე წელს ეს ცოფის მეხუთე შემთხვევაა. ქუჩის ძაღლების პრობლემა რომ მწვავედ დგას ქვეყანაში, ამას ყველა ხედავს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში. როგორც წესი, რაიონებში შინაურ ცხოველებს აცრას თითქმის არავინ უკეთებს. არადა, თითო ოჯახში ორი ძაღლი მაინც ჰყავთ და ბევრი მხოლოდ ხმელ პურს აჭმევს. ამიტომაც რაიონის ცენტრები სავსეა მიუსაფარი მშიერი ძაღლებით. ქუჩაში ამდენი ძაღლი იმიტომაც მოგროვდა, რომ ადამიანებს როგორც კი მოჰბეზრდებათ ცხოველი, ქუჩაში აგდებენ, ან ისეთ უკაცრიელ ადგილას ტოვებენ, სადაც მოსახლეობაც არ არის და ცხოველი განწირულია. სწორედ ასეთი ძაღლები ხდებიან ცოფის გადამდები. ჩვენ დავუკავშირდით სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილეს თენგიზ ჩალიგავას და ამ პრობლემაზე ვესაუბრეთ:

- ჩვენთან 5 სექტემბერს შემოვიდა ცოფის საეჭვო შემთხვევაზე შეტყობინება, მეორე დღეს ჩვენმა ინსპექტორმა აიღო ნიმუში, ლაბორატორიაში გადაგზავნა და ლაბორატორიული კვლევით ცოფი დადასტურდა. ბუნებრივია, საკარანტინო ღონისძიებები დაწესდა. ამჟამად მიმდინარეობს იძულებითი ვაქცინაციები. რაც შეეხება ცხოველს, იყო თუ არა აცრილი, მოკვლევით გაირკვა, რომ ის მიკედლებული იყო, შესაბამისად, არ იყო აცრილი და არ ჰქონდა იმუნიტეტი, ვერ იქნებოდა დაცული ამ დაავადებისგან.

დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა, რომ ქუჩაში ბევრი უპატრონო ცხოველია, რაც ზრდის რისკს, რომ დაავადება გავრცელდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ვთხოვოთ ითანამშრომლონ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, ჩაუტარონ ცხოველებს ვაქცინაცია. იმ შემთხვევაში, თუკი თავიანთი სახსრებით ჩაუტარებენ ვაქცინაციას, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია მათი მომართვის შემთხვევაში ნებისმიერი ცხოველისთვის ცოფზე აცრა.

ეს აუცილებელია იმ ფონის შესანარჩუნებლად, რაც დღეს გვაქვს, ცოფი მნიშვნელოვნად შემცირებულია წინა წლებთან შედარებით.

დღეის მდგომარეობით გვაქვს ცოფის 5 დადასტურებული შემთხვევა, შარშან ამ დროს 22 შემთხვევა გვქონდა. ამიტომ ეს ტენდენცია რომ შენარჩუნდეს და უფრო შემცირდეს დაავადების გამოვლინება, მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან თანამშრომლობა.

- რეგიონებში, მაგალითად, მარტვილში, არის სპეციალური სამსახური, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს?

- სურსათის ეროვნულ სააგენტოს ყველა რეგიონში აქვს ოფისი, ჰყავს წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტში. ნებისმიერ მუნიციპალიტეტში შეუძლიათ მიმართვა, ან დარეკონ ცხელ ხაზზე, თუმცა ამის საჭიროება ნამდვილად არ არის, რაიონებში სააგენტოს წარმომადგენლებს ყველა იცნობს, რადგან ბევრ ღონისძიებას ვატარებთ მოსახლეობასთან. მთავარია, მოსახლეობის სურვილი, მოგვმართონ და ვითანამშრომლებთ.

- ის ძაღლი დიდი ხანია ჰყავდა მიკედლებული ოჯახს? დაინფიცირების წყაროს დადგენა შესაძლებელია?

- ინფექციის წყაროს დადგენა რთულია. ეს დაავადება ენდემურია, ვირუსი ცირკულირებს გარეულ ცხოველებში ან ქუჩის ცხოველებში, ან პატრონიან ცხოველებში, რომელთაც უფიქსირდება ცოფი. როგორც კი არაიმუნური ცხოველების ვირუსთან შეხება ხდება, ის ინფიცირდება. ასეთია ინფექციის ბუნება და ხასიათი, აქედან გამომდინარე, თვითონ წყაროს დადგენა, სად ჰქონდა შეხება ცოფიან ცხოველთან, ძალიან რთულია. ამიტომ აქვს მნიშვნელობა ცხოველების ვაქცინაციას. თუ ვაქცინირებულია ცხოველი, შემდგომ თაობას, ამ შემთხვევაში ლეკვს, ორი თვის განმავლობაში აქვს იმუნიტეტი, რომელიც მას იცავს.

სად იჩენს თავს ცოფი, წინასწარ არავინ იცის, ამიტომ მთავარია, ვაქცინაციის დონე იყოს მაღალი. ჩვენ ყველა ოჯახში მივდივართ, ვინც თანამშრომლობს ჩვენთან, ყველას ცხოველს ვცრით. თუ ვიღაც არ აცრის თავის ცხოველს, ან ჩვენთან არ თანამშრომლობს, ასეთ შემთხვევაში ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზეა ცოფით დაინფიცირების ალბათობა. ვაქცინა უფასოა, ევროპული წარმოების და ხელმისაწვდომია. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ კერძო კლინიკაში აცრას თავისი ცხოველი, უნდა იცოდეს, რომ ფასიანია. გააგრძელეთ კითხვა