ავტორი:

რა ხდება ბათუმში ძლიერი შტორმის შემდეგ - წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა (ფოტოები)

რა ხდება ბათუმში ძლიერი შტორმის შემდეგ - წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა (ფოტოები)
  • ფოტოები: მარიკო კეკელიძე

ბათუმში სანაპიროზე შტორმა საპლაჟო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად პარკებსა და სკვერებში ხე-მცენარეები წაიქცა. მოქალაქეების ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე ადგილზე მრავალწლოვანი ხეები წაიქცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმში ძლიერი ქარი და წვიმა მთელი ღამის განმავლობაში დაფიქსირდა და ამ დრომდე გრძელდება. ბათუმის სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმი და ძლიერი ქარი ფიქსირდება.

ბათუმის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სანაპიროს ტერიტორიაზე არიან მობილიზებული.

"მიმდინარეობს შტორმის შედეგად დანაგვიანებული ახალი ბულვარის სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოები. პარალელურად, სუფთავდება ქალაქის ქუჩები”,- აღნიშნეს მათ.

გუშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსალოდნელი შტორმისა და უამინდობის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.

"21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.