აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ნარკოკარტელის გემს მესამედ დაარტყეს. შედეგად სამი მამაკაცი დაიღუპა.
"ჩემი ბრძანებით, დარტყმა განხორციელდა გემზე, რომელიც დაკავშირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან. დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი უკანონო ნარკოტიკებით ვაჭრობდა და ამერიკელების მოსაწამლად ცნობილი ნარკოტრეფიკინგის გასასვლელით გადაადგილდებოდა.
შეწყვიტეთ ფენტანილისა და უკანონო ნარკოტიკების გაყიდვა ამერიკაში, ასევე ძალადობისა და ტერორიზმის ჩადენა ამერიკელების წინააღმდეგ!!!", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელი ტერორისტული ჯგუფი იყო სამიზნე ან რომელი ქვეყნიდან იყო გემი.

ტრამპმა ნარკოტიკებით კონტრაბანდის წინააღმდეგ პირველი სამხედრო დარტყმის განხორციელების ბრძანება 2 სექტემბერს გასცა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა „ტრენ დე არაგუას“ 11 სავარაუდო წევრი. (ვენესუელური ბანდა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ნიკოლას მადუროს რეჟიმის ქვეშ მოქმედ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.)
ვენესუელაში დაფუძნებული ნარკოდილერების წინააღმდეგ აშშ-ის მეორე დარტყმა 15 სექტემბერს განხორციელდა, რის შედეგადაც 3 მამაკაცი მოკლეს. პრეზიდენტმა ორივე საჰაერო დარტყმის ვიდეოები Truth Social-ზე გამოაქვეყნა.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა კარიბის ზღვაში სულ მცირე რვა სამხედრო გემი განათავსეს. რეგიონში ასევე განლაგდა მაღალტექნოლოგიური F-35 გამანადგურებლები.