„მადლობა პაციენტებს ნდობისთვის“ – ნევროლოგ ეკა გაბადაძის პროფესიული გზა

„მადლობა პაციენტებს ნდობისთვის“ – ნევროლოგ ეკა გაბადაძის პროფესიული გზა

ნევროლოგია ერთ-ერთი ყველაზე რთული და პასუხისმგებლობით სავსე სფეროა, რომელიც არა მხოლოდ პროფესიონალიზმს, არამედ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს პაციენტების მიმართ. ნევროლოგი ეკა გაბადაძე, საკუთარ გამოცდილებაზე, კინეზითერაპიის მნიშვნელობასა და ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაზე.

რა იყო მთავარი მოტივაცია, რომ ექიმი გამხდარიყავით?

ჩემთვის მთავარი მოტივაცია იყო დედა, რომელიც ექიმი პედიატრია. ბავშვობიდანვე შემიყვარდა ეს პროფესია და ვერასოდეს წარმომედგინა საკუთარი თავი სხვა სფეროში.

ნევროლოგია საკმაოდ რთული და პასუხისმგებლობით სავსე დარგია. რატომ აირჩიეთ სწორედ ეს მიმართულება?

ოჯახში სხვადასხვა პროფილის ექიმები გვყავს (დედა – პედიატრი, ჩემი და – რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი), თუმცა ნევროლოგია მხოლოდ მე ავირჩიე, რადგან ეს სფერო განსაკუთრებულად მაინტერესებდა.

რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია დღემდე?

როდესაც უკრაინიდან საქართველოში დავბრუნდი, მინდოდა პაციენტებისთვის განსხვავებული მეთოდი შემეთავაზებინა. სწორედ ამიტომ ნევროლოგიურ დაავადებებში დავნერგე კინეზითერაპია , სამკურნალო ვარჯიშებით მკურნალობა. რიგი დაავადებების დროს (მაგალითად, მალთაშუა დისკის თიაქარი, ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ნეიროპათიები და სხვ.) მხოლოდ კინეზითერაპიული მკურნალობით ვიღებთ შედეგს. თუმცა, თუ პაციენტს მწვავე ტკივილი აქვს და ვერ მოძრაობს, პირველ ეტაპზე აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობა, ხოლო შემდეგ იგეგმება კინეზითერაპიული კურსი.

როგორ დაიწყო თქვენი სამედიცინო კარიერა?

ჩემი პროფესიული გზა უკრაინაში დავიწყე, კლინიკური ორდინატურის დასრულების შემდეგ ვმუშაობდი დონეცკის საოლქო ცენტრში ნევროლოგად 5 წლის განმავლობაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიხარია, რომ ნევროლოგიაში განსხვავებულ სიტყვას ვამბობ ,ხერხემლისა და სახსრების დაავადებების კინეზითერაპიული მკურნალობა საუკეთესო შედეგს იძლევა.

უკვე 12 წელზე მეტია მუშაობთ. როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა ამ პერიოდში?

ხერხემლისა და სახსრების პათოლოგიების შემთხვევაში, თუ პაციენტს მწვავე ფაზაში მოძრაობა უჭირს, მედიკამენტოზური თერაპიის შემდეგ აუცილებელია კინეზითერაპია. ეს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს რემისიას და ეხმარება პაციენტს დაავადების მიზეზთან ბრძოლაში. თუ პაციენტს მოძრაობა შეუძლია, მაშინ პირდაპირ კინეზითერაპიას ვიწყებ. ეს მეთოდი ნამდვილად უალტერნატივოა.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საერთაშორისო გამოცდილება?

საერთაშორისო გამოცდილება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ,ეს იყო ერთგვარი ტრამპლინი. ის მკურნალობის ტაქტიკები, რაც საზღვარგარეთ ვისწავლე და პრაქტიკა, რომელიც იქ დავაგროვე, მაძლევს საშუალებას პაციენტებს განსხვავებული და ეფექტური მიდგომა შევთავაზო.

რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ პროფესიულმა გზამ?

მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ის, რომ პაციენტებისთვის შემეთავაზებინა არა მედიკამენტოზური და არაქირურგიული, არამედ კინეზითერაპიული მკურნალობა.

როგორი მნიშვნელობა აქვს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას?

ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ვფიქრობ, პაციენტს მკურნალობის შემდეგაც უნდა ახსოვდეს ის ექიმი, ვინც გამოჯანმრთელებაში დაეხმარა.

როგორი ურთიერთობა გაქვთ პაციენტებთან?

ვცდილობ მზრუნველობა ყველა პაციენტს თანაბრად გავუნაწილო. ურთიერთობა ჩემთვის უნდა იყოს უშუალო და გულწრფელი.

რა გაძლევთ ყველაზე მეტ ძალას პაციენტისგან?

ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის არის მადლიერების სიტყვები: „ექიმო, ძალიან მადლიერი ვარ, თქვენმა მკურნალობამ ტკივილი დამავიწყა.“ სწორედ ასეთი ემოციები მაძლევს ძალას.

ყოფილა შემთხვევა, რომ კონკრეტული პაციენტის ისტორია განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?

დიახ, ერთ პაციენტს ხერხემლის ტრავმის შემდეგ სიარული უჭირდა და ხელჯოხით გადაადგილდებოდა. მკურნალობის შემდეგ კი შეძლო არა მხოლოდ აქტიური ცხოვრება, არამედ მესამე შვილიც გააჩინა – რაც წარმოუდგენელი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ექიმობა თქვენთვის მხოლოდ პროფესიაა?

ექიმობა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის ყველაფერი. ძალიან მიყვარს და ვერასდროს წარმოვიდგენდი საკუთარ თავს სხვა სფეროში.

რას ნიშნავს თქვენთვის „პაციენტის ნდობა“?

ეს არის ყველაზე ძვირფასი. როდესაც პაციენტი შენს ხელში ანდობს საკუთარ ჯანმრთელობას, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის ვცდილობ გავამართლო მათი ნდობა.

რას შეცვლიდით ქართულ სამედიცინო სფეროში?

ვურჩევდი პაციენტებს, ექიმთან ვიზიტამდე გაეცნონ ინფორმაციას მისი გამოცდილებისა და ცოდნის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობის უფრო შედეგიანად ჩამოყალიბებას.

რომ არ ყოფილიყავით ექიმი, რომელ პროფესიას აირჩევდით?

არასოდეს ვიქნებოდი სხვა პროფესიაში – ყოველთვის ექიმობას ავირჩევდი.

ერთი ფრაზით – რა არის თქვენი მთავარი გზავნილი?

მადლობა ჩემს პაციენტებს ნდობისა და მადლიერებისთვის. ყოველთვის ვეცდები მათი ნდობა ბოლომდე გავამართლო.

R