Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია ლეგენდარული ქართველი მეკარე, ვეტერანი ფეხბურთელი ოთარ გაბელია.
გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
გიო:
- ბატონო ოთარ, მოგესალმებით. ბავშვობა სად გაატარეთ და ფეხბურთს რა ასაკიდან თამაშობდით?

- ბავშვობა გავატარე ზუგდიდში, ჩემს ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სკოლაში სიარული რომ დავიწყე, ფეხბურთსაც მაშინ, 7-8 წლიდან ბავშვური გატაცებით ვეზიარე. სკოლის პერიოდში ყველა სპორტულ თამაშსა და შეჯიბრებაში ვმონაწილეობდი, ეს იყო ხელბურთი, ფრენბურთი... ვცეკვავდი კიდეც და ეს ყველაფერი ძალიან გამომადგა სამეკარეო საქმიანობაში.
ავთო:
- რატომ გადაწყვიტეთ მეკარეობა და ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი?
- თავიდან, როცა ფეხბურთს ეზოში ვთამაშობდი, მეკარეობა გადაწყვეტილი არ მქონდა და თავდამსხმელი ვიყავი. ერთ-ერთ არაოფიციალურ პატარა ტურნირზე ბომბარდირიც კი გავხდი. კარში, ხანდახან ვდგებოდი. გაგონილი გექნებათ, რომ მთელ საბჭოთა კავშირში "ტყავის ბურთის" პრიზზე პირველობა ტარდებოდა და ტარდებოდა საქართველოშიც. ქუჩის ეგ პირველობა რომ დაიწყო, ჩემთვის პირველი ოფიციალური შეჯიბრება იყო და ჩემმა მეზობლებმა - გივი სართანიამ (მსაჯი იყო) და ვაცბულ ბუკიამ (სტადიონზე მუშაობდა) ჩამრთეს. ნინოშვილის ქუჩაზე ჩამოაყალიბეს გუნდი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იმ პირველობაში. გავიმარჯვეთ ზუგდიდში - ჩემპიონები გავხდით და ფოთში წავედით. იქაც გავიმარჯვეთ. მერე ჩვენი გუნდის მეკარე საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. მოთამაშის სხვა ქუჩიდან მოყვანა არ შეიძლებოდა და მეკარეობა მე მთხოვეს. მთელი ღამე არ მეძინა. გამოუვალი მდგომარეობა იყო და დავთანხმდი. მოკლედ, პირველი ტურნირი როგორც კი დაიწყო, იქიდან დაიწყო ჩემი მეკარეობაც. ზონალურ პირველობაზე საუკეთესო მეკარის პრიზი მომცეს.

ერთხელაც მამაჩემმა დამიძახა და ჟურნალი "ოგანიოკი“ მაჩვენა, რომლის გარეკანზე სერგო კოტრიკაძე იყო გამოსახული. 1962 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე გახდა. მამამ მითხრა - მეკარე ვარო, ამან უნდა თქვას, აბა, შენ რას დაბოდიალობო?! ამ ნათქვამმა დიდი სტიმული მომცა, რომ კარში დგომა წარმატებით გამეგრძელებინა და ამ საქმეს გავყოლოდი.
სენაკელი:
- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ - "ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედაა“. დედის მოყვარული კაცი "ნამდვილი ადამიანია,“ აქედან იწყება მისი საქმისადმი სიყვარული. თქვენი სისხარტით ბევრი ზეიმი გვინახავს... მშობლებზე მოგვიყევით...

