ავტორი:

გოგა პიპინაშვილი ედუარდ შევარდნაძის, ვანიკო თარხნიშვილი კი გურამ გაბისკირიას როლში... - "სოხუმით" გადმოცემული აფხაზეთის ომის ბოლო დღეები

გოგა პიპინაშვილი ედუარდ შევარდნაძის, ვანიკო თარხნიშვილი კი გურამ გაბისკირიას როლში... - "სოხუმით" გადმოცემული აფხაზეთის ომის ბოლო დღეები

სოხუმის დაცემის ბოლო დღეები, საომარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, პირადი ტრაგედიები და გმირობის მაგალითები, 1990-იანი წლების პოლიტიკური პერიპეტიები, ისტორიები, სადაც თვითგადარჩენის ინსტინქტს თან სდევს ადამიანური სახის შენარჩუნების სურვილი - ეს ყველაფერი რეჟისორმა გია ბარაბაძემ გადაიღო ფილმში "სოხუმი".

  • 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს კინოთეატრებში და კავეა პლუსზე ამ ფილმის პრემიერა შედგება.

ცნობილ მსახიობებს მაყურებელი ცნობილი პოლიტიკური პერსონების როლში იხილავს. გოგა პიპინაშვილი ედუარდ შევარდნაძეს განასახიერებს, თემიკო ჭიჭინაძე - ზვიად გამსახურდიას, დავით ბეშიტაიშვილს - ჟიული შარტავას, ვანიკო თარხნიშვილი - გურამ გაბისკირია გახლავთ.

როლებში არიან ასევე: ანდრო ჭიჭინაძე, პაატა ინაური, შაკო მირიანაშვილი, ვერონიკა კალანდარიშვილი, თამუნა ნიკოლაძე, ზალიკო ჩიქობავა.

  • ფაქტები ისტორიიდან

აფხაზეთის ომის (1992-1993 წწ) ბოლო გადამწყვეტი ბრძოლას, საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველების ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება და აფხაზეთიდან ქართველების ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გააფთრებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ სოხუმი დაეცა.

ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრებმა - ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და რაულ ეშბა გაქცევაზე უარი თქვეს და ისინი მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს... რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია კოდორის ხეობის გარდა დაიკავეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.

AMBEBI.Ge ედუარდ შევარდნაძის როლის შემსრულებელ მსახიობ გოგა პიპინაშვილს ესაუბრა:

- ბატონო გოგა, ფოტოები ვნახე და ედუარდ შევარდნაძესთან გარეგნული მსგავსება არ არის. პორტრეტული მსგავსება მნიშვნელოვანი არ იყო? და რეჟისორის შემოთავაზებას მაშინვე დათანხმდით? როგორ მიიღეთ ეს წინადადება და რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი იმ პერიოდში?

- ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა რეჟისორის ჩანაფიქრს. მაინტერესებდა გამეგო, რამდენად ჰქონდა მას სურვილი, პორტრეტული მსგავსება ყოფილიყო და თუ ასეთი რამ იქნებოდა საჭირო, რა თქმა უნდა, ამ რისკს არ გავწევდი. მერე როგორც კი მასთან გავარკვიე, რომ განზოგადებული სახე უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა იყო და დავთანხმდი. აფხაზეთი - ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაა, რომელიც ყველას აწუხებს და სტკივა, ამიტომ ფილმში შესაბამისად ჩემი თანამონაწილეობა ჩავრთე.

- პრეზიდენტ შევარდნაძის როლის შესაქმნელად თქვენთვის მთავარი ამოცანა რა იყო?

- რაღაც ელემენტებს ვეძებდი, ხასიათში რაღაც მსგავსების ელემენტი რომ ყოფილიყო... ნამუშევარს სანამ არ ვნახავ, ჯერ არ ვიცი, რამდენად გამოვიდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო დამოკიდებულება იმ მძიმე მოვლენებთან, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, რადგან ყველანი თანამონაწილე ვიყავით იმ უმძიმესი ამბების. შესაბამისად დიდი პასუხისმგებლობაც იყო და ეს ნაბიჯი მართლა ამიტომ გადავდგი.

- ისე, ოდესმე იფიქრებდით, რომ შევარდნაძის როლის თამაში მოგიწევდათ?

- არა, არ მიფიქრია და არც სურვილი მქონია მსგავსი ცნობილი პიროვნებების განსახიერების, თამაშის. ძალიან მოულოდნელი იყო გიას შემოთავაზება. რამდენადაც ვიცი, შევარდნაძის როლი მანამდე ნათამაშევი ჰქონდა ჩემს კოლეგებს და ისეთი პორტრეტული მსგავსებით და ისეთ მაღალ ხარისხში ნათამაშევი, რომ გამიკვირდა, მე რატომ შემომთავაზა? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერ მივიღე. რამდენად გამოვიდა ეს ყველაფერი, ხომ ვამბობ, ჯერ არ ვიცი და რომ ვნახავ, მერე უფრო კონკრეტულად შევძლებ პასუხის გაცემას.

- ისე, ედუარდ შევარდნაძის განსახიერება არ არის მარტივი საქმე და თქვენთვის ერთგვარად ალბათ "დანის პირზე" გავლას გულისხმობდა...

- არა, ის ეპიზოდები, რომლებიც გადავიღეთ, არ იძლეოდა ამომწურავად ამ შესაძლებლობებს, მაგრამ ეს საქმე მაინც რეჟისორს არის, მან უნდა გაგცეთ პასუხი. ყველაფერი მაინც რეჟისორის ხედვაზეა დამოკიდებულია, როგორ გამოიყენებს გადაღებულ მასალას. მართლა მაინტერესებს, ჩვენი ნამუშევრისგან რა გამოვიდა.

რაც მთავარია, ჯგუფი იყო არაჩვეულებრივად მობილიზებული. იცოდნენ, რა საქმეს ჰკიდებდნენ ხელს და სურვილი იმის, რომ ყოფილი მაღალი ხარისხის ნამუშევარი, ეს ყველას აერთიანებდა.

- პრეზიდენტ შევარდნაძეს პირადად იცნობდით?

- რამდენჯერმე მქონდა ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე გადაკვეთა - თეატრშიც იყო რამდენჯერმე შენთან მოსული. ასე რომ, მასთან შეხვედრის შესაძლებლობა რამდენჯერმე მქონია.

- როგორია სოხუმის დაცემით და აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეული თქვენი ემოციები?

- მთელი ჩემი ახალგაზრდობა აფხაზეთში ვიყავი, იქ გავატარე ყველაზე დიდი პერიოდი დასასვენებლად და ისედაც. არაერთხელ ვყოფილვარ გასტროლზე. მიყვარდა ის მხარე, სადაც მყავდა ასევე ნათესავები. ძალიან ხშირად მიწევდა მათთან ურთიერთობა... რა თქმა უნდა, აფხაზეთი ყველას ტკივილია, მაგრამ ჩემი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ იქ ძალიან ახლო ნათესავები მყავდა და მათთან ურთიერთობა, ის ადგილი, სადაც ბავშვობა, ახალგაზრდობა გავატარე, მასთან მიახლოების შესაძლებლობა აღარ მაქვს.

ბიჭვინთასთან, გაგრასთან საოცარი მოგონებები მაკავშირებს, მერე გამორჩეული ადგილები იყო. როდესაც ომი დაიწყო, ეს დიდი ტკივილი იყო და ყველას შეეხო, გვქონდა აფხაზეთთან ემოციური კავშირი თუ არა. იქ უამრავი ადამიანი იყო, ვისთანაც ვმეგობრობდით, ვძმაკაცობდით, ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ტერიტორიის დაკარგვა, ეს ურთიერთობის, ძმაკაცობის, ნათესაური კავშირების დაკარგვაა. რაც წლები გადის, კიდევ უფრო მტკივნეული ხდება.

- მოკლედ, ახლა ელოდებით პრემიერას, რომ ფილმთან ერთად, საკუთარი ნამუშევარიც შეაფასოთ...

- ძალიან არ მიყვარს, ასეთი ღონისძიებებზე დასწრება, გამოვდივარ ხოლმე. სულ კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს ჩემი ნამუშევრების მიმართ. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენებს და მერე მეტად შეგვეძლება მსჯელობა.

რატომ სოხუმი, რატომ აფხაზეთი, ამ კითხვაზე ფილმის "სოხუმი" რეჟისორი გია ბარაბაძეს მივმართეთ:

- ეს თემა ჩემთან ახლოა, მართალია თბილისელი ვარ, მაგრამ ოჯახიდან გამომდინარე - ბებია, მამა, რაღაც პერიოდი აფხაზეთთან იყვნენ დაკავშირებული და შესაბამისად მთელი ბავშვობა სოხუმში მაქვს გატარებული. ეს ემოციური ბმა სულ მქონდა.

დიდი ხანი ვუტრიალებდი ამ პროექტს. 2023 წელს მინისერიალების კონკურსი იყო და კინოცენტრში შევიტანე. მოვიგე. ახლა ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი - ფილმი, რომლის პრემიერა 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს შედგება და მეორე ეკრანებზე დადგება და მერე - სერიალი (5 სერია), რომელიც გავა კავეა პლუსზე.

გია ბარაბაძე

- ანუ ამბები, რომელიც ფილმშია წარმოდგენილი, შემდგომ, სერიებადაც დაიშლება და გაიშლება?

- კი. ფილმი თავიდან სულ 3 საათი გამოვიდა, საკმაოდ დიდი, შემცირება წვალებით მოგვიწია და 2 საათამდე დავიდა ანუ ქრონომეტრაჟი საათი და 20 წუთია...

- იდეის განხორციელებაში რეჟისორს მსახიობები ეხმარებიან. მანამდე ისინი სწორად უნდა შეირჩნენ... ვფიქრობ, კარგი ჯგუფი შეკარით...

- აქ არ არის არავის მთავარი როლი, მთავარია ქალაქი სოხუმი და ის სამი დღე, რომელიც ტრიალებს მის გარშემო. 10-მდე ამბავია ნაჩვენები - ყველას ჰყავს თავის გმირი. ქრონომეტრაჟით ზოგი დიდია, ზოგი - პატარა, არის შევარდნაძე, გამსახურდია, გაბესკირია, შარტავა... არიან ადამიანები თავიანთი ისტორიებით. ადამიანური ტრაგედიებით. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობების წრე, რომელთა შერჩევა დიდხანს მიმდინარეობდა. ფილმი აგებულია რამდენიმე მსახიობზე. მოკლედ, ყველაფერს დიდი დრო და ფიქრი დასჭირდა. რთული პროცესი იყო.

- გოგა პიპინაშვილი რატომ შეარჩიეთ ედუარდ შევარდნაძის როლზე?

- ასეთ ფილებში არის 2 ვარიანტი - ერთი, როდესაც პერსონაჟი უნდა მიემსგავსოს, მაგრამ არის ფილმები, ასეთი მსგავსება არ არის საჭირო. მიმსგავსებას რაც შეეხება, ეს არის უემოციო ნიღაბი, ერთ-ერთში ჰგავს, მაგრამ არანაირ ემოციას არ იწვევს. იყო ასეთი მომენტიც, მაგრამ ბოლოს ავირჩიე ის გზა, რომელიც განვახორციელე. კი, გოგა პიპინაშვილი არ ჰგავს ვთქვათ, შევარდნაძის პერსონაჟს, იმიტომ, რომ ეს გზა ავირჩიე. რაც შეეხება თვითონ იმას, ამ როლზე თუ რატომ გოგა პიპინაშვილი? ჯერ ერთი იმიტომ, რომ პროფესიონალია, მაღალი კლასის არტისტია, ნიჭიერი კაცია, მას აქვს თავის განსაკუთრებული სიმძიმე. ჩემი აზრით, ამ ფილმს ძალიან მოუხდა და აქ, რაც მთავარია, მნიშვნელოვანია მისი ასაკი.

- თქვენი მოლოდინი როგორია?

- რამდენიმე წინასწარი ჩვენება მქონდა და საკმაოდ დადებითი და ემოციური გამოვიდა. საერთოდ ხომ ასეა, ფილმი შეუძლებელია ყველას მოეწონოს, ვიღაც აუცილებლად იტყვის, რა შუაშია გოგა პიპინაშვილი შევარდნაძესთან?! მთავარია, რომ მსახიობებმა ამოცანა შეასრულეს.

- სად იყო გადაღებები?

- ძირითადი რუსთავში, ძალიან დაგვეხმარა რუსთავის მერია. შეუძლებელია თვე-ნახევარი გაუძლო გადამღებ ჯგუფს (ფილმს სამი თვე ვიღებდით, მაგრამ თვე-ნახევარი ვიყავით რუსთავში). მოსახლეობა შევაწუხეთ დღისით და ღამითაც. დისკომფორტი შევუქმენით, ამიტომ მადლობა მათ...

- ფილმში თამაშობს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც ახლა დაპატიმრებულია... ის ფილმის პრემიერას ვერ დაესწრება...

- ჩემი მეგობარია მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე და ჩემს წინა ფილმზე რომ დავიწყეთ მუშაობა, რომელშიც თემიკო მონაწილეობს, მითხრა, ერთი ბიჭი უნდა გაგაცნოო. გამაცნო და ის ბიჭი ანდრო ჭიჭინაძე აღმოჩნდა, რომელსაც ადრე არ ვიცნობდი. იმ დღიდან დავმეგობრდით არა მარტო გადასაღებ მოედანზე, ცხოვრებაშიც დიდი მეგობრები გავხდით.

"სოხუმში" ანდრო ზვიად გამსახურდიას მეომარია. ანდროს გარეშე პრემიერა ისეთი ვერ იქნება, როგორც ანდროს გარეთ ყოფნისას იქნებოდა. მასთან პირადი ურთიერთობებიდან, მეგობრობიდან, ოჯახიდან გამომდინარე - ეს არის ჩემი ერთგვარი აქცია... აი, როდესაც ანდრო გარეთ გამოვა, ნამდვილ პრემიერა მაშინ იქნება...