ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლისას დელეგატებმა გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზი დატოვეს.
დასავლელი ლიდერების კრიტიკისას, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ვისაც ბოროტების ეშინია, ჯიჰადის ქარიშხალს ვერ გაექცევა. კიდევ ერთი გზავნილი დასავლელი ლიდერებისთვის: ისრაელი არ მოგცემთ უფლებას, ტერორისტულ სახელმწიფოს შეგვწიროთ. ჩვენ ეროვნულ თვითმკვლელობას არ ჩავიდენთ, რადგან თქვენ არ გაქვთ გამბედაობა, დაუპირისპირდეთ მტრულად განწყობილ მედიას და ანტისემიტურ ბრბოს, რომელიც ისრაელის სისხლს მოითხოვს. თქვენი სამარცხვინო გადაწყვეტილება წაახალისებს ტერორიზმს ებრაელებისა და უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ.

"ჰამასი" ბავშვებს ასწავლის ებრაელების სიძულვილს და ებრაული სახელმწიფოს განადგურებას... სწორედ ამ ადამიანებისთვის გსურთ სახელმწიფოს მიცემა? თქვენ საბოლოო ჯილდოს აძლევთ ფანატიკოსებს, რომლებმაც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