- ყველა შვილისთვის თავის მშობელი მნიშვნელოვანია და ყველაზე კარგი ჰგონია. ნამდვილად ბედნიერი კაცი ვარ, რომ საუკეთესო მშობლები მყავდა, რომლებმაც ყველაფერი მასწავლეს - ცხოვრებისეული ყველა წესი და ადათი, რაც ნორმალურ ადამიანს ცხოვრებაში სჭირდება. მამა დიდ თანამდებობაზე მუშაობდა - მეურნეობის დირექტორი იყო, დედა - ბიბლიოთეკარი. დღესაც ახსოვთ მათი უბრალოება, პატიოსნება და მათ ტრადიციებს მეც ვაგრძელებ.
ჩემი სამეგობრო და სანათესავო დედაჩემს "ფეოლას" ეძახდა, არცერთ თამაშს არ აცდენდა. იმ "ტყავის ბურთის" პირველობის ტურნირებზე თამაშები სოფლებში იყო და სულ დამყვებოდა. ერთხელ ძაღლებმა კინაღამ შემიჭამეს, თამაში ცოტა მიუვალ ადგილას გვქონდა, მაგრამ არ შეეძლო, რომ არ წამომყოლოდა.
როცა დიდ ფეხბურთს ვეზიარე, ჩემს თამაშებს უყურებდა, ცუდი ბურთი რომ გამეშვა, არასდროს იტყოდა, რომ ჩემი ბრალი იყო. ყოველთვის სხვას აბრალებდა.

დავითი:
- თბილისის "დინამოს“ 1981 წლის ბრწყინვალე გამარჯვება რეალურად რისი შედეგი იყო?
- ეს პირველი "დინაომოელის“ დამსახურებაა. დიდი ფეხბურთს თამაშობდნენ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, მეც რომ არ მახსოვს. 1964 წლის ჩემპიონები რომ გახდნენ სერგო კოტრიკაძე, მიშა მესხი, სლავა მეტრეველი და ეს საოცარი თაობა - ფეხბურთი მათ შემაყვარეს. იმ 1964 წლის დიდი წარმატება რომ არ ყოფილიყო, შეიძლება მომავალში ის გამარჯვება, რაც შემდეგ მოვიპოვეთ, არც გვქონოდა. იმ თაობაში ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავები თამაშობდნენ, რომ ყველა ბავშვი მათ ჰბაძავდა. გითხარით, რომ თავიდან ბავშვობაში თავდამსხმელი ვიყავი და მიშა მესხს ვბაძავდი. ერთხელაც კაპიტნის სამკლავური "ბრონზით“ მარცხენა მკლავზე დავიხაზე, რადგან ბავშვობაში ჩემი გუნდის კაპიტანი ვიყავი. მარცხენა იმიტომ, რომ მემარცხენე ვიყავი და მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი.
1964 წლის ის დიდი წარმატება იმანაც განსაზღვრა, რომ მწვრთნელებიც მაგრები მოვიდნენ - იაკუშინი, კაჩალინი და ფეხბურთელების ვარსკვლავური შემადგენლობაც დაემთხვა. ამ თანხვედრის გამო მოხდა ის, რაც მოხდა.
იმ თაობის შემდეგ იყვნენ დიდი ფეხბურთელები, მაგრამ ისე მოხდა, რომ წარმატება არ ჰქონიათ. მომდევნო ეტაპზე უკვე მოვიდა ჩვენი თაობა. თბილისის "დინამოში“ მოვიდა საუკეთესო მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი და შეაგროვა ის შემადგენლობა, რამაც წარმატებამდე მიგვიყვანა. ყოველთვის დადიოდა რეგიონებში, თამაშებს ესწრებოდა.

