ჩვენი ამოცანაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი“,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველო გაეროს დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრია, რაც იმითაც დასტურდება, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა, რითაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. გასულ წლებში, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გარე შოკების მიმართ შთამბეჭდავი მედეგობა გამოავლინა. საქართველოს განვითარების პოზიტიური დინამიკა ასახულია და დასტურდება მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების საერთაშორისო რეიტინგებითა და პარამეტრებით“, - განაცხადა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ის ადგილია, სადაც, ისტორიის მანძილზე, ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით, არასოდეს მომხდარა არცერთი ადამიანის ჩაგვრა ან დევნა.
"მე წარმოვადგენ სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით აღსავსეა. ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია
საქართველოს ისტორია, ეს არის დამპყრობლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის უწყვეტი ქრონიკები, რის შედეგადაც, ჩვენ სასწაულებრივად შევძელით ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. საუკუნეების მანძილზე, დამპყრობლებთან უწყვეტი ომიანობის მიუხედავად, საქართველოში არსებული კულტურული გარემო, ყოველთვის გამოირჩეოდა უცხოსადმი განსაკუთრებული შემწყნარებლობით, ჰუმანიზმითა და მოყვასის სიყვარულით. ტოლერანტობა, უცხოს მიმღებლობა, მათთან ერთად ჰარმონიული თანაარსებობა და მრავალფეროვნება, ჩვენი უძველესი კულტურის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც ბრწყინვალედაა აღბეჭდილი ქართულ პოლიფონიაში, ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ყველასათვის კარგად ცნობილ ქართულ ეპოსში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“. საქართველო ის ადგილია, სადაც ისტორიის მანძილზე ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით, არასოდეს მომხდარა არცერთი ადამიანის ჩაგვრა ან დევნა. პირიქით, ჩვენ ყოველთვის გამოგვარჩევდა სამართლიანობის მძაფრი განცდა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მიხეილ ყაველაშვილმა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს მიმართა.
"მინდა მივმართო, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვწერდით საქართველოს ისტორიას. ისტორიას, რომელიც სავსეა ჩვენი წინაპრების გმირობებით, საერთო ბრძოლით, ჩვენი ერის თვითგადარჩენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დიდი იმპერია, რომელიც სხვებს საკუთარ წესებს თავს მოახვევდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქვეყანა, რომელიც ამაყობდა საკუთარი მრავალფეროვნებით. საქართველო არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები საუკუნეების მანძილზე ხვდებოდნენ, ერწყმოდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს. ჩვენი კულტურა კი ამ რთული და მუდმივი სინთეზის პირმშოა. ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო, ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა.
ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ. მე მწამს, რომ ერთ დღესაც ჩვენს შვილებთან ერთად, ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.