ავტორი:

"დედ ჰასანის" კრიმინალური მემკვიდრე, რომელიც რუსულ ესტრადას მფარველობდა - რა არის ცნობილი ირაკლი უსოიანზე, რომელმაც გამოძიების ვერსიით, ჯანგველაძის მკვლელობა დაუკვეთა

"დედ ჰასანის" კრიმინალური მემკვიდრე, რომელიც რუსულ ესტრადას მფარველობდა - რა არის ცნობილი ირაკლი უსოიანზე, რომელმაც გამოძიების ვერსიით, ჯანგველაძის მკვლელობა დაუკვეთა

2025 წლის 24 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ბრალდების მხარემ პირველად დაასახელა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, როგორც ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის სქემაში ერთ-ერთი ძირითადი მოქმედი პირი. დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა ჩვენებისას განაცხადა, რომ ფარცხალაძეს, თავის მხრივ, 2013 წელს მოსკოვში მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ (ასლან უსოიანი) შვილიშვილმა ირაკლი უსოიანმა დაუკვეთა მკვლელობა.

გოგიაშვილმა ამ ინფორმაციის წყაროდ "ოპერატიული ინფორმაცია“ დაასახელა, რის გამოც დაცვის მხარის ადვოკატები ჩვენებას არასარწმუნოდ მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, ეს განცხადება ნათელს ჰფენს კავშირებს პოლიტიკურად გავლენიან პირებს, მსხვილ ბიზნესსა და უმაღლესი რანგის კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის.

მკვლელობის სქემა და მოტივები

დეტექტივის ჩვენების თანახმად, ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მოკლულ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძესთან. დაძაბულობის მიზეზი იყო ბიზნესი, კერძოდ კი "სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტი“.

"წყაროს" ცნობით, "ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია“ (მერაბ ჯანგველაძე, „სოხუმსკი“). შეკვეთა: ამის შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა „დედ ჰასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი, რომელმაც ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. უსოიანის შეკვეთის შემდეგ, შეირჩა "კილერი“ – გელა უძილაური, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი იყო. "კვალის არევის მიზნით“ უძილაური საბერძნეთში გაუშვეს, რათა „ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო“. მკვლელობის შემდეგ უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა.

ლევან ჯანგველაძე თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 2025 წლის 14 მარტს მოკლეს. საქმეზე დაკავებულები არიან: გელა უძილაური (შემსრულებელი), გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, მამუკა ბაღდავაძე და სანდრო წივწივაძე. ძებნაა გამოცხადებული დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეზე.

"დედ ჰასანის" იმპერია: შთამომავლობის ბიზნესი, კრიმინალი და გავლენა

ასლან უსოიანის, იგივე "დედ ჰასანის" (ეთნიკურად ქურთი იეზიდი, მოკლეს 2013 წელს მოსკოვში), ოჯახის ცხოვრების წესი ნათლად ასახავს, თუ როგორ შეიცვალა კრიმინალური ავტორიტეტების როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში. მიუხედავად ძველი „ქურდული კანონებისა“, მისი შთამომავლები მსოფლიოს გარშემო ცხოვრობენ, ჩართულნი არიან ლეგალურ ბიზნესში, თუმცა ბაბუისგან მემკვიდრეობით მიღებული კრიმინალური გავლენა მათ ყოველ ნაბიჯზე თან სდევთ.

ჰასანი ვაჟთან და შვილიშვილებთან ერთად

დედ ჰასანს სამოქალაქო მეუღლისგან, დულშა ავდოევასგან, ორი შვილი ჰყავდა: ვაჟი – ნოდარი უსოიანი და ქალიშვილი – ნუნა უსოიანი.

ნოდარი უსოიანი: ბიზნესმენი ევროპაში

დედ ჰასანის ვაჟი, ნოდარი უსოიანი, კრიმინალურ საქმიანობაში ოფიციალურად არასდროს ყოფილა შემჩნეული, თუმცა მისი ფინანსური ცხოვრება საკმაოდ ამბიციურია. ის იყო რამდენიმე მსხვილი რუსული საწარმოს თანამფლობელი და ფლობდა წილებს საზღვარგარეთ, მათ შორის ავსტრიაში რეგისტრირებულ კომპანიებში.

ნოდარ უსოიანი ევროპაში მყარად არის ფეხმოკიდებული: მას ავსტრიაში უძრავი ქონება აქვს შეძენილი და მისი ოჯახი დროის უმეტეს ნაწილს სწორედ იქ ატარებს. მიუხედავად სუფთა იმიჯისა, მის თანადამფუძნებლებით შექმნილი ზოგიერთი ფირმა მაღალი რანგის კრიმინალურ საქმეებში ფიგურირებდა. მაგალითად, 1995 წელს ერთ-ერთი მისი კომპანია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავების ჯართის სახელით, შემცირებული ფასით, უკანონო გაყიდვაში მოხვდა, სადაც რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების გვარებიც ფიგურირებდა.

ჰასანი მეუღლესთან ერთად

ნოდარმა და მისმა მეუღლე, ინგა ხატოევამ, "დედ ჰასანს" ორი შვილიშვილი – ასანი და ირაკლი აჩუქეს.

ირაკლი უსოიანი: გავლენა კრიმინალსა და შოუბიზნესში

ნოდარის უმცროსი ვაჟი, ირაკლი უსოიანი, ოჯახის კრიმინალურ მემკვიდრედ არის მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ის ძმასთან ერთად ლიზინგის კომპანიის, „ტრანზიტსერვისის“, თანადამფუძნებელი იყო, მისი ყურადღება აშკარად უფრო "ბაბუის საქმემ" მიიქცია.

ირაკლის კრიმინალურ წრეებში აქტივობა 2018 წლიდან იწყება:

  • ქურდული შეკრებები: 2018 წელს ის სომხეთში ჩაფრინდა ადგილობრივი კრიმინალური შეკრების წინ. 2019 წელს კი მოსკოვის ოლქის რესტორან „დიუშესში“ გამართულ ქურდულ შეკრებაზე დააკავეს.
  • შოუბიზნესის მფარველობა: ირაკლი უსოიანის სახელი არაერთხელ იყო დაკავშირებული ჭორებთან, რომლის მიხედვითაც, ის რუსული ესტრადის ზოგიერთ „ვარსკვლავსაც“ მფარველობდა. ეს ვარაუდი ასახავს კრიმინალური გავლენების გაფართოების ახალ ტრენდს – ფულითა და ავტორიტეტით გავლენის მოპოვებას გართობის ინდუსტრიაზე, რომელიც, თავის მხრივ, ფარული ფინანსური ნაკადების წყაროც შეიძლება გახდეს.

ოჯახის სხვა წევრები: თბილისური და საფეხბურთო კვალი

ასან უსოიანი, ირაკლის ძმა, შედარებით ჩრდილში რჩება. ის იყო მხოლოდ მცირე ბიზნესის თანადამფუძნებელი და მისი სახელი კრიმინალურ კონტექსტში არ ფიგურირებს.

ირაკლი უსოიანი

ნუნა უსოიანი, დედ ჰასანის ქალიშვილი, ცხოვრების დიდ ნაწილს თბილისში ატარებდა, პერიოდულად კი სოჭს სტუმრობდა. ის კრიმინალურ ქრონიკებში არასოდეს მოხვედრილა. ნუნას ვაჟი – ომარ ედუარდის ძე ფაროიანი – უკრაინის მოქალაქე იყო და ფეხბურთით იყო დაკავებული. ის ირიცხებოდა კიევის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მეორე და მესამე შემადგენლობაში. ომარის ფიგურა 2008 წელს გააქტიურდა, როდესაც დედ ჰასანი ოფიციალური მიზეზით – შვილიშვილის მოსანახულებლად ჩავიდა კიევში, თუმცა მაშინდელი პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ ვიზიტის მიზანი ადგილობრივ კრიმინალებთან შეხვედრა იყო.

ნუნა უსოიანი მამის დაკრძალვაზე

საქმის მასშტაბი: ბრალდებები და რისკები

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს უმძიმესი მუხლებით ემუქრებათ პატიმრობა:

ორგანიზატორებს (ძმები მიქაძეები, გიორგი ჯოხაძე) ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის (სსკ 25/109-ე) ედებათ, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შემსრულებელს (გელა უძილაური) განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ემუქრება 15 წლამდე პატიმრობა. სხვებს ბრალი იარაღის უკანონოდ გასაღებისთვის, დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის აქვთ წარდგენილი.

წაიკითხეთ ასევე: