ავტორი:

რას გვიყვება ქართული ფულის ისტორია?

რას გვიყვება ქართული ფულის ისტორია?

2025 წლის სექტემბერში, 2022 წელს, ვარშავაში ჩატარებული ნუმიზმატიკის მსოფლიო კონგრესის მასალები გამოიცა. თავად კონგრესი 1891 წლიდან რეგულარულად 6 წელიწადში ერთხელ ტარდება.

2022 წელს პირველად კონგრესის ისტორიაში ცალკე სესია დაეთმო ქართული ნუმიზმატიკის საკითხებს.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტიდან წარმოდგენილი იყო 4 მოხსენება. თითოეული მათგანი შერჩეულ იქნა საუკეთესოთა შორის და კონგრესის მასალების ოთხტომეულში დაიბეჭდა. ეს ქართული ნუმიზმატიკისთვის საერთაშორისო მასშტაბით პირველი მნიშვნელოვანი აღიარება და პოპულარიზაციაა... მასალები დაბეჭდა პრესტიჟულმა ბელგიურმა გამომცემლობამ "ბრეპოლსმა“.

ამ წარმატებასა და საერთოდ ქართულ ნუმიზმატიკაზე სასაუბროდ ნათია ფიფია მოვიწვიეთ. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორია, ასევე სწავლული მდივანი.

ნათია ფიფია:

- საერთოდ ნუმიზმატიკა შეისწავლის მონეტებს და ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. ნუმიზმატიკური არტეფაქტები, კერძოდ, მონეტები ძალიან ზუსტი და ინფორმაციულია.

ქართული ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერება, სათავეს იღებს მიხეილ ბარათაშვილის სახელიდან. ის ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელია. ეს არის XIX საუკუნე, როდესაც დარგის მეცნიერული შესწავლა დაიწყო. შეიძლება მანამდე კოლექციონერებს ძველი მონეტები შეეგროვებინათ, მაგრამ არ სწავლობდნენ. მიხეილ ბარათაშვილის დროს კი მოხდა ძველი ქართული მონეტების აღწერა, კლასიფიცირება, დათარიღება. ყველაფერი კი მის პირველ ნაშრომში მოხვდა. ამ დამსახურებისთვის, თავის დროზე, ის პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.

შემდეგ აღმოსავლურ მონეტებს (ანტიკური ხანა), აგროვებდა, რაც მაშინ ნაკლებად ცნობილი იყო და რაც XX საუკუნეში გამოვლინდა, როცა არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. მოგვიანებით კი მათი შესწავლა დაიწყო. ამ მხრივ ბევრი მეცნიერი გვყოლია და ყველაზე დიდი წვლილი გიორგი დუნდუას მიუძღვის. მას ყველა პერიოდის მონეტაზე ნაშრომები აქვს გამოქვეყნებული. მისი შვილიც ნუმიზმატია, ისტორიკოსი თედო დუნდუა.

- პირველად აღმოჩენილი მონეტა რომელი საუკუნით თარიღდება?

- ძვ.წ-ის დაახლოებით V-VI საუკუნეებით. ეს არის "კოლხური თეთრი,“ რომელსაც ფაზისის ბერძნული ქალაქი ჭრიდა (ფაზისელი ბერძნები), მაგრამ იმის გამო, რომ ექსკლუზიურად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, საქართველოში იჭრებოდა და საქართველოში მიმოიქცეოდა, ამიტომ ის ქართულ მონეტების ყველაზე უადრესი ნიმუშია.

"კოლხური თეთრის“ რამდენიმე ნომინალია (ფულის სხვადასხვა რაოდენობის მაჩვენებელი ერთეული) აღმოჩენილი. ყველაზე გავრცელებული ნომინალი იყო, მეორე ტიპის ნახევარ დარაჰმიანი, რაც დაახლოებით 5000-მდე ცალი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, გაბნეულად, XX საუკუნეში სხვადასხვა დროს სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ იქნა აღმოჩენილი. დღესაც შეიძლება მისი აღმოჩენა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ძვ.წ-ის V-VI საუკუნიდან III საუკუნის ჩათვლით, ის აქტიურად და ინტენსიურად მიმოიქცეოდა.

ჯერ კიდევ ძვ.წ-ში მიმოიქცეოდა ისეთი საინტერესო მონეტები, როგორიც იყო ალექსანდრე მაკედონელის და ლისიმაქეს მონეტების ქართული ანალოგები, რა ძალიან არის დაშორებულია ორიგინალთან.

როგორც წესი, მას სამეფო ხელისუფლება კი არ ჭრიდა, არამედ ადგილობრივად, არაორგანიზებულად იჭრებოდა. როდესაც სამეფო ხელისუფლება უშვებდა, მონეტაზე აუცილებლად მეფის სახელი იყო დატანილი.

- შეიძლებოდა, რომ სახელმწიფოში ფულის ერთეული ასე კერძო პირებსაც მოეჭრათ?

- კი... მაშინ ფული ან ოქროსი იყო, ან ვერცხლის. მისი ღირებულება რეალურად წონით ითვლებოდა და არა იმის მიხედვით, მის უკან სახელმწიფო იდგა თუ არა.

შემდეგ ისევ ძვ.წ-ში დიოსკურია ჭრიდა სპილენძის საქალაქო მონეტებს. ასევე ვანშია ანონიმური მონეტები მოჭრილი და აღმოჩენილი. ოღონდ, ის აქტიურ მიმოქცევაში არ იყო, დაუნჯებული (შენახული) ფული გახლდათ, რომელსაც ქონებისთვის ინახავდნენ და არა აქტიური მიმოქცევისთვის... არის ასევე არისტარქე კოლხის დრაჰმა, რომელზეც გნეუს პომპეუსია გამოსახული...

- ჩვ.წ-დან რომელია პირველი მონეტა?

- ახალი ქართული მონეტები ქართული წარწერით ქართლის ერისმთავრების - გურგენის, ჯუანშერის დრაჰმებია. საინტერესოა, რომ ერთი მხრივ ირანული გავლენა აქვს, ასევე ცეცხლთაყვანისმცემლობის და მეორე მხრივ, არის ჯვრის გამოსახულება. ეს იმაზე ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპზე ირანული გავლენის ქვეშ იყო და როცა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მონეტაზე ჯვრის გამოსახვა გაბედეს. რაც მთავარია, მონეტები თავისი სახელით მოჭრეს...

არის დავითის მონეტები, დავით კურაპალატის და ბაგრატ III-ის მონეტები. ბაგრატ III-ის მონეტის შუბლის მხარეს არის არაბული წარწერა - "არ არსებობს ღვთაება გარდა ალაჰისა და არ ჰყავს მას სხვა მოზიარე“. აქ არის რწმენის აღიარება, ზურგის მხარეს კი აწერია - "ქრისტე ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე“. ერთი მხრივ არაბული წარწერა და რწმენის აღიარება იმიტომ აწერია, რომ არაბული სამყაროსთვის ნაცნობი ყოფილიყო და მიმოქცევაში ყოფილიყო. უკან ქართული წარწერა კი მიანიშნებს, რომ ბაგრატი უკვე დამოუკიდებელი, გამაერთიანებელი მეფეა... ასე ქართველებისთვის გასაგები ხდებოდა მონეტა ვისი იყო.

- დავითის მონეტა რით არის საინტერესო?

- იმით, რომ მან უარი თქვა ბიზანტიის ტიტულებზე. მისი ტიტულატურა იყო მეფე "აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა,“ რაც მონეტას აწერია. ამ ცნობილ მონეტაზე, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება, დავითი გამოსახულია არა მეფის გვირგვინით, არამედ იმპერატორის გვირგვინით. ეს იმის გამო, რომ იმ პერიოდში ბიზანტია შედარებით დასუსტებული იყო და მას, რაღაც თვალსაზრისით, ქრისტიანული სამყაროს ლიდერობის პრეტენზია ჰქონდა... გვაქვს ასევე გიორგი III-ის და თამარის მონეტებიც, გიორგი III-ის და თამარის ერთად გამოშვებული მონეტებიც.

ყველაზე საინტერესოა თამარის მონეტებზე მედიდური წარწერა - "დედოფალი დიდებული, დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა თამარ ასული გიორგისა, მესიის მიმდევარი, განადიდოს ღმერთმა ძლევანი მისნი. განადიდოს ღმერთმა დიდება მისნი, განაგრძოს ჩრდილი მისი, დაამტკიცოს კეთილდღეობა მისი“.

- გიორგი ბრწყინვალეს პერიოდზე რას ვიტყვით?

- არსებობს მოსაზრება, რომ მის პერიოდში, გიორგი ბრწყინვალე ჭრიდა გიორგაულ თეთრს, რაც არასწორი ინტერპრეტაციაა. იჭრებოდა მონღოლური ფული, შესაძლოა, თბილისის ზარაფხანაშიც, მაგრამ გიორგი ბრწყინვალეს სახელით მოჭრილი მონეტები ჩვენამდე მოღწეული არ არის.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა მმართველის დროს ესა თუ ის ფულის ერთეული?

