31 წლის ჩარლი კირკის დაკრძალვის დღეს, მისი ხსოვნის პატივსაცემად არიზონას შტატის ქალაქ გლენდეილში, State Farm Stadium-ზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ შორისიყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც გამოსამშვიდობებელი სიტყვა თქვა.


“იარაღი მისკენ იყო მიმართული, მაგრამ ტყვია ყველასკენ. ეს ტყვია ყველასკენ იყო მიმართული“, - განუცხადა ტრამპმა State Farm Stadium-ზე შეკრებილ ადამიანებს.
მისი თქმით, ჩარლი კირკი ამერიკული თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.
“ის მოწამეა ამერიკული თავისუფლებისთვის. ვიცი, რომ დღეს ყველას სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ არცერთი ჩვენგანი არასოდეს დაივიწყებს ჩარლი კირკს და არც ისტორია დაივიწყებს მას“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, კირკი იყო დიდი ამერიკელი გმირი, რომელიც სასტიკად მოკლა “რადიკალიზებულმა, ცივსისხლიანმა მონსტრმა იმის გამო, რომ სიმართლეს საუბრობდა“.
“ის მოკლეს, რადგან მამაცურად ცხოვრობდა, თამამად ცხოვრობდა და ბრწყინვალედ კამათობდა“, - განუცხადა ტრამპმა ფენიქსის მახლობლად, სტეიტ ფარმის სტადიონზე შეკრებილ ხალხს.
მან კირკის მკვლელობაში “რადიკალი მემარცხენეები“ დაადანაშაულა და დასძინა, რომ “ძალადობა ძირითადად მემარცხენეებიდან მოდის“.
“მე მათ რადიკალ მემარცხენეებს ვეძახი. ხანდახან მათ რადიკალ მემარცხენე შეშლილებს ვეძახი. მაგრამ ჩარლი ამას არ ამბობდა. ის მათ მემარცხენეებს უწოდებდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ასევე სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.



შეკრებილებს სიტყვით მიმართა ჩარლი კირკის მეუღლემ, ერიკა კირკმა. ის მიკროფონთან დონალდ ტრამპმა მიიწვია.

მისი თქმით, პატიობს იმ მამაკაცს, რომელმაც მისი ქმარი მოკლა.
"მე მას ვპატიობ“, - განაცხადა მან, რამაც აუდიტორიაზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. "მამაო, მიუტევე მათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ... მე მას ვპატიობ, რადგან სწორედ ასე მოიქცა ქრისტე. სიძულვილის პასუხი სიძულვილი არ არის“, - აღნიშნა ჩარლი კირკის მეუღლემ.


ერიკას თქმით, მისი ქმრის მისია იყო, გადაერჩინა ახალგაზრდები, რომლებიც “ბრაზითა და სიძულვილით იყვნენ გაჟღენთილი“.
დაკრძალვის ცერემონიაზე დიდი ხნის შემდეგ, ერთად გამოჩნდნენ დონალდ ტრამპი და ელონ მასკი.
ისინი ერთმანეთს არიზონას სტადიონზე, მინის ტიხარს მიღმა შეხვდნენ, სადაც მასკმა აშშ-ის პირველ პირს ხელი ჩამოართვა და მათ შორის მოკლე საუბარიც შედგა.
შეგახსენებთ, 31 წლის ჩარლი კირკს 10 სექტემბერს, იუტას უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებაზე ესროლეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულია 22 წლის ტაილერ რობინსონი.
იხილეთ ასევე: