ავტორი:

პერსონალიზებული მედიცინა და ფაგოთერაპიის შესაძლებლობები ამ მიმართულებით

პერსონალიზებული მედიცინა და ფაგოთერაპიის შესაძლებლობები ამ მიმართულებით

პერსონალიზებული მედიცინა მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ტენდენციად იქცა. საქართველოში ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესო ფორმით, ფაგოთერაპიით სახით ვითარდება. თავად ფაგოთერაპიის მრავალწლიანი გამოცდილება კი გიორგი ელიავას ინსტიტუტს უკავშირდება.

ამ თემაზე ვესაუბრეთ ბაქტერიოფაგის კლინიკის ექიმ თერაპევტ ლია ნადარეიშვილს, რომელმაც დეტალურად გაგვიზიარა, რა არის პერსონალიზებული მედიცინა, რატომ გახდა ის მსოფლიოში აქტუალური, როგორია ამ სფეროს მდგომარეობა საქართველოში და რა შესაძლებლობებს სთავაზობს ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკა პაციენტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ქალბატონო ლია, რას ნიშნავს პერსონალიზებული მედიცინა?

პერსონალიზებული მედიცინა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ზუსტი მედიცინა, არის მიდგომა მკურნალობასა და ზოგადად ჯანდაცვაში, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ ცვალებადობას თითოეული ადამიანის გენოტიპში, გარემოსა და ცხოვრების წესში. პერსონალიზებული მედიცინის მიზანი სამედიცინო გადაწყვეტილებების, მკურნალობის, პრაქტიკის და პროდუქტების ინდივიდუალურ პაციენტზე მორგებაა.

პერსონალიზებული მედიცინა ფართო მცნებაა და რამდენიმე მნიშვნელოვან, ძირითად კომპონენტს მოიცავს. მათი საშუალებით ინდივიდის ძირითადი მახასიათებლების დადგენა ხდება. აღნიშნული მახასიათებლები შეიძლება იყოს გენეტიკური, მეტაბოლური და სხვა. ისინი ინდივიდში დაავადების რისკის შეფასების, მკურნალობაზე პასუხის პროგნოზირების და მიზნობრივი თერაპიის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. პერსონალიზებული მედიცინა ასევე ითვალისწინებს პაციენტის სპეციფიკურ მონაცემებს, როგორიცაა სამედიცინო ისტორია, გარემო ფაქტორები, ცხოვრების წესის არჩევანი და პრეფერენციები მორგებული მკურნალობის გეგმების შემუშავებისთვის.

ამ კომპონენტების ინტეგრირებით, პერსონალიზებული მედიცინა მიზნად ისახავს გააუმჯობესოს სამედიცინო მკურნალობის სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს არასასურველი ეფექტები. ის წარმოადგენს გადახვევას ჯანდაცვის ტრადიციული, ერთიანი მიდგომიდან, უფრო ინდივიდუალური და ზუსტი ინტერვენციებისკენ.

რატომ გახდა აქტუალური მსოფლიოში ეს მიდგომა?

პერსონალიზებული მედიცინა მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური რამდენიმე ფაქტორის გამო ხდება. ესენია:

  • მიღწევები გენომიკასა და ბიოტექნოლოგიაში;
  • დაავადების და მათი მკურნალობის სირთულე: მრავალი დაავადება, მათ შორის კიბო, გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიური დაავადებები, რთული და მრავალფაქტორულია, მათ განვითარებასა და პროგრესირებაში მნიშვნელოვანია გენეტიკური, გარემო და ცხოვრების წესის ფაქტორები. ბევრი ინფექციური დაავადება და მათი მკურნალობა სულ უფრო რთული ხდება დაავადებების გამომწვევი მიკრორგანიზმების, მკურნალობის მიმართ მდგრადობის გაძლიერების გამო. პერსონალიზებული მედიცინა ამ ფაქტორების უფრო ყოვლისმომცველი გაგების საშუალებით, ინდივიდუალური რისკის პროფილებზე დაფუძნებული მორგებული ჩარევის საშუალებას იძლევა;
  • მიზნობრივი თერაპია: პერსონალიზებული მედიცინა ხელს უწყობს მიზნობრივი თერაპიის შემუშავებას. კლინიცისტებს შეუძლიათ ცალკეული პაციენტებისთვის დანიშნონ მკურნალობა;
  • პაციენტის გაუმჯობესებული შედეგები: ინდივიდუალური პაციენტებისთვის სამედიცინო მკურნალობისა და ინტერვენციების მორგებით, პერსონალიზებულ მედიცინას აქვს პოტენციალი, გააძლიეროს მკურნალობის ეფექტურობა და შეამციროს გვერდითი რეაქციების ალბათობა;
  • ხარჯების ეფექტურობა: მიუხედავად იმისა, რომ პერსონალიზებული მედიცინის საწყისი ხარჯები შეიძლება იყოს მაღალი, პერსონალიზებული მკურნალობის შედეგად ხდება გრძელვადიანი ხარჯების დაზოგვა არასაჭირო ინტერვენციების, ჰოსპიტალიზაციასა და არაეფექტურ მკურნალობასთან დაკავშირებული გართულებების შემცირებით;
  • პაციენტის მეტი ჩართულობა: პერსონალიზებული მედიცინა საშუალებას აძლევს პაციენტებს, თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის ვარიანტების შესახებ ინფორმაციასთან მეტი წვდომა ჰქონდეთ. ეს ხელს უწყობს მკურნალობისადმი უფრო პერსონალიზებულ და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას;

მთლიანობაში, პერსონალიზებული მედიცინა წარმოადგენს პარადიგმის ცვლილებას ჯანდაცვის სფეროში, რომელსაც აქვს პოტენციალი, მოახდინოს რევოლუცია დიაგნოზის, მკურნალობისა და პრევენციის სტრატეგიებში. პერსონალიზებული მედიცინა, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჯანდაცვის მომავლის ფორმირებაში.

საქართველოში რა ვითარებაა ამ მიმართულებით?

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პერსონალიზებული მედიცინა ახალია და შესაბამისად მკურნალობისადმი ამ მიდგომის გამოყენება, თავისი კლასიკური გაგებით ნაკლებად ხდება.

თბილისში ფუნქციონირებს პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ონკოლოგიისა და შინაგანი მედიცინის კვლევის ცენტრის ბაზაზე და მომსახურებას ძირითადად ონკოლოგიურ პაციენტებს უწევს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მკურნალობისადმი პერსონალიზებული მიდგომის ერთ-ერთ პერსპექტიული და განვითარებადი, ბაქტერიოფაგებით მკურნალობის მეთოდი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ელიავას ფაგოთერაპიულ ცენტრში.

თერაპიის ეს მეთოდი საქართველოში ორგანულად დაეფუძნა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, ვირუსოლოგიის და ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტის ასწლოვან სამეცნიერო მიღწევებს. ამ მხრივ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია მსოფლიოში.

ფაგოთერაპია ნამდვილად არის პერსონალიზებული მკურნალობის ფორმა, რასაც რიგი ფაქტორები განაპირობებს:

მიზნობრიობა - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, რომლებსაც შეუძლიათ მავნე ბაქტერიებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიების განადგურება, ფაგები ძალიან სპეციფიკურია გარკვეული ბაქტერიების შტამებისთვის. ეს სპეციფიკურობა და მიზანმიმართულობა ბაქტერიული ინფექციების ზუსტი მკურნალობის საშუალებას იძლევა ისე, რომ ორგანიზმის მიკრობიომის (მიკრობიომი არის მიკროორგანიზმების ერთობლიობა, მათ შორის ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების და სხვა მიკრობების, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანის სხეულზე და მის შიგნით. მიკრობიომის როლი უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვისათვის და ასევე მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ინფექციის პრევენციასა და მკურნალობაზე) დარღვევა მინიმუმამდეა შემცირებული.

ფაგების მორგების შესაძლებლობა ბაქტერიულ შტამებთან - ფაგოთერაპიის პერსონალიზებული მიდგომის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია სპეციფიკური ფაგების შერჩევა, რომლებიც ეფექტურია ინფექციის გამომწვევი კონკრეტული ბაქტერიული შტამის წინააღმდეგ.

ადაპტაცია და მოქნილობა - ფაგოთერაპია ავლენს მოქნილობას მკურნალობის სქემებში, არსებობს საშუალება მოხდეს ამ სქემების კორექტირება მკურნალობაზე პაციენტის პასუხის მიხედვით და ინფიცირებულ ბაქტერიულ პოპულაციაში ცვლილებებზე დაყრდნობით. ფაგების შეყვანა შესაძლებელია ადგილობრივად, პერორალურად, რექტალურად, ინსტილაციის და ინჰალაციის გზით, ინფექციის ადგილისა და სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის პროტოკოლები შეიძლება მორგებული იყოს ცალკეულ პაციენტებზე, ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა ინფექციის მდებარეობა, პაციენტის იმუნური სტატუსი და სხვა სამედიცინო პირობების არსებობა.

კომბინირებული თერაპიის პოტენციალი - ფაგოთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიბიოტიკებთან ან სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად მკურნალობის ეფექტურობის გასაძლიერებლად და ანტიბიოტიკების წინააღმდეგობის დასაძლევად. კომბინირებული თერაპიის ეს პერსონალიზებული მიდგომა კლინიცისტებს საშუალებას აძლევს მოახდინონ მკურნალობის რეჟიმის მორგება ინფექციის სპეციფიკურ მახასიათებლებზე და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.

მონიტორინგი და მეთვალყურეობა - ფაგოთერაპია ხშირად გულისხმობს პაციენტების მჭიდრო მონიტორინგს, რათა შეფასდეს მკურნალობის შედეგი, აღმოჩენილი იქნას ნებისმიერი გვერდითი ეფექტი და შეიცვალოს მკურნალობა საჭიროებისამებრ. ეს შეიძლება მოიცავდეს რეგულარულ კლინიკურ შეფასებებს, ლაბორატორიულ ტესტებს და ვიზუალიზაციის კვლევებს, რათა მოხდეს ინფექციის კონტროლი და უზრუნველყოფილი იყოს ოპტიმალური გამოსავალი.

ფაგოთერაპიამ ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გლობალური პრობლემის კონტექსტში.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და შეზღუდვები, მათ შორის მარეგულირებელი დაბრკოლებები, შემდგომი კლინიკური კვლევების საჭიროება და სხვა, მიმდინარე მიღწევები დიდ პოტენციალს შეიცავს, ბაქტერიული ინფექციების ბაქტერიოფაგებით პერსონალიზებული მკურნალობის კუთხით.

რას სთავაზობთ პაციენტებს პერსონალიზებული მედიცინის მიმართულებით?

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი აფილირებულია გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან. ცენტრი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული სულ რამდენიმე სამედიცინო ცენტრიდან, რომელიც სამკურნალოდ ფაგოთერაპიას იყენებს. ჩვენ გვყავს შინაგანი მედიცინის, პედიატრიის, უროლოგიის, გინეკოლოგიისა და ოტორინილარინგოლოგიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ცენტრი სთავაზობს ამბულატორიულ ქირურგიულ და არაქირურგიულ კონსულტაციებსა და კომპლექსურ სამედიცინო მომსახურებას, რომლის სამკურნალო სტრატეგიის ქვაკუთხედი ბაქტერიოფაგიის გამოყენებაა.

პაციენტს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს მომსახურების სამი ძირითადი პაკეტიდან ერთ-ერთი:

- ამბულატორიული მომართვა ექიმ-სპეციალისტთან. ამ შემთხვევაში პაციენტს ენიშნება შესაბამისი გამოკვლევები და კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ენიშნება ასევე შესაბამისი, მორგებული მკურნალობა, პირველ რიგში ფაგოთერაპია. ადგილზე შესაძლებელია გინეკოლოგიური, უროლოგიური, ქირურგიული, დერმატოლოგიური პროცედურების ჩატარება ფაგების გამოყენებით - ინსტილაციები, ჭრილობების დამუშავება, მეზოთერაპია.

- გვაქვს დისტანციური მკურნალობის პაკეტი, რომლითაც ძირითადად უცხოელი პაციენტები სარგებლობენ და რომელიც გულისხმობს დისტანციურად გამოგზავნილი ნაცხების ბაქტერიოლოგიურ კვლევას, ექიმის დისტანციურ კონსულტაციას, ფაგომგრძნობელობის და ასევე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით პაციენტისთვის მორგებული ფაგოთერაპიის დანიშვნას, ფაგების კომპლექტის გაგზავნას პაციენტთან, მკურნალობის შემდეგ საკონტროლო ბაქტერიოლოგიური კვლევების ჩატარებას.

- ასევე გვაქვს ადგილზე მკურნალობის კომპლექსური პაკეტი, ამ პაკეტსაც უფრო ხშირად უცხოელი პაციენტები ირჩევენ და ის გულისხმობს ორი ან სამი კვირის განმავლობაში, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურ შესწავლას სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის მეთოდების გამოყენებით, ექიმის მიერ პაციენტის მჭიდრო, ყოველდღიურ მონიტორინგს, ძირითადი აქცენტი ცხადია ბაქტერიოლოგიურ კვლევებსა და შესაბამისი ფაგური პრეპარატის შერჩევაზეა გადატანილი.

ჩვენს ცენტრში დანერგილია ტელემედიცინა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მეთვალყურეობა გავუწიოთ პაციენტის მკურნალობის პროცესს.

რომელი დაავადების მქონე პაციენტები მოგმართავენ უფრო ხშირად?

ელიავას ფაგოთერაპიულ ცენტრს მომართავენ არა მხოლოდ ადგილობრივი პაციენტები, არამედ პაციენტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის - ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, აშშ, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი და სხვა.

უცხოელი პაციენტები ძირითადად მოგვმართავენ ქრონიკული ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების ანტიბიოტიკებით უშედეგო მკურნალობის შემდეგ. ეს დაავადებებია:

- შარდ-სასქესო გზების ქრონიკული მორეციდივე დაავადებები: ქრონიკული ბაქტერიული ცისტიტი, ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ბაქტერიული ვაგინიტი და სხვა.

- ფილტვების ქრონიკული, ბაქტერიული ინფექციით გართულებული დაავადებები: ბრონქოექტაზია, ცისტური ფიბროზი, პირველადი ცილიარული დისკინეზია, ფქოდ, ქრონიკული ბრონქიტი და სხვა.

- ქრონიკული ბაქტერიული სინუსიტები.

- ქირურგიული პაციენტები ქრონიკული, ბაქტერიული ინფექციით გართულებული ჭრილობებით, პროთეზის ინფექციებით, დიაბეტური ტერფით, ოსტეომიელიტით და სხვა.

- კანის მორეციდივე ჩირქოვანი დაავადებებით, აკნე, ჰიდრადენიტი და სხვა.

რაც შეეხება ქართველ პაციენტებს, ისინი უპირატესად კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებებით, ძირითადად ფუნქციური დარღვევევბით, ნაწლავური დისბიოზით გამოწვეული პრობლემებით გვაკითხავენ. ასევე ხშირია მომართვიანობა ურო-გენიტალური, სასუნთქი გზების, სინუსების, კანის სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციებით.

როგორ ხდება პერსონალიზებული მკურნალობა? რა კვლევები ტარდება და რა პრინციპებით ხდება სამკურნალო კურსის შერჩევა?

პაციენტის მკურნალობის სქემის შერჩევისას მთავარი ფოკუსი, რა თქმა უნდა, ბაქტერიული ინფექციის გამომწვევის დაზუსტებასა და ასევე ზუსტი ფაგის მორგებაზე კეთდება. ამისთვის პაციენტს, იმის მიხედვით, თუ რომელი სისტემის დაავადებასთან გვაქვს საქმე, უტარდება სხვადასხვა გამონაყოფებისა და ნაცხების (სისხლის, ნახველის, შარდის, განავლის, პირის ღრუს, ხახის, ცხვირის, ყურის ნაცხების, ჭრილობის ნაცხის, ჩირქის, საშოს ნაცხის, ურეთრის ნაცხის, პროსტატის სეკრეტის და სხვა) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შესწავლისა და ინდივიდუალური თავისებურებების შესწავლის მიზნით, მას ასევე სხვადასხვა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევაც უტარდება.

მოგვიყევით პერსონალიზებული ფაგების შესახებ

ელიავას კონსორციუმში შემავალ წარმოებაში - ელიავა ბიოპრეპარატები, ხდება რამოდენიმე ფაგოპრეპარატის წარმოება, რომელთა სპექტრი მოიცავს ინფექციების გამომწვევ ყველაზე ხშირ ბაქტერიებს: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფსევდომონა, ნაწლავური ჯგუფის ბაქტერიები და სხვა. თუმცა ელიავას ინსტიტუს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გამოყოს პაციენტის დაავადების გამომწვევი კონკრეტული ბაქტერიის სრულიად სპეციფიური ფაგი და აწარმოოს პერსონალური ფაგის პრეპატიც, ეგრეთ წოდებული „ავტოფაგი“. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადების გამომწვევი არის იშვიათი ბაქტერია, რომლის მიმართ მოქმედი ფაგები არ შედის უკვე წარმოებულ ფაგურ კოქტეილებში, ფართო სპექტრის ფაგების კოქტეილების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიასთან გვაქვს საქმე ან პაციენტის პერსონალური საჭიროება მოითხოვს ამას. სწორედ ეს სერვისი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ ფაგოთერაპია პერსონალიზებულია თერაპიაა.

ელიავას ინსტიტუტში არსებობს ასეთი ინდივიდუალური, პერსონალური ფაგების უნიკალური, მსოფლიოში ერთ ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექცია.

R