საფრანგეთის სასამართლომ 38 წლის სედრიკ ჟუბილიარი მეუღლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახმაურებული საქმე იმით არის გამორჩეული, რომ არ არსებობს ცხედარი, არც მოწმეები და ჟუბილარის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება ირიბია.
დანაშაული ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა ბოლო წლების საფრანგეთის კრიმინალისტიკის ისტორიაში. პროცესზე 299 ჟურნალისტი იყო აკრედიტებული. დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ პროცესი სინათლეს მოჰფენს იმ საიდუმლოს, რომელიც უკვე ბოლო ხუთი წელიწადია ფრანგულ მედიის სათაურებიდან არ ჩამოდიოდა.
გამოძიების თანახმად, დელფინი პროფესიით მედდა 2020 წლის 15-დან 16 დეკემბრის ღამეს იმ სახლიდან გაუჩინარდა, რომლის დასრულებასაც მისი ქმარი ალბის მახლობლად, ქალაქ კანიაკ-ლე-მინში ჰპირდებოდა.
პროცესის თავმჯდომარის, ელენ რატინოს განცხადებით, პოლიციამ “განსაკუთრებული“ ძალისხმევა გამოიყენა დელფინის მოსაძებნად – ძაღლები, მყვინთავები, დრონები, რადარები, სონარები, მღვიმეების მკვლევრები, არქეოლოგები და მედიუმებიც კი ჩართო, თუმცა — უშედეგოდ. რატინოს თქმით, დელფინი ახლა უკვე დაღუპულად მიიჩნევა.

გავრცელებული ინფორმაციით, სედრიკმა პოლიციას გამთენიისას დაურეკა და განაცხადა, რომ ცოლი სახლიდან წავიდა და მის სიცოცხლის შეიძლება საფრთხე დამუქრებოდა.
თუმცა გამომძიებლებმა თავიდანვე გამორიცხეს თვითმკვლელობის ვერსია და განაცხადეს, რომ დელფინი შვილების გარეშე სახლიდან არ წავიდოდა, რომლებიც იმ დროს 6 წლის და 18 თვისები იყვნენ შესაბამისად. მათ ასევე უარყვეს ჟუბილიარის ვარაუდი, თითქოს ცოლს სექტაში ან თუნდაც “ისლამურ სახელმწიფოში“ შეეძლო გაწევრიანება.

დელფინი განქორწინებას ცდილობდა – 7 წლიანი ქორწინების შემდეგ ის დაიღალა ქმრისგან, რომელიც პროფესიით მღებავი და დეკორატორი იყო, მაგრამ ვერ ინარჩუნებდა სტაბილურ სამსახურს და საოჯახო სახლსაც ვერ ამთავრებდა.

გამოძიების თანახმად ჟუბილიარი რეგულარულად იღებდა ნარკოტიკებს. დელფინს კი უკვე სხვა მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელთანაც საცხოვრებლად გადასვლას გეგმავდა, სწორედ ამ მამაკაცისთვის გაგზავნილი შეტყობინებები და ფოტო გახდა სედრიკის აგრესიის მიზეზი და საქმე მკვლელობამდე მივიდა.

ჟუბილიარი ბრალდებებს უარყოფს , მისი ადვოკატების განცხადებით, სახლსა თუ მანქანაში პოლიციას არ აღმოუჩენია სისხლის კვალი ან სხვა სასამართლო-ტექნიკური მტკიცებულება.