ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ NATO-ს სამხედრო ალიანსთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად, ახალი სამხედრო რეკრუტებისგან პუტინი შესაძლოა სტრატეგიულ რეზერვს ქმნიდეს.
ISW(Institute for the Study of War) -ს შეფასებით, ზაფხულში, უკრაინის ომში მსხვერპლის შემცირებამ, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი რეზერვის შექმნის შესაძლებლობა მისცა. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ კრემლს უკრაინაში ომის დასრულება არ სურს, ბრძოლის ველზე გამარჯვებაზე არის ორიენტირებული და ამავდროულად NATO - სთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირებისთვისაც ემზადება“

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი საჯარო განცხადებებში სამშვიდობო პოზიციებს იკავებს და განაცხადა, რომ მომავალ წელს “ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას“ (New START) კიდევ ერთ წლით გაახანგრძლივებს, ევროპის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების აქტივობამ ბოლო დღეებში დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის თქმით, ბრიტანული ავიაცია მზადაა “დაეჯახოს“ რუსულ თვითმფრინავებს, თუ ისინი NATO - ს საჰაერო სივრცეს დაარღვევენ, რისი ფაქტებიც უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა გასული ორი კვირის განმავლობაში.

ესტონეთმა განაცხადა, რომ პარასკევს მის საჰაერო სივრცეში სამი რუსული გამანადგურებელი შევიდა. მანამდე პოლონეთმა და რუმინეთმა რუსეთი დრონებით შეჭრაში დაადანაშაულეს. თავად მოსკოვმა პოლონურ ტერიტორიაზე მიზანმიმართული თავდასხმები უარყო.
ეს ინციდენტები იმავე დროს მოხდა, როდესაც რუსეთი და ბელარუსი NATO-ს საზღვართან ერთობლივ სამხედრო სწავლებებს (“Запад 2025“) ატარებდნენ. სწავლების მასშტაბი 2021 წელთან შედარებით მოკრძალებული იყო, თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა წარსულში სწორედ მსგავსი წვრთნები გამოიყენა, როგორც საფარი ძალების დასაგროვებლად, რათა 2008 წელს საქართველოში და 2022 წელს უკრაინაში ინტერვენცია მოეხდინა.

საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი და RUSI (Royal United Services Institute)-ის ასოცირებული წევრის ანტონ სესკურიას განცხადებით: "მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბი ახლა შემცირებულია, რუსეთი მაინც იყენებს შესაძლებლობას, დასავლეთს დაანახოს, რომ საკუთარ მიზნებს არ თმობს — უპირველესად კი უკრაინაში გამარჯვებას.
რუსეთის არმიამ უკრაინაში სამი წელიწადნახევრის განმავლობაში უზარმაზარი დანაკარგი განიცადა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთს უკვე მილიონამდე მსხვერპლი ჰყავს (მოკლულისა და დაჭრილის სახით). უკრაინული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ომის გამო ქვეყნის მოსახლეობა მომდევნო 50 წელიწადში შესაძლოა 25%-ით შემცირდეს. თუმცა, თავად პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ფრონტზე ამჟამად “700,000-ზე მეტი ჯარისკაცი იმყოფება“.
ანალიტიკოსები და უკრაინელი ოფიცრები თვლიან, რომ რუსეთი დიდ ქალაქებში ხანგრძლივ ბრძოლას მოერიდება, რადგან ბახმუტისა და ჩასივ იარის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს მხოლოდ “მისი არმიის სასაფლაოდ“ შეიძლება იქცეს.

უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსეთის ახალი სტრატეგია მომარაგების ხაზების გადაჭრასა და პირდაპირი შტურმის ნაცვლად ქალაქების ალყაში მოქცევაში მდგომარეობს, თუმცა მათივე განცხადებით, მოწინააღმდეგეს მაინც არ შეუძლია მასშტაბური გარღვევების კონტროლი და ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგებს განიცდის “ხუთკაციან ჯგუფში, საშუალოდ ორი იღუპება, ერთი იჭრება, ერთი უგზო-უკვლოდ ქრება და მხოლოდ ერთი ბრუნდება.“ აცხადებენ უკრაინელი მეთაურები.
თუმცა ექსპერტების უმეტესობა ვარაუდობს რომ წარმატების შემთხვევაში რუსეთი დონეცკის ოლქით არ შემოიფარგლება.
"უბრალოდ იმიტომ, რომ რუსები ადრე ნელა მოძრაობდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ისინი არ აჩქარდებიან და არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ რუსეთი მხოლოდ დონეცკის ოლქში შეჩერდება" - აცხადებს RUSI -ის მკვლევარი ნიკ რეინოლდსი.
წაიკითხეთ ასევე: