ექსპერტი იქთიოლოგიასა და მეთევზეობაში არჩილ გუჩმანიძე რამდენიმე დღიანი შტორმის შემდეგ, შავ ზღვაში არსებული ვითარების შესახებ წერს და აცხადებს, რომ საგანგაშო მდგომარეობაა.
მისი თქმით, ზღვაში სიმღვრივის ისეთი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომ ბიომრავალფეროვნებისთვის შესაძლოა ლეტალური შედეგი დადგეს.

“45 წლის ვარ, ერთი ზღვაში არ დავბადებულვარ, თუმცა ლამის ზღვაში გავიზარდე, მაგრამ: "ასეთი ზღვა მე არ მახსოვს".
ამაზე ბევრად მძლავრ შტორმსაც მოვსწრებივარ, უფრო მეტი გამორიყული დრიფტვუდიც მინახია სანაპიროზე, მაგრამ ასეთი სიმღვრივე და ფერი არასოდეს ქონია ამ ზღვას, სპეციალურად გავზომე (ტურბიდომეტრით), თან სამჯერ და თან მდინარიდან შორს - საზღვაო აკადემიის წინ, სიმღვრივე დაფიქსირდა 2560 NTU (მინიმალური,) ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა, კახოვკის კაშხალი რომ ააფეთქეს მაშინაც. 2650 NTU ( რეალურად უფრო მეტია) ლეტალურია ლითორალური ცენოზების ბინადრების უმრავლესობისთვის.
სანაპიროს ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანი კატასტროფულია. ეს შედეგია არა მხოლოდ წვიმების და შტორმის - წვიმებიც და შტორმიც, ამაზე ბევრად ძლიერი სულ იყო და იქნება, ესაა შედეგი ფაქტობრივად ზღვის ყველა მკვებავი მდინარიდან ქვიშა-ხრეშის მტაცებლური და გაუაზრებელი მოპოვების.
სანამ დროა ეს უნდა გაჩერდეს!“- წერს ექსპერტი.

ბათუმში ორდღიანი შტორმის შემდეგ, სანაპიროზე შლამი და უამრავი დამაბინძურებელი გამოირიყა.
ფოტო: ბათუმი / Batumi და არჩილ გუჩმანიძე