ჩვენი პირველი გამარჯვება 1976 წელს იყო, როცა თბილისის "დინამომ“ თასი აიღო. 1977 წელს ვერცხლის პრიზიორები გავხდით, 1978 წელს - ჩემპიონები, 1980-შიც საპრიზოზე გავედით. მერე ბატონმა ნოდარმა იფიქრა, აქ ყველაფერი მოვიგეთ და ერთ-ერთ ევროპის თასს შევეჭიდოთო. ფეხბურთელებსაც უკვე დიდი გამოცდილება გვქონდა. თავიდან არ ვიცოდით, რომ თასების მფლობელთა თასს მოვიგებდით, მაგრამ როცა ერთი თამაში "ვესთ ჰემთან“ მოვიგეთ, მერე რაღაც იმედები გაჩნდა. ნოდარ ახალკაცი კიდევ სხვაგვარად ფიქრობდა და ბევრსაც ფიქრობდა. მეგობრები ჰყავდა კარგი მწვრთნელები, მათგანაც იღებდა კონსულტაციებს. ვიმეორებ, 1981 წლის წარმატებამდე რომ მივედით, ეს როგორც მწვრთნელების, ასევე ფეხბურთელების თანხვედრის შედეგი იყო.
უცნობი:
- ბატონ ოთარ, კარგი იქნება თუ გაიხსენებთ იმ ამბავს, პირჯვარს რომ იწერდით და სულმნათმა ჟიული შარტავამ რომ გიხსნათ...
- მაშინ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ პენალების პერიოდში პირდაპირ მე მომაყენეს კამერა და რომ მივდიოდი კარისკენ იმიტომ, რომ მწამს და ვარ მართლმადიდებელი, პირჯვარი გადავისახე. მოსკოვის "დინამოს“ ვეთამაშებოდით და გავიმარჯვეთ. იმჟამინდელი საბჭოთა შსს-ს გუნდი იყო და სტადიონზე თადარიგის გენერლები იყვნენ. მათ უთქვამთ, ოსტატობამ კი არა, ღმერთმა გაამარჯვებინაო... ვუთხარი ზუსტად ღმერთის ნება იყო და ჩემი პატარა ოსტატობა-მეთქი... მერე ჟიული შარტავა მოვიდა ბზაზე, - რა ვქნათო? შენს დისკვალიფიკაციას ითხოვენ, ერთი ამბავია ატეხილიო. როგორც გინდათ, ისე გადაწყვიტეთ-მეთქი. რაღაც მოვიგონოთო. 1979 წელი იყო, მაინც ახალი ვიყავი "დინამოში,“ მანამდე კარში დათო გოგია იდგა და გადაწყვიტეს ეთქვათ, რომ ახალბედაა, ინერვიულა და ამის გამო ოფლი მოიწმინდა, მაგრამ პირჯვრის გადაწერა გამოგივიდაო... მე ჩემი გავაკეთე და რაც უნდათ, ქნან, დისკვალიფიკაციას მთელი ცხოვრება ხომ არ მომცემენ-მეთქი?! მოკლედ, წერილიც გააგზავნეს, რომ დავსაჯეთ და პირად საქმეში საყვედურის შევუტანეთო. მოკლედ ასე დააჯერეს ისინი და ასე გადამარჩინა ბატონმა ჟიულიმ.

იმერელი:
- ბატონო ოთარ, ის ფოტოგრაფი თუ შეგეხმიანათ იმ ცნობილი ამბის მერე (ფოტო აპარატის დამტვრევას ვგულისხმობ)... გაიხსენეთ ის ამბავი?
- ეს ამბავი იყო ხარკოვში. წვიმდა. ჩემი სიდედრი წარმოშობით ხარკოვიდან გახლდათ, თვითონაც სტადიონზე ბრძანდებოდა. ცუდად ვითამაშეთ, ხარკოვთან 3:0 წავაგეთ. მესამე ბურთი რომ შეაგდეს, ფოტოკორესპონდენტი მოედანზე შემოვარდა და ცუდი სიტყვებით მომმართა, შე ასეთო და ისეთო - სამი ბურთი გაუშვიო. კიდევ ეს მინდოდა?! ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი. ერთი ვუთავაზე და აპარატიც დავუმტვრიე. არასპორტული საქციელი კი იყო, მაგრამ ასე მოხდა.
ეს ყველაფერი თურმე სხვა ფოტოგრაფმა გადაიღო და მეორე დღეს ფოტო პრესაში დაიბეჭდა, სათაურით - "საჯარიმო დარტყმა“. ფოტომ პირველი ადგილი აიღო. მოედნის გარეთ რომ გამეკეთებინა ეს, დისკვალიფიკაციას მომცემდნენ, მაგრამ მოედანზე თვითონ შემომივარდა, მას ამის უფლება არ ჰქონდა. ამან გადამარჩინა.
სამ დღეში დნეპროპეტროვსკთან მქონდა თამაში და ბატონმა ნოდარმა ამის გამო დამსაჯა, სათამაშოდ არ დამაყენა. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. მოვიდნენ ადამიანები და ავტოგრაფებს გვთხოვდნენ. იმ დროს ეტყობა, ვირაც იჯდა ტრიბუნაზე ისეთი, ვინც ფოტოებს იღებდა. მას უთხრეს გასწიე აპარატი, ნუ უღებ, მაგას სურათის გადაღება არ უყვარს, თორემ აპარატს თავზე დაგაფშვნისო. მთელი ტრიბუნა სიცილით დაწვა. არადა, ის ამბავი სამი დღის მომხდარი იყო...

მაგ თამაშზე ნოდარ ხიზანიშვილს მოედანზე ფეხი დაუცურდა და რაღაცნაირად მათ დიდ ფეხბურთელს მალკუს დაეჯახა, მალკუმ ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო. წვიმიანი ამინდი იყო და ნოდარი ინერციით გაცურდა... მალკუ ჩემი სიდედრის მეზობლად ცხოვრობდა... ეს რომ ჩემმა სიდედრმა დაინახა, თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე წავიდა სტადიონიდან ხალხი არ დამესიოს - შენმა სიძემ ფოტოკორესპონდენტს აპარატი დაუმსხვრია, ქართველმა მცველმა კი მალკუს ფეხი მოსტეხაო... მერე ამბობდა, კიდევ კარგი ბევრმა არ იცოდა, რომ შენი სიდედრი ვიყავიო.
ზვიადი:
- რამდენი იყო თბილისის "დინამოს“ ფეხბურთელის ხელფასი?
- 250 მანეთი და 70 მანეთს მოგებაზე ვიღებდით. ამას სპორტ კომიტეტი გვაძლევდა.
ბეჟანი:
- გაიხსენეთ 1981 წლის თბილისის "დინამოს“ შემადგენლობიდან ნაადრევად წასული ის წევრები და საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებმაც უდიდესი საქმე გააკეთეს დაუვიწყარ მატჩში "კარლ ცაისთან“...
- ვიტალი დარასელია, დათო ყიფიანი, რამაზ შენგელია ძირითადში იყვნენ, სათადარიგო შემადგენლობიდან ამირან ანდღულაძე... ხელმძღვანელობიდან არც ერთი აღარ არის. ასევე ექიმი ზაქრო თელია, მასაჟისტი - ანზორ გაბიტაშვილი, მძღოლი... "კარლ ცაისთან“ მოგების შემდეგ, მოედანზე ფოტოს რომ ვიღებდით, ყველანი ვართ კადრში. კახი ასათიანი არ მოვიდა, იჯდა სკამზე ცრემლები მოსდიოდა. ვეხვეწებოდით და არ მოვიდა. სიხარულისგან ვერ წყნარდებოდა...

ვიტალი დარასელია და დათო ყიფიანი ტრაგიკულად დაიღუპნენ... ვიტალი დარასელია სოხუმის "დინამოში“ რომ ვთამაშობდი, იქიდან მახსოვს. 15-16 წლის იყო პირველად რომ ვნახე. ერევნის "არარატს“ ვეთამაშებოდით. ჩემპიონებს 2:0 მოვუგეთ. მარქაროვს თერთმეტმეტრიანი ავუღე. სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში ვწავლობდი და ლექტორმა ამის გამო 4-იანი დამიწერა. მერე მწვრთნელმა იური გრამატიკოპულომ 15 წლის ბიჭი სოხუმის "დინამოში“ მოიყვანა. არ ვიცნობდით, ვინ იყო. 15-20 წუთი ათამაშა და იმ პატარა ბიჭმა საოცრებები ჩაატარა. მეორე წელს, 1975-ში უკვე თბილისის "დინამოში“ თამაშობდა. მოკლედ, იქიდან მახსოვს ვიტალი, რომელიც სამწუხაროდ 25 წლის ასაკში ასე დაიღუპა. ძალიან ახალგაზრდა წავიდა და რამდენი რამ მოასწრო. საქართველოსთვის ძვირფას გოლი გაიტანა და ევროპის თასი მოგვაგებინა.
ის გამარჯვება მთლიანად გუნდის დამსახურება იყო, მაგრამ ავტორებმა თავიანთი ოსტატობით გუნდი თასის მფლობელი გახადეს.