ავტორი:

"ჰამასმა" მძევლების "გამოსამშვიდობებელი" ფოტო გამოაქვეყნა - რას წერს დაჯგუფება ისრაელის მისამართით?

"ჰამასმა" მძევლების "გამოსამშვიდობებელი" ფოტო გამოაქვეყნა - რას წერს დაჯგუფება ისრაელის მისამართით?

შაბათს, 20 სექტემბერს "ჰამასმა" 48 ისრაელელი მძევლის "გამოსამშვიდობებელი ფოტო" გამოაქვეყნა. ფოტოზე ტყვეების სახეებია გამოსახული და თითოეული მათგანის ქვეშ ამოტვიფრულია სახელი - რონ არადი. არადი ისრაელის საჰაერო ძალების პილოტი იყო, რომელიც 1986 წელს სამხრეთ ლიბანში დაბომბვის დროს გაუჩინარდა. ითვლება, რომ ის ტყვედ ჩავარდა და გარდაიცვალა, თუმცა ოფიციალურად ის დღემდე დაკარგულად ითვლება.

ტერორისტული დაჯგუფება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების უგულებელყოფაში, ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსს - ეიალ ზამირს, ღაზას წინააღმდეგ განხორციელებულ უსამართლო ქმედებებში ადანაშაულებს.

"ნეთანიაჰუსა და ზამირის სიჯიუტის გამო, ღაზას ქალაქში სამხედრო ოპერაციის დასაწყისისთვის გამოსამშვიდობებელ ფოტოს ვაქვეყნებთ",- ნათქვამია "ჰამასის" გავრცელებული პროპაგანდისტული ფოტოს აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით სამხედრო შეტევა განაგრძეს და ზოლში 100 სამიზნე დაბომბეს, მათ შორის გვირაბები, შენობები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომლებსაც, მათი თქმით, ჰამასი იყენებდა.

  • სამხედროების ვარაუდით, აგვისტოს ბოლოდან ღაზას ქალაქი დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ისრაელის თავდაცვის ძალების მასშტაბური შეტევის დაწყებამდე კი ქალაქში, სავარაუდოდ, 1 მილიონი პალესტინელი ცხოვრობდა.

  • "ჰამასმა" ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ღაზას ქალაქის სამხედრო აღება იმას ნიშნავს, რომ მათ მძევლების დაბრუნების ნებისმიერ შანსზე უარი თქვეს.

"ღაზას ქალაქში წამოწყებული ოპერაცია სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდება. იმ დესტრუქციას და სიკვდილს, რომელიც მათ ღაზას ქუჩებში მოაქვთ, მალე თავადვე იწვნევენ",- განაცხადა ხუთშაბათს ჰამასის მაღალჩინოსანმა ბასემ ნაიმმა.

ამასთან, ისრაელში შაბათს საღამოს სახმელეთო ოპერაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მძევლების ოჯახები ნეთანიაჰუს ადანაშაულებდნენ, რომ პოლიტიკური სარგებლისთვის ის მათი ახლობლების და საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს სწირავდა.

წყარო: nypost