ავტორი:

"იძახიან, ხმალი არ აქვსო, არადა, აქვს..." - რას პასუხობს ერეკლე II-ის ძეგლის შექმნაში მონაწილე მოქანდაკე კრიტიკოსებს და ვის ეკუთვნის ქანდაკების ესკიზი?

"იძახიან, ხმალი არ აქვსო, არადა, აქვს..." - რას პასუხობს ერეკლე II-ის  ძეგლის შექმნაში მონაწილე მოქანდაკე კრიტიკოსებს  და ვის ეკუთვნის ქანდაკების ესკიზი?

2024 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ერეკლე II-ის ძეგლი აღიმართებოდა.

2025 წლის 24 სექტემბერს ძეგლი გაიხსნა, თუმცა მას საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

როგორც ითქვა, ძეგლის ესკიზი მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილს ეკუთვნის. აწ გარდაცვლილ მოქანდაკეს, რომელიც არის ერეკლე II-ის კიდევ ერთი ცნობილი ძეგლის ავტორი, რომელიც თელავში 1971 წლის 30 აპრილს გაიხსნა.

ძეგლის გახსნის დღეს თელავში უამრავი ადამიანი დაესწრო

54 წლის შემდეგ კი, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. ერეკლე II-ის მონუმენტი უკვე თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში განთავსდა.

ქანდაკება თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილსა და კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.

"დღეს მართლაც გამორჩეული დღეა - ჩვენს ქალაქში ვხსნით დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ თბილისი იყო და არის ქართველთა ისტორიული მეხსიერების, ჩვენი ეროვნული იდენტობის კერა", - განაცხადა კახა კალაძემ.

კრიტიკოსთან დიდი ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქანდაკებაში ერეკლე მეფე არ იცნობა, რომ მას აქვს მონღოლოიდური იერი, ზოგიერთმა კი მასში მიხეილ ყაველაშვილი ამოიცნო. მათგან არაერთს არ მოსწონს მეფის დაშვებული ხმალი, სხვებმა კი ეს ხმალი საერთოდ ვერ დაინახეს.

  • მერაბ მერაბიშვილის ორი ძეგლი და განსხვავებები

როგორც თელავის, ისე თბილისის ძეგლების ესკიზი მერაბ მერაბიშვილს ეკუთვნის. თბილისის მონუმენტზე მოქანდაკეების ჯგუფმა (მალხაზ ცისკაძე და ჯონი გოგაბერაშვილი) იმუშავა, რომელმაც მერაბიშვილის ესკიზი გაადიდეს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის ძეგლის გახსნას გარკვეული კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით, მეფის ხელში ხმლის არქონის თაობაზე. როგორც თბილისში დადგმული ძეგლის შექმნაში მონაწილეები ამბობენ, ამ ორ მონუმენტს შორის არსებული სიმბოლური და კომპოზიციური განსხვავება:

თელავის ძეგლი (1971): ამ ცხენოსან მონუმენტზე ერეკლე II გამოსახულია, როგორც მეომარი, ცხენზე მჯდომარე მხედართმთავარი, და მას ხმალი მარჯვენა ხელში, მაღლა აღმართული უჭირავს. ეს პოზა მეფის ბრძოლისუნარიანობასა და სამხედრო ღვაწლს უსვამს ხაზს.

თბილისის ძეგლი (2025): ეს წარმოადგენს ერეკლე II-ს, როგორც გონიერ, სახელმწიფოებრივ მმართველს ასახავს. ამ კომპოზიციაში მას ხელით არ უჭირავს აწეული ხმალი.

ჩვენ თბილისის მონუმენტის შექმნაში ჩართულ ერთ-ერთ სპეციალისტს, მოქანდაკეს, ვახტანგ ვარდოსანიძეს, ვესაუბრეთ.

- ქანდაკების კომბინატში ვმუშაობთ 5 კაციანი ჯგუფი, ჩამომსხმლები ვართ და ასე მოვხვდით ამ პროექტში. 40 წელზე მეტია ამ საქმეში ვართ და ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. მით უფრო მაშინ, როდესაც დაინტერესებული ხარ და თან ამხელა მეფეს შეეხება საქმე. 4–5 თვე ვმუშაობდით ამ პროექტზე და ერთადერთი გამოწვევა სიცხე იყო, დანარჩენი დავძლიეთ. ჩვენი გუნდია: უშანგი ჭიჭიაშვილი, თემურ კიკნაველიძე, თემურ ქოქიაშვილი და ავთანდილ კბილცეცხლაშვილი და მე.

ადგილი არქიტექტორმა შეარჩია, ორმა მოქანდაკემ გაადიდა ესკიზი, ესენი არიან მალხაზ ცისკაძე და ჯონი გოგაბერაშვილი. ძეგლი შეიქმნა მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით. რეალურად ორივე ძეგლი მერაბ მერაბიშვილისაა, როგორც თელავის, ისე თბილისის.

- რა დანიშნულება აქვს ერეკლე მეფის მეორე ძეგლს, ამჯერად თბილისში?

- მეორე კი არა, საქართველოში ბევრგან უნდა იდგეს ერეკლეს ძეგლი, იმხელა დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. ძალიან დიდი პიროვნება იყო, მისი ისტორია, თავდადება, გმირობა იმსახურებს ამას. მომავალი თაობა ისეთი თავდადებული უნდა იყოს მამულისთვის, როგორც ერეკლე. დიდი სიხარულით ველოდებოდი გახსნას, ძალიან დიდი ემოცია იყო.

- იყო ბევრი კრიტიკული შეფასება ხმალთან დაკავშირებით...

- იძახიან ხმალი არ აქვსო, არადა, აქვს... ვისაც დანახვა არ უნდა, ვერ დაინახავს ორი ხმალიც რომ დააკავებინონ. მარტო ერთი მხრიდან რომ უყურებენ, მეორე მხრიდანაც შეხედონ. ყველასთვის მოსაწონს ვერ გააკეთებ. ოქროში რომ ჩამოასხა, ვიღაც იტყვის, ცუდი ხარისხის ოქროაო.

- თქვენ არაერთ პროექტზე გაქვთ ნამუშევარი.

- ქართლის დედაც ჩვენმა გუნდმა ჩამოასხა, ქუთაისში დავით აღმაშენებელი...

- კიდევ ვის ძეგლს ისურვებდით თბილისში?

- თამარ მეფის, აუცილებელია ჩემი აზრით. სხვათა შორის, ქართლის დედა რომ დავდგით, ბატონ ელგუჯას ვკითხეთ, ახლა რა ძეგლები დავდგათო, ქართლის დედის შვილებიო. ყველა ქართლის დედის შვილიაო...