რუსეთმა აივ ინფექციით, ჰეპატიტით და სხვა დაავადებებით ინფიცირებული ჯარისკაცებისგან შემდგარი დანაყოფები ომში საბრძოლველად გაგზავნა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი სამხედრო ექსპერტები ავრცელებენ.
"არსებობს ინფორმაცია, რომ ეს სამხედროები ყველაზე ცხელ წერტილში - პოკროვსკში იმყოფებიან“, - განაცხადა დმიტრო ჟმაილომ, უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის (USCC) აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, რუსი მედიკოსების მიერ არასტერილიზებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებამ, აივ ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი. თუმცა, ექსპერტების თქმით, ბრძოლის ველზე ამდენი ავადმყოფი ჯარისკაცის ყოფნა საფრთხეს უქმნის უკრაინის ძალებსაც.
პოროვსკის ფრონტის ხაზზე გაგზავნამდე, დანაყოფებმა წვრთნები ოკუპირებულ უკრაინაში, მათ შორის ხერსონსა და ზაპოროჟიეში, ასევე ყირიმში გაიარეს.

2022 წელს „ვაგნერის“ დაქირავებულმა დაჯგუფებამ დაიწყო აივ ინფიცირებული და ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების რეკრუტირება. სავარაუდოდ, ლენინგრადის ოლქის სასჯელაღსრულების კოლონიიდან დაახლოებით 100 კაცი გადაიყვანეს, რომელთაგან აივ ინფიცირებულებს წითელ სამაჯურებს, ხოლო ჰეპატიტით დაავადებულებს - თეთრ სამაჯურებს აძლევდნენ.
რუსეთის სამხედრო ძალებში ამ დანაყოფების ფორმირება ჯანდაცვის კრიზისის გაღრმავების უახლესი ნიშანია. ვლადიმერ პუტინის ჯარში აივ ინფექციის, ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ერთ-ერთ რუსულ ქვედანაყოფში ცოტა ხნის წინ სასიკვდილო ჰემორაგიული ცხელების აფეთქება დაფიქსირდა. ეს დაავადება თვალებიდან სისხლდენას იწვევს. "ფარული ეპიდემიის" შესახებ ინფორმაციის გავრცელება მკაცრად კონტროლირებადმა რუსულმა მედიამაც კი დაიწყო.