მოლდოვაში 28 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელსაც, შესაძლოა, მასშტაბური შედეგები მოჰყვეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის კუთხით, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს.
Reuters-ი წერს, რომ ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, PAS-ი დაკარგავს უმრავლესობას 101 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში, რაც მას აიძულებს, შექმნას კოალიცია სხვა პარტიებთან, ან ბლოკთან, რომლებიც არჩევნებში ბარიერს გადალახავენ. ესენი შეიძლება იყვნენ პოპულისტური "ჩვენი პარტია“ და პროევროპული "ალტერნატიული ბლოკი“.
წინასაარჩევნო პერიოდში დომინანტური საკითხი ევროკავშირთან ინტეგრაციაა. PAS-ი ბლოკში 2030 წლისთვის გაწევრიანებას ისახავს მიზნად და აცხადებს, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მომავლისთვის და იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მცდელობას, ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე შეინარჩუნოს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბევრი ამომრჩეველი ეკონომიკურ საკითხებზეა ორიენტირებული. ისინი მაღალ ინფლაციას აპროტესტებენ და მთავრობის მიერ კორუფციის აღმოფხვრის დაპირებაში მცირე პროგრესს ხედავენ.
მოლდოვას ოფიციალური პირები დიდი ხანია ადანაშაულებენ მოსკოვს ქვეყნის დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრის მცდელობაში ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევით და ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებით, მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვის ჩაშლის მიზნით.
ბოლო კვირების განმავლობაში პოლიციამ უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტზე უამრავი რეიდი ჩაატარა. ორშაბათს უსაფრთხოების ძალებმა 74 ადამიანი დააკავეს, ხელისუფლების თქმით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი არეულობის წაქეზების მცდელობის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას პრეზიდენტი პირდაპირი წესით ირჩევა, საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე.
Reuters-ი წერს, რომ მოლდოვას "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. პრორუსული უმრავლესობის მქონე კოალიცია ან პარლამენტი კი ამ ძალისხმევას გაჭიანურებულ პოლიტიკურ ბრძოლად გადააქცევს.