ავტორი:

რუსული გამანადგურებლები ნატოს წევრი კიდევ ერთი ქვეყნის სივრცეში შეიჭრნენ - "...იძულებული იყვნენ გაქცეულიყვნენ": რას ამბობს ამით პუტინი?

რუსული გამანადგურებლები ნატოს წევრი კიდევ ერთი ქვეყნის სივრცეში შეიჭრნენ - "...იძულებული იყვნენ გაქცეულიყვნენ": რას ამბობს ამით პუტინი?

გუშინ სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი 12 წუთით ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"დღეს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთში რუსეთის საქმეთა რწმუნებული დაიბარა, რათა პროტესტი გამოეხატა და ნოტა გადაეცა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე, რომელიც 19 სექტემბერს მოხდა.

შემოჭრა ფინეთის ყურის საჰაერო სივრცეში მოხდა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამი "მიგ-31“ საბრძოლო თვითმფრინავი ნებართვის გარეშე შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და მანდ ჯამში 12 წუთი გაატარა“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გამო ესტონეთი ნატოს მე-4 მუხლის ამოქმედებას მოითხოვს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს დილით სამი რუსული "მიგ-31“ საბრძოლო თვითმფრინავი შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში.

ნატოს საბრძოლო თვითმფრინავებმა უპასუხეს და რუსული თვითმფრინავები იძულებული იყვნენ გაქცეულიყვნენ.

მსგავსი დარღვევები სრულიად მიუღებელია. ესტონეთის მთავრობამ ნატოს მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნა გადაწყვიტა“, - წერს მიხალი.

"მიგ-31“ არის ორადგილიანი ზებგერითი შორი მოქმედების გამანადგურებელ-გადამტაცი. იგი იყო პირველი საბჭოთა მეოთხე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი. მიგ-31-ს დანიშნულებაა საჰაერო მიზნების განადგურება ძალიან დაბალ, დაბალ, საშუალო და მაღალ სიმაღლეზე, დღისით და ღამით, ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში.

ნატოს კიდევ ერთი წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში შეჭრის თემას ეხმაურება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე:

"არ გამკვირვებია რამდენიმე საათის წინ რუსული გამანადგურებლების გამოჩენა ესტონეთის დედაქალაქ ტალინის სიახლოვეს. ეს იმიტომ, რომ დაუსჯელობა კვებას აგრესიას. რაც უფრო დაუსჯელი იქნება რუსეთი მით უფრო აგრესიული და თამამი გახდება ის. სანამ შიშს ავლენს ალიანსი - ვინიცობაა ომი არ დაიწყოს რუსეთმაო - სწორედ მანამ გააგრძელებს რუსეთი მის დაშინებას ამ მეთოდით.

ამით კი ალიანსის შიგნით ეჭვის შეტანასაც ახერხებს მისი ფუნქციურობის შესახებ. თურქეთმა 2015 წელს რუსული ბომბდამშენი, რომ ჩამოაგდო საკუთარი საჰაერო ცის დარღვევისათვის აი ის იყო პასუხი. მაშინ რუსეთი ძალის ზენიტში იყო არადა. ზოგადად აგრესორს იმაზე მეტად არაფრის ეშინია, ვიდრე პასუხია. თუ აგრესორმა იცის რომ ფასს არ გადაიხდის თავისი ქმედების გამო, რატომ გაჩერდება ის?! მეტიც, პროპორციულად ზრდის რუსეთი ასეთი ქმედების მასშტაბებს.

ერთადერთი კარგი რაც ამ პროცესში ხდება არის ის, რომ რუსეთის თითოეული ასეთი დარღვევა კიდევ უფრო მეტად აფხიზლებს დასავლეთს და არწმუნებს მოქმედების აუცილებლობასა და გადაიარაღების დაჩქარებაში.

თუ ჯერ კიდევ რატომ ვერ გამოფხიზლდა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი, ეს იმის ბრალია, რომ ცივი ომის შემდეგ დიდი ხანი იცხოვრეს ისეთი მშვიდობის ერაში, სადაც აღარ ეგონათ ომები თუ კიდევ იქნებოდა და დაიჯერეს, რომ სხვებიც ისეთივე რაციონალურები და მშვიდობის მოსურნენი იყვნენ, როგორც თავად. ათწლეულები ასე რომ იყო და ასეთ გარემოში რომ ფორმირდნენ პოლიტიკოსებად, ახლა ერთი და ორი წელი საკმარისი არ აღმოჩნდა ბოლომდე გაეანალიზებინათ საფრთხის სიმძიმე.

თუმცა იცვლება ესეც. განსაკუთრებით აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპელი ლიდერების მოწოდებების ფონზე, რომლებიც მუდმივად იმეორებენ, აი ხომ გეუბნებოდით რა არის რუსეთიო.განწყობები იცვლება ევროპელი მოსახლეობის შიგნითაც: თუკი აქამდე რუსეთის დარღვევებზე ფრთხილი პასუხი იყო მხარდაჭერილი, ახლა მასობრივად გაისმის მოწოდებები რუსული საფრენი აპარატების ჩამოგდების აუცილებლობისა და გადაიარაღების შესახებს. ეს აღმოსავლეთ ევროპაში აქამდეც ასე იყო, მაგრამ ახლა უკვე დასავლეთ ევროპაში გაისმის ასე".

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ რუსული დრონები პოლონეთის ცაზეც გამოჩნდნენ. მომხდარის გამო ოთხი აეროპორტი, მათ შორის ვარშავაში მდებარე ყველაზე დიდი აეროპორტი, დაიხურა. მაშინ პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს.

წაიკითხეთ ასევე: