ავტორი:

"შესაძლოა დამაკავონ... მირჩევდნენ, დარჩი სადაც ხარ, თავშესაფრის მოთხოვნა შეგიძლიაო. ამას არ გავაკეთებდი, ქართველი ვარ..." - ბიჭი, რომელმაც თავდამსხმელი განაიარაღა: ლევან ჯობავას პორტრეტი

"შესაძლოა დამაკავონ... მირჩევდნენ, დარჩი სადაც ხარ, თავშესაფრის მოთხოვნა შეგიძლიაო. ამას არ გავაკეთებდი, ქართველი ვარ..." - ბიჭი, რომელმაც თავდამსხმელი განაიარაღა: ლევან ჯობავას პორტრეტი

ლევან ჯობავა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც 15 სექტემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ბესიკის ქუჩაზე არასრულწლოვანი თავდამსხმელი განაიარაღა. ლევანმა იარაღი პოლიციას ჩააბარა. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი 16 წლის აღმოჩნდა, რომელსაც ხელთ პნევმატიკური იარაღი ჰქონდა, ამიტომ არასრულწლოვანი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. პოლიციამ არასრულწლოვანის გათავისუფლების პარალელურად გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით. 15 სექტემბრის შემთხვევაზე სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა ლევან ჯობავა, დემონსტრანტი, რომელმაც არასრულწლოვანი განაიარაღა. მისი გამოკითხვის დროს დემონსტრანტებზე თავდამსხმელი უკვე გათავისუფლებული იყო. გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა იყო ის დაეკავებინათ.

22 სექტემბერს, ლევან ჯობავას მიმართ მოქალაქეებმა საოცარი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს - სტამბოლიდან ოჯახით დაბრუნებულ ლევანს აეროპორტში უამრავი ადამიანი დახვდა.

"პირველი რაც ვნახე, გიორგი ახობაძემ "ფეისბუქზე“ დაწერა პოსტი ჩემზე, ყველანი აეროპორტში უნდა დავხვდეთო. ეს გიორგის მხრიდან უდიდესი სოლიდარობა გამოვიდა. ამდენი ხალხი რომ დავინახე, ძალიან ემოციური იყო. ვიცი, რას ნიშნავს აეროპორტში მისვლა სამუშაო დროს, რაგბის ნაკრების ბიჭების დასახვედრად აეროპორტში წასვლა რომ მიცდია და ავტობუსი დამიყენებია, ბევრი წამოსვლას ვერ ახერხებდა. ამდენი ხალხი რომ დავინახე, პირველ რიგში, მომერიდა მათი, ჩემს გამო ასე რომ შეწუხდნენ. თან ძალიან მერიდებოდა, ამავე დროს ძალიან მიხაროდა“, - მეუბნება ლევან ჯობავა.

  • "ვმუშაობდი, პარალელურად სკოლაში ვსწავლობდი“

- 1989 წელს, თბილისში დავიბადე. მყავს დედა, ერთი და, ცოლი და შვილი, მეორე ვაჟს დეკემბერში ველოდები. 57-ე სკოლაში ვსწავლობდი, მე-8 კლასის ჩათვლით კარგად... მერე მუშაობა დავიწყე და ალაგ-ალაგ დავდიოდი სკოლაში, ანუ ვმუშაობდი და პარალელურად ვსწავლობდი. ბავშვობაში, 9 წლის ასაკში მოვაწყვე გაქცევა - სკოლაში გაშვებულმა თბილისიდან ხობში, ბებია-ბაბუასთან ამოვყავი თავი. წავედი ისე, რომ ეს დედამ არ იცოდა, ატყდა ერთი ამბავი და ნერვიულობა - ბავშვი დაიკარგა, ჩართეს პოლიცია, დაიწყო საავადმყოფოებში ძებნა... 1999 წელია, არც კამერები, არც ინტერნეტი და მობილური არაა გავრცელებული. უბრალოდ, მომენატრა იქაურობა, ბებია-ბაბუა და მასშტაბს ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი. როცა აქედან გადაწყვიტეს, ბებია-ბაბუას გავაგებინოთო, მე უკვე ხობში ვიყავი. იქიდან როცა დავბრუნდი, ყველანი შოკში იყვნენ და დაიწყეს მსჯელობა, რით შეიძლება ბავშვს ვუშველოთო. ჩემმა დამრიგებელმა ნანა გაგუამ, რომლის მადლიერიც ვარ, გამოაცხადა, რომ წერის ნიჭი მქონდა და წამოაყენა წინადადება, მოდი, პიონერთა სასახლეში, რადიო სტუდიაში მივიყვანოთო. მიმიყვანეს კიდეც ჟურნალისტიკის წრეზე, სადაც უმეტესად ჩემზე უფროსები იყვნენ. ჩაბნელებულ პერიოდში, შუქი იშვიათად რომ მოდიოდა, ვიღაც წამყვანები და მომღერლები ეთერში რომ ჩანდნენ, ის ხალხი მოჰყავდა სტუმრად ჩვენს პედაგოგს თინა გაბუნიას, ჩვენ კი ინტერვიუებს ვაკეთებდით, რაღაცებს ვწერდით... წამიღო ამ სფერომ, ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა. მე-8 კლასში რომ ვიყავი, მაშინ არასამთავრობო ფონდი "ინტერნიუსი“ ფუნქციონირებდა და აკეთებდა თინეიჯერების გადაცემას "ჩვენი ექსპრესი“. მათ გამოაცხადეს კონკურსი, რომელიც წარმატებით გავიარე და "ინტერნიუსში“ დავიწყე მუშაობა, სადაც 3 წელი ვიყავი ჟურნალისტი, მერე წამყვანი, ტექნიკური პროდიუსერი... მოკლედ, სკოლიდანვე მიეწყო ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა.

რაგბიზე მინდოდა სიარული, მაგრამ უფრო ჩემთვის ვვარჯიშობდი, არ იყო სპორტზე სიარულის შესაძლებლობა და დამრჩა მიძინებულ სურვილად. თუმცა სპორტული ცხოვრება მაინტერესებდა, დავრბოდი, ვვარჯიშობდი, აზიდვებს ვაკეთებდი...

  • კინოფაკულტეტიდან ისევ ჟურნალისტიკამდე

- მოვიდა უნივერსიტეტის დრო და ჩავაბარე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში კინოფაკულტეტზე, საოპერატორო მიმართულებაზე. ჟურნალისტად უკვე ვმუშაობდი და გადავწყვიტე, ესეც მეცადა. ორი წელი ვისწავლე საოპერატოროზე, პარალელურად ვმუშაობდი "იმედზე“, ჟურნალისტების რეალითი შოუ "დუბლიორში“ ("დუბლიორის“ ჟიურის რჩეულიც გავხდი). მეორე კურსს რომ ვხურავდი, გია გერსამიამ მითხრა, შენ არასდროს იქნები ოპერატორი, მოწოდებით მაინც ჟურნალისტი ხარ, აქ რა გამოცდილებაც მიიღე, გეყოფა, შენთვისვე აჯობებს ფაკულტეტი შეიცვალოო. მეც დავუჯერე და გადავაბარე ჟურნალისტიკაზე იმავე უნივერსიტეტში, ჟურნალისტის დიპლომი რომ მაინც მქონოდა. ვისთანაც გადავაბარე - გოგა ჩართოლანი მალევე გახდა პირველი არხის დილის და შუადღის გადაცემების მიმართულების ხელმძღვანელი. ჯგუფში სულ რამდენიმე ბიჭი ვიყავით და გოგამ შემოგვთავაზა, ჩემთან წამოდით პირველ არხზე, წყალქვეშა და საჰაერო გადაღებებისთვისო, გვეხუმრა. მივედი და მერე 11 წელი ვიმუშავე პირველ არხზე, პროდაქშენში თითქმის ყველა პოზიციაზე ვიყავი. 2020-ში არხიდან წამოვედი.

  • მეორედ "გაქცევა“ ხობში

- პანდემია რომ დაიწყო და ყველაფერი ჩაიკეტა, ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის კურსში და წავედი ხობში - მქონდა რაღაც იდეები. პირველ არხზე მუშაობის პარალელურად, მუდმივად ვეწეოდი მოხალისეობრივ საქმიანობას, აქედან გამომდინარე, საკვირაო სკოლის იდეა მიტრიალებდა თავში, პანდემიამდე ამ სკოლის მოსამზადებელი სამუშაოებიც უკვე დაწყებული მქონდა. პანდემია როცა დაიწყო, თბილისში გაჩერება არ შემეძლო, ჩემი ველოსიპედით დავდიოდი და რაღაც რეპორტაჟებს ვაკეთებდი. იქიდან გამომდინარე, რომ ხობი პატარა ქალაქია, რეგულაციები ცოტა შემსუბუქდა და სკოლა ჩავუშვით სხვა ფორმატით, მოვამზადე მასზე რეპორტაჟი... უკვე მოძრაობაც რომ აღდგა, პირველი არხიდან დამირეკეს, ჩამოდიო. ვერ შევთანხმდით - ჩემი შეთავაზება იყო, რადგან დედაქალაქში ყველაფერი დაკეტილია, "იუთუბიდან“ კადრებით გადმოწერილი რეპორტაჟების კეთება არ მხიბლავს, თქვენი არც ოპერატორი მინდა, არც მემონტაჟე და მძღოლი, თვითონ შემოგთავაზებთ საკვირაო სკოლის რუბრიკას - მეთქი. მითხრეს, ეგ არ გვინდა, ჩამოდი და ჩართვები გაგვიკეთე, როგორ ვარჯიშობენ დილაობით ცნობილი სახეებიო. უარი ვთქვი, მაგაზე 10 წლის წინ ვიმუშავე-თქო, განცხადება დავწერე და ბოლომდე წავედი ხობში.

  • საკვირაო სკოლა

- საკვირაო სკოლამ თითქმის ორი წელი - 2020-2021 წლებში იარსება. სკოლას ჰქონდა სხვადასხვა კლუბები და ბავშვებს სადაც დააინტერესებდა, იმ კლუბში წევრიანდებოდნენ - ივენთ კლუბი, ჟურნალისტების კლუბი... თბილისიდან ვიწვევდით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ოღონდ, ბავშვები ყველაფერს თვითონ აკეთებდნენ, ჩემი მოვალეობა იყო ტექნიკური უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ეს საქმე ჩემი მხრიდან სრულიად მოხალისეობრივი იყო და ხალხის შემოწირულებებზე აგებული. მერე, თანდათან პასუხისმგებლობა გამეზარდა, ბავშვებს დრო შეუმცირდათ და რაღაცნაირად ისე წავიდა, რომ სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა. თავიდან 70-მდე ბავშვი იყო და იქაური "ქოცების" შემოტევებიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა შემცირდა, ბირთვი დარჩა 20 მოზარდი. "ქოცებს" მორჩილება უყვართ და თავიდანვე, როცა ვფუძნდებოდით, დაიწყო დარეკვები, დეპუტატი გიბარებსო, ჩემი პასუხი იყო, თუ რამე უნდა, თვითონ მოვიდეს-მეთქი. ურჩობა არ მოეწონათ, მერე, ბავშვებს შეუძლებელია ელაპარაკებოდე, იყო კარგი მოქალაქე და არ აპროტესტებდე ქალაქში ნაგავს, ორმოს, მიუსაფარ ძაღლებს... ამას რომ ღიად აპროტესტებ, რაღაც ძალა პირად შეურაცხყოფად იღებს და იწყება დაბრკოლებები...

თითქმის ორწლიანი მუშაობის მერე, წამოვედი თბილისში, დაახლოებით 11 თვე ვიმუშავე რაგბის კავშირში, სადაც ჩემი მიმართულება ძირითადად სოციალური პროექტები იყო. პარალელურად, მოხალისეობრივად შევითავსე ნაკრების მნიშვნელოვანი თამაშების წაყვანა. ბოლოს, იფიქრეს, რომ რატომღაც ეს საქმე სულ მოხალისეობრივად უნდა მეკეთებინა. ვერ შევთანხმდით, იქიდანაც წამოვედი...

  • საიდან მოვიდა რაგბის ცოდნა და სიყვარული

- სკოლის პერიოდში ჩემმა კლასელმა დაიწყო რაგბზე სიარული, ერთხელ ნაკრების თამაშზე გავიპარეთ, ძალიან მომეწონა, მერე ისე მოხდა, რომ სამოყვარულო გუნდი გამოჩნდა, იქ დავიწყე თამაში და ამ სპორტის ნელ-ნელა შესწავლა. ყველაზე მეტად რაგბში რაც მომწონდა, იყო სოციალური ხაზი, ხასიათი, ურთიერთპატივისცემა და ვთვლიდი, რომ ეს იყო კარგი საშუალება მოზარდების ამ ღირებულებების ირგვლივ გასაერთიანებლად. მაშინ რაგბი არ იყო ასეთი პოპულარული, ნაკრების თამაშებზე ბევრი ხალხი არ დადიოდა, ამიტომ მის პოპულარიზაციას ვიდეოებით, ჩელენჯებით და ა.შ. ვეწეოდით. უკვე 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ (სადაც ძალიან კარგი შედეგი დავდეთ), დავიწყეთ ექსპედიციები - "ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში“, ასე ერქვა და ფშავ-ხევსურეთში, სვანეთსა და რაჭაში ჩავატარეთ გაცნობითი ხასიათის ვარჯიშები, ბავშვებს დავურიგეთ ბურთები და სხვა. მერე ამას მოჰყვა უკვე პროექტი "რაგბი აქაურობას“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიაში ჩართვა, ასობით სოფელი მოვიარეთ, სადაც ჩავატარეთ შეხვედრები. გუნდის გაკეთებაც ვცადეთ, ვნახეთ ნიჭიერი ახალგაზრდები, მეტ-ნაკლებად ლაგდებოდა რაღაცები, პარალელურად, 20 წლამდელთა ნაკრებთან ერთად ვიყავი მენტალური გამძლეობის შეკრებაზე, რეინჯერებთან, იქ მომეწონა რაღაცები და მერ ეუკვე 4 წელი ვაკეთებდით დაღუპული და დაჭრილი სამხედროების შვილებისთვის საველე შეკრებებს (ესეც მოხალისეობრივად). ამ შეკრებების დაწყებიდან მალევე, 2017 წელს ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში გავაკეთეთ 11 წლამდე ვაჟების გუნდი - რაგბის კლუბი "სოხუმი“.

  • "სოხუმი“ ითამაშებს სოხუმში"

- "სოხუმმა“ ზუგდიდში 7 წელი იარსება, შარშან დაიშალა, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში ინფრასტრუქტურა ვერ მოეწყო, ბიჭებს ტალახში უწევდათ ვარჯიში. როცა ხედავენ, სხვა ქალაქებში მინდორი კეთილმოწყობილია, მათზე ცუდად მოქმედებს. ამ კარგი პირობების მოედანზე და კარგ პირობებში ნავარჯიშებ მოთამაშეებთან ყოველთვის წამგებიან სიტუაციაში ხარ. ასე გაქრა ინტერესი და გუნდი დაიშალა... ამ გუნდიდან ვინც ვარჯიშის გაგრძელება მოინდომა, შარშან ქუთაისში გადავიყვანეთ და ისინი სპონსორების და შემომწირველების დახმარებით უზრუნველვყავით, რომ ნახევარი წელი ტრანსპორტირება ჰქონოდათ და ბინაში ეცხოვრათ, რაღაც ხარჯებსაც ვუნაზღაურებდით. უკვე ოთხი წელია, რაც თბილისში ფუნქციონირებს კაცთა გუნდი "სოხუმი“, სადაც ძირითადად სტუდენტებს და დასაქმებულებს აქვთ საშუალება სამსახურის და სწავლის შემდეგ, საღამოს მოვიდნენ და ივარჯიშონ. გუნდი სამოყვარულოა, ოღონდ, სამოყვარულო ლიგა არ გვაქვს, ვთამაშობთ საქართველოს ჩემპიონატს, რეგიონულ ლიგაზე ვასპარეზობთ, ვცდილობთ სპორტის სოციალური ხაზი გვეჭიროს. ჩვენი მიზანი და ამოცანაა "სოხუმმა“ ითამაშოს სოხუმში და ამის იმედი ნამდვილად მაქვს.

  • "ჩემი ოჯახი"

- ფსიქოლოგმა და ტრენერმა ნინო ქობალიამ რეპორტაჟი ნახა საკვირაო სკოლაზე და ხობში ჩამოვიდა ტრენინგის ჩასატარებლად. როცა ვნახე, როგორი რეაქცია ჰქონდათ ბავშვებს მის ტრენინგზე, მერე მივხვდი, რაღაც სერიოზული ხდებოდა. ნინო თბილისში როცა ჩამოვიდა, ცოტა ხანში მეც წამოვედი და ვუთხარი, თუ მაინც და მაინც საჯარო სამსახურში არ გინდა მთელი ცხოვრების გატარება, წამოდი და ერთად ვაკეთოთ სკოლა-თქო. ნინოც გადმოვიდა და 2 წელი ვიმუშავეთ, მერე შევუღლდით და ვაგრძელებთ ოჯახურ თანაცხოვრებას. გვყავს 4 წლის დემეტრე, ხოლო იოანე დეკემბერში მოევლინება ქვეყანას.

  • "ბევრი რამ გადამხდენია თავს, "ტიტუშკების" მოვარდნა პირველი არ ყოფილა“

- ვინაიდან უსამართლობასთან შეგუება არ არის ჩემი საქმე, პროევროპულ აქციებში ჩავერთე. პირველად 2006 წელს წავედი საპროტესტო აქციაზე (ჯერ კიდევ თინეიჯერი), სადაც პოლიციამ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აქედან მოყოლებული, სულ ვცდილობდი აქტიურად ვყოფილიყავი აქციებზე და უსამართლობა გამეპროტესტებინა. ბოლო 300-დღიან მარათონში მაქსიმალურად ვარ ჩართული, რამე გადაუდებელი საქმე თუ არ გამომიჩნდა, აქციას არ ვაცდენ. 2024 წლის 17 აპრილს დამაკავეს, დაუნდობლად მცემა გდდ-მ, მივიღე ტვინის შერყევა და იზოლატორის ნაცვლად საავადმყოფოში გადამიყვანეს... ბევრი რამ გადამხდენია თავს, "ტიტუშკების" მოვარდნა პირველი არ ყოფილა, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი აგრესიულად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც დემონსტრანტებს აგინებენ, ურტყამენ, პოლიციელებს კი ისინი მოწიწებით გაჰყავთ კორდონით.

აქციაზე იმ დღესაც მოვიდა აგრესიული ჯგუფი, იგინებოდნენ. ამ ჯგუფს მერე რუსთაველიდან ბესიკის კუთხემდე კიდევ დაემატა გარკვეული რაოდენობა, დაიძრნენ ბესიკისკენ. როგორც ხდება ხოლმე, პოლიცია მშვიდად იდგა და ესენი დიდ გულზე მოსულები იგინებოდნენ. როცა მიდიოდნენ, მივყვებოდით და ვეკითხებოდით, ვის და რატომ აგინებდნენ. ეს ჯგუფი გაიშალა, იქიდან ერთი კაფეში შევიდა, შევყევით და ვეკითხებით, ვის აგინებდა. კაფიდან სხვა გასასვლელი რომ ვერ ნახა, ბიჭი კუთხეში, კედელთან დადგა და ამოიღო იარაღი. კადრებში ჩანს, როგორ გავშეშდი. ჩემთან ერთად კიდევ ერთი იყო შემოსული და იმას მიუტრიალდა იარაღით, მერე ჩემკენ დაიძრა. ამ დროს გავაჩერეთ თავდამსხმელი, იარაღი წავართვით, გარეთ გამოვიყვანეთ და იარაღი პოლიციას გადავეცით. ამ დროს დაიწყო პოლიციამ უცნაური ქცევა, რაღაცნაირად ჩემ მიმართ წნეხი - ბიჭო, იარაღი საიდან გაქვს, საიდან მოიტანე... უშნოდ მიტრიალებდნენ ამ ამბავს. მოვითხოვე, კამერის ჩანაწერი ნახეთ სასწრაფოდ-თქო. შემიყვანეს კაფეში, სადაც იყო კამერები, აქ წნეხი დასრულდა და დაიწყო ირონია: კარგი ბიჭო, რა გჭირს, პნევმატურია, "შარიკებს“ ისვრის და ეგეთები. საათზე მეტი ვიყავით შიგნით, არც ადვოკატს უშვებდნენ, ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ელოდებოდნენ, რომელსაც სიტუაცია უნდა "დაელაგებინა“, როგორ უნდა გაფორმებულიყო ეს ფაქტი. როცა მოვიდა, ისიც ირონიით და არასერიოზული დამოკიდებულებით, მერე შემოუშვა ადვოკატი და მითხრა, ახლა უნდა წავიდეთ დაკითხვაზე, თორემ მომიწევს, ეს გავუშვაო. ჩემი პასუხი იყო, არც პირველი იქნება ვისაც გაუშვებთ და არც უკანასკნელი, არ წამოვალ, მოსამართლესთან ერთად დავიკითხები-მეთქი. მოსამართლესთან დაკითხვისას კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რას და როგორ აპირებდნენ, მაპროვოცირებელ კითხვებს მისვამდნენ, 10 კითხვიდან 6 ისეთი იყო, თითქოს თავი უნდა მემართლებინა და მემტკიცებინა, რომ ჩემი ბრალი არ იყო, არ მიძალადია და არ მიგინებია მისთვის და ა.შ. ამ ამბამდე სტამბოლის ბილეთები მქონდა აღებული სამი დღით, შვილის დაბადების დღის თარიღისთვის გვინოდა დაგვემთხვია და ოჯახს ერთად გაგვეტარებინა დრო. პოლიცია და სასამართლო ჩავაყენე სქმის კურსში, ბილეთები წინასწარ მაქვს აღებული და 22-ში ვბრუნდები, რომ იცოდეთ-თქო. თურქეთში ვიყავი, როცა "იმედმა“, "პოსტივიმ“ და ვიღაცეებმა ვიდეოები გაავრცელეს. ხალხში გაჩნდა აზრი, რომ ეს იყო ნიადაგის მოსინჯვა და ჩემი დაკავებისთვის მომზადება.

  • "ამდენი ადამიანის დანახვა ძალიან ემოციური იყო, თან ძალიან მერიდებოდა და თან ძაან მიხაროდა“

- პირველი რაც სოციალურ ქსელში ვნახე, გიორგი ახობაძემ დაწერა პოსტი, ლევანს ყველანი უნდა დავხვდეთ აეროპორტშიო. ეს გიორგის მხრიდან და მერე ხალხის მხრიდან უდიდესი სოლიდარობა გამოვიდა, ძალიან ემოციური იყო... ვიცი, რას ნიშნავს აეროპორტში მისვლა სამუშაო დროს, ნაკრების ბიჭების დასახვედრად აეროპორტში ავტობუსი რომ დამიყენებია და წასვლა მიცდია, ეს ბევრს ერთულებოდა და ამდენი ხალხი რომ დავინახე, პირველ რიგში, მათი მომერიდა, ჩემს გამო ასე რომ შეწუხდნენ. 2024-ში რომ დამაკავეს, პირველად მაშინ ვიგრძენი რას ნიშნავს სოლიდარობა - როცა ნაცემი, 3 საათი ფეხზე მდგარი შემიყვანეს ინგოროყვაში და ბორკილებს არ მხსნიდნენ, ცვლის უფროსმა, დაცვამ, ექიმმა და დაცვის უფროსმა ისე დამიცვეს და ისე კატეგორიულად მოითხოვეს ჩემთვის ბორკილები მოეხსნათ, მაშინ გავიგე რას ნიშნავს ადამიანური სოლიდარობა, მით უფრო, როცა პოლიციელების და სისტემის გარემოცვაში ხარ. ამდენი ადამიანის დანახვა ძალიან ემოციური იყო, თან ძალიან მერიდებოდა და თან ძაან მიხაროდა. რაგბისტებიდან ერთეულებისგან ვიგრძენი მხარდაჭერა. თამამად შემიძლია ვთქვა, როცა მათ თამაშზე გამხნევება სჭირდებოდათ, მე ბევრად მეტს ვგულშემატკივრობდი, ვიდრე მე მივიღე გამხნევება, როცა ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი.

ასე მგონია, ყველაფრის შანსია, მათ შორის ჩემი დაკავების. იქ სადაც სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა ერთი ფრთის ქვეშაა მოქცეული, იქ ყველაფრის შანსია. მხოლოდ საკუთარი თავის და მეგობრების იმედი მაქვს. გამარჯვების იმედი მაქვს... ახლა ძალადობის მუხლზეა საუბარი... ჩემი დაკავება პრეცედენტად ვერ იქნება მოყვანილი, 60-ზე მეტი ადამიანი ყველანაირი სამხილის გარეშეა დაკავებული, ხომ?

ბევრის რჩევა მივიღე, დარჩი სადაც ხარ, თავშესაფრის მოთხოვნა შეგიძლიაო. ამას არ გავაკეთებდი, ქართველი ვარ, აქ დავიბადე, გავიზარდე და აქ მინდა ვიცხოვრო - ნორმალურ, სამართლიან და განვითარებულ ქვეყანაში.