- ფულის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს. ფული თუ არ მიმოიქცევა, ის სახელმწიფო არ არის. შესაბამისად, სადაც ფული გვაქვს, იქ შეგვიძლია ვიმსჯელოთ სახელმწიფოებრიობაზე, სახელმწიფოს ისტორიაზე. არსებობდა ისეთ დრო, როცა ჯერ ფული მონეტების ფორმით გამოგონილი არ იყო და სახელმწიფოები დიაოხისა და კოლხას სახელწოდებით მაინც არსებობდა. მაგრამ მონეტის გამოგონების დროიდან ფული სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც მიმოიქცევა და მის გარეშე სახელმწიფო ვერ იფუნქციონირებს.

გარდა იმისა, რომ ფული სახელმწიფოს გამოგონების დროიდან მისი აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც მიმოიქცევა და ფულის გარეშე ის ვერ იფუნქციონირებს, ასევე უდიდესი მნიშვნელობის წყაროა.

- ვარშავაში ჩატარებულ ნუმიზმატთა კონგრესს რომ მივუბრუნდეთ და თქვენს მონაწილეობას. როგორ მოხვდით იქ?

- ეს კონგრესი 1891 წლიდან ტარდება, სადაც საბჭოთა მეცნიერების წასვლა და დასწრება შეუძლებელი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი ეს შესაძლებელი გახდა, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში დელეგატი არ გვყოლია, რომ ქართულ ნუმიზმატიკაზე ცალკე სესია ჰქონოდა. ამიტომ სესიის დამტკიცება ვითხოვეთ და დაგვიმტკიცეს. რეცენზირება წარმატებით გავიარეთ. შემდეგ ოთხივე დელეგატმა რეზიუმეები გავაგზავნეთ და ისიც დამტკიცდა.

სესიის ორგანიზატორი იყო საქართველოს ისტორიას ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი თედო დუნდუა. პირველი მოხსენება მისი იყო. მან ზოგადი მიმოხილვა გააკეთა ქართულ მონეტებზე, წარადგინა ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგი. ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ბაზაზე გაკეთდა, მისი წარდგენა ბევრგან მოხდა. პირადად, მეც მომიწია ოქსფორდის უნივერსიტეტში მისი ნუმიზმატებთან წარდგენა და დიდი ინტერესი დაიმსახურა. მსგავსი კატალოგი ოქსფორდის უნივერსიტეტს თვითონაც აქვს გაკეთებული, ამერიკის ნუმიზმატთა ასოციაციასაც აქვს, მაგრამ ისინი კორპუსებია და სამეცნიერო კომენტარი ნაკლებად ახლავს. ამიტომ ოქსფორდში მოგვიწონეს, ძალიან საინტერესოდ მოგიფიქრებიათო. ყველაზე კარგია, რაც გაკეთებულაო.

კონგრესზე პირველი მოხსენება კატალოგის წარდგენას დაეთმო, მეორე მოხსენება ჩემი იყო და წავიკითხე საქართველოში ანტიკური ხანის მონეტებზე, მესამე მოხსენება ასევე ჩვენი თანამშრომლის, პროფესორის ლერი თავაძის გახლდათ და მან ისაუბრა ბიზანტიური ხანის მონეტებზე საქართველოში. მას ქართულ-ბიზანტიურ მონეტებს იმიტომ უწოდებენ, რომ ეს არის საქართველოში მოჭრილი ქართველი მეფეების, მაგრამ ბიზანტიური გავლენით. მეოთხე მოხსენება წაიკითხა, არაბისტიკის მიმართულებით დოქტორანტმა ევგენი ჭანიშვილმა, თვითონ ნუმიზმატი კოლექციონერიც არის. მან ისაუბრა, უახლოეს პერიოდში, ამ კატალოგის შექმნის შემდეგ აღმოჩენილ მონეტებზე.

- კონგრესი, როგორც ირკვევა, მასშტაბურია...

- კი, ესწრებოდა 570 დელეგატი. წაკითხული იქნა 554 მოხსენება. ყველა მომხსენებელმა მანამდე გააგზავნა ნაშრომი, საიდანაც 242 სტატია შეირჩა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონგრესი, რაც ტარდება და ყველა ნუმიზმატი იქ იყრის თავს.

მოხსენება ოთხივემ გავაგზავნეთ და ოთხივე დაიბეჭდა, წარმატებით გაიარა რეცენზია და როგორც თვითონ კრებულის რედაქტორები აღნიშნავენ. პირველი ტომი გამოიცა და დანარჩენებიც გამოვა. ჩემი მოხსენება პირველ ტომში მოხვდა, მესამე ტომში შევიდა ლერი თავაძისა და ევგენი ჭანიშვილის სტატიები. ბატონი თედო დუნდუასი კი ბოლო ტომში დაიბეჭდა იმიტომ, რომ იქ იყო თემატურად ზოგადი ნუმიზმატიკა და ნუმიზმატიკის აქტუალური საკითხები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოთხივე ტომი შეიძინა და ისინი მალე სტუდენტებისთვისაც იქნება.