გასულ კვირას პროკურატურამ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დანაშაულის შესახებ გვამცნო - როგორც გაირკვა, 2022-24 წლებში საქართველოში აზერბაიჯანის გავლით აუარება რუსული ფული შემოვიდა. უწყების ინფორმაციით, დააკავეს ერთი პირი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კახა კოტორაშვილი, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მფლობელი. ამ უკანასკნელის სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანიდან რუსული რუბლის გადმოტანაში ჩართული იყო კიდევ ერთი კაცი - ელდარ ჰუსეინოვი. რამდენიმე დეტალის გარკვევის მიუხედავად, ამ გასაოცარი საქმის შესახებ სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, პასუხები კი ჯერ არ ჩანს. როგორც ფულის "გათეთრების" საქმის პროკურორმა ზინიკო ქობალიამ სასამართლო სხდომაზე თქვა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოიტანეს 59 მილიარდი რუსული რუბლი. შემდეგ 624 მილიონ დოლარად და 35 მილიონ ევროდ გადაახურდავეს. ფინანსისტების თქმით, თუ დავუშვებთ, რომ ამ ოდენობის რუსული რუბლი შემოიტანეს ყველაზე მსხვილი კუპიურებით - 5000-რუბლიანი ბანკნოტებით, უკანონოდ შემოტანილი თანხის წონა, სულ ცოტა, 11.8 ტონა გამოდის. თუ იმასაც დავუშვებთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ თანხას ყოველდღიურად "ათეთრებდნენ", გამოდის, ყოველდღე "ათეთრებდნენ" დაახლოებით 607 300 დოლარს. არავის სჯერა, რომ ამ მასშტაბურ მაქინაციაში მხოლოდ 2 პირი მონაწილეობდა ან სახელისუფლებო დიდი ზურგის გარეშე ვინმე ამას გაბედავდა. დაისმის კითხვა, ექნება თუ არა საქმეს პოლიტიკური გაგრძელება და თუ აღმოჩნდებიან საბრალდებო სკამზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის უკვე ყოფილი თუ მოქმედი პირები? - ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს გიორგი მელაშვილთან:

- გადავხედოთ ფაქტებს, უკვე დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შემოვიდა უზარმაზარი ოდენობის უკონტროლო, რუსული ფული. ამ ფულის შემოსვლა, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორუფციაა ყველა დონეზე - დაწყებული საზღვრით, დასრულებული ხელისუფლების მაღალი ეშელონებით... შეუძლებელია ასეთი ოპერაცია სერიოზული სახელისუფლებო მფარველობისა და პროტექციის გარეშე ჩატარებულიყო. ამიტომაც შეფასება, რომ ამ საქმეში ჩართული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, სავსებით საფუძვლიანია. ვინ იყვნენ კონკრეტულად? - სახელდება გვარ-სახელები, მე აღარ გავიმეორებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ საქმის მასშტაბის გათვალისწინებით ისინი უნდა ყოფილიყვნენ პირები, რომლებსაც ეკავათ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები, იმავდროულად, უნდა ყოფილიყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეუძლებელია ერთ ან ორ პირს თამარ მეფის გამზირზე მდებარე ერთი ჯიხურიდან მოეხერხებინა ამხელა სქემის და მაქინაციის განხორციელება.
- ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი დიდი ოდენობის ფულის კონვერტირება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის მიღმა ვერ მოხდებოდა... გამოდის, ამ დანაშაულებრივი სქემის ერთი რგოლი ეროვნულ ბანკშიც არის მოსაძებნი?
- ჯერ ეროვნული ბანკის ჩართულობაზე ოფიციალურად არაფერია ცნობილი, ნორმალურ სახელმწიფოში ამას გამოძიება დაადგენდა. ამ ეტაპზე ჩვენ იძულებული ვართ მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. დიახ, ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა ასეთი ტიპის საქმეების ზედამხედველობა. ამ უწყებას პირდაპირ ევალება ქვეყანაში უცხოური ვალუტის ნაკადების მონიტორინგი, კონტროლი კი ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა. როგორც აღმოჩნდა, სულ ცოტა, ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარის კონვერტაცია მოხერხდა და ამას, რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენა ლარის კურსზე...
შეუძლებელია ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის თვალთახედვაში არ მოხვედრილიყო. რადგან ეს უწყება ამაზე თვალს ხუჭავდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს განპირობებული იყო ფინანსური დანაშაულის მაღალი სახელისუფლებო პატრონაჟით.
გამოდის, ეროვნული ბანკიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ სქემის თანამონაწილე იყო, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად კორუმპირებული იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ კონკრეტულ წლებში.
- აქამდე ვიცოდით, რომ რუსული ფულის "გამთეთრებელ" ქვეყნად, ძირითადად, მიიჩნეოდა კვიპროსი, რომელიც ევროკავშირის წევრია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა ამ მიმართულებით კონტროლი საკმაოდ გაამკაცრა. გამოდის, ახლა რუსული შავი ფული საქართველოში "ირეცხება"?
- მართალი ხართ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გაამკაცრა კონტროლი რუსულ ფულზე. გაუქმდა ე.წ. ოქროს პასპორტები მალტაში, ასევე გამკაცრდა კონტროლი კვიპროსსა და ჩერნოგორიაში. ბუნებრივია, რუსმა ოლიგარქებმა და მათთან დაკავშირებულმა "ჩინოვნიკებმა" დაიწყეს სხვა გზების მოძიება. მაშინ, როდესაც ქართველი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი აფრთხილებდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ეკონომიკის რუსეთზე ჩამოკიდების საფრთხეებზე, ამაში ის რისკებიც იგულისხმებოდა, რომელთა წინაშეც უკვე დადასტურებულად დადგა ქვეყანა. ხომ გვახსოვს რუსეთის მოქალაქეების დაფუძნებული ასამდე კომპანია საქართველოში, რომლებიც დარეგისტრირებული იყო ერთ მისამართზე, ერთ პატარა ქართულ სოფელში. ესეც, რა თქმა უნდა, იმ სქემის ნაწილია, რომ რუსეთის მოქალაქეებს გაუმარტივდეთ ცხოვრება დასავლური სანქციების პირობებში. როდესაც ხდება ეკონომიკის რუსიფიკაცია, რუსული ფული უკონტროლოდ შემოდის, თან ამას ემატება სრულიად კორუმპირებული სახელმწიფო აპარატი, საფრთხეები ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არათუ თვალსაჩინო, უკვე ძალიან დამაზარალებელია. ასეთი სქემები, დარწმუნებული ვარ, სხვაც იყო და ნაწილი ახლაც მოქმედებს, უბრალოდ, მათ უკან დგანან იმ სახელისუფლებო ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც ახლა ძალაუფლებაზე კონტროლი მოიპოვეს. ეს საქმე უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ფულის გათეთრების, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლის კონტექსტშიც. ხომ ვიცით, რომ "ქართულ ოცნებაში" სხვადასხვა კლანი მუდმივად ებრძვის ერთმანეთს. ახლა ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ჯგუფი გაძლიერდა, მან ოპონენტების რუსული კავშირები გამოააშკარავა, მაგრამ სავსებით საფუძვლიანად არსებობს ეჭვები, რომ ბევრი სხვა მსგავსი სქემა არსებობს სწორედ მათი მფარველობით. როგორც ეს ხდებოდა ქოლცენტრების შემთხვევაში, რომელშიც ჩართული იყო სახელმწიფო მართვის ვერტიკალის თითქმის ყველა შტო.
- თქვენი აზრით, რა გაგრძელება ექნება ამ საქმეს, ბოლოს და ბოლოს, როდის მოეფინება ნათელი ამ ბნელით მოცულ დანაშაულს?
- ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება, რატომღაც არ ველი, რომ ეს პროცესები განვითარდება 4 ოქტომბრამდე. მას მერე კი, თუ "ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში ისევე უკონტროლოდ, როგორც ახლა არის, მაშინ აუცილებლად შეეცდებიან, რომ კობახიძემ სრული კონტროლი დაამყაროს "ქართულ ოცნებაზე" და შესაბამისად, ყველა იმ კორუფციულ სქემაზე, რომლებიც სხვადასხვა დაჯგუფების მფარველობით მოქმედებდა აქამდე. ასეთ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ციხეში ჩასმასაც.
- გასულ კვირას არაერთი სხვა დაკავებაც ვნახეთ. მოგეხსენებათ, უაქციზო ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისთვის დაკავებულია ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი, ხოლო იარაღის უკანონო ტარებისთვის ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური... საინტერესოა, რომ ორივენი წლების განმავლობაში "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულ პირებად მიიჩნეოდნენ... აქამდე მათ ეპატიებოდათ ის, რაც სხვებს არა... მათი წინასაარჩევნოდ დაკავება შესაძლოა მხოლოდ შემთხვევითობა და რიგითი კრიმინალის აღკვეთა იყოს?
- რა თქმა უნდა, არა... "ქართული ოცნების" კონტრაქტი იმ ბიზნესმენებსა და კონკრეტულ ელიტურ ჯგუფებთან ყოველთვის მოიცავდა კორუფციულ გარიგებებს. ეს გულისხმობდა, რომ ხელისუფლება თვალს დახუჭავდა ფულის მიტაცებასა თუ სხვა ტიპის დანაშაულზე, თუმცა საპასუხოდ მათგან ითხოვდა ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. თავის დროზე გიორგი გახარიამ ჩამოაყალიბა ამ მიდგომის დევიზი - "ქართული ჯიგრული პონტი" და ასეთი დამოკიდებულება იყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, "ქართული ოცნება" თვალს ხუჭავდა მთელ რიგ კორუფციულ სქემებზე, თუ მათ ჰქონდათ უპირობო მხარდაჭერა ამ კონკრეტული ჯგუფებისგან. გააგრძელეთ კითხვა