სექტემბრის ბოლოს, რუსეთის დასავლეთით, ლენინგრადის ოლქის სლანცის რაიონში, ყალბი ალკოჰოლის მოხმარების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. რეგიონული მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, რვა შემთხვევაში ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ სიკვდილის მიზეზი მეთანოლით მოწამვლა იყო. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელთაც ყალბი ალკოჰოლის დამზადებასა და გაყიდვას ედავებიან.
რუსეთში, სადაც ალკოჰოლიზმის მაღალი დონეა, ასეთი მასობრივი მოწამვლის შემთხვევები იშვიათი არ არის. იაფი, ხელნაკეთი ალკოჰოლური სუროგატები ფართოდ არის გავრცელებული, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ცხოვრების დონე დაბალია და არყის ფასი მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუწვდომელია.
რუსეთში ყალბი ალკოჰოლის შედეგად მომხდარი ტრაგედიების ქრონიკა
რუსეთის ისტორიას არაერთი მასშტაბური ტრაგედია ახსოვს, რომელიც ყალბ ალკოჰოლს უკავშირდება:
1994 წელი, სიზრანი: 1994 წლის 1 აპრილს, სიზრანის რკინიგზის სადგურზე (სამარის ოლქი) მივიდა ცისტერნა, რომელიც სპირტის სუნის მქონე სითხით იყო სავსე. მიუხედავად წარწერისა „ფრთხილად, შხამი“, მუშებმა ის სახლში წაიღეს და დალიეს. შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 44 დაშავდა.
2005 წელი, მაგადანი: 2005 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, სამი კვირის განმავლობაში, მაგადანში 34 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ტექნიკური სითხე "მეტელიცასგან" დამზადებული ხელნაკეთი ალკოჰოლი აღმოჩნდა. დაღუპულთა უმეტესობა 45 წელს გადაცილებული უსახლკარო მამაკაცები იყვნენ.
2011 წელი, ბოდრუმი, თურქეთი: 2011 წლის მაის-ივლისში ექვსი რუსი ტურისტი დაიღუპა თურქეთის ქალაქ ბოდრუმში, იახტაზე, მას შემდეგ რაც ყალბი ვისკი "Mister Burdon" დალიეს, რომელიც მეთანოლს შეიცავდა.

2016 წელი, ირკუტსკი: 2016 წლის დეკემბერში ირკუტსკის საავადმყოფოებს მიმართეს მოწამვლის სიმპტომებით ადამიანებმა, რომლებმაც აბაზანის კონცენტრატი "ბოიარიშნიკი" დალიეს. სითხე მეთილის სპირტისგან იყო დამზადებული, მიუხედავად იმისა, რომ ეტიკეტზე ეთილის სპირტი იყო მითითებული. შედეგად, 76 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 123 დაშავდა. 2021 წელი, ორენბურგი და ეკატერინბურგი: 2021 წლის ოქტომბერში, თითქმის ერთდროულად, ორი დიდი ტრაგედია მოხდა. ორენბურგის ოლქში ყალბი ალკოჰოლის შედეგად 36 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ეკატერინბურგში – 44. ორივე შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი მეთანოლით მოწამვლა იყო.
გახმაურებული შემთხვევა: "მისტერ სიდრი"
2023 წლის ზაფხულში, სასმელ "მისტერ სიდრით" მოწამვლის შედეგად, 50 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 66 დაშავდა. ყალბი სასმელი რუსეთის რამდენიმე რეგიონში ვრცელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი "მისტერ სიდრი" რეგისტრირებული იყო, მისი შემადგენლობა სიდრთან საერთოდ არ იყო კავშირში.
2025 წლის სექტემბერში, ამ საქმის ფიგურანტები ანარ გუსეინოვი და არტემ აირაპეტიანი დამნაშავედ ცნეს და მათ 8-დან 9 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიების თანახმად, აირაპეტიანმა გუსეინოვს 4 ტონა მეთილის სპირტი მიჰყიდა, რომელიც სასმელის დასამზადებლად გამოიყენებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 2016 წლის ტრაგედიის შემდეგ კანონმდებლობა გაამკაცრა, იაფი, ხელნაკეთი სპირტები კვლავაც ფართოდ არის ხელმისაწვდომი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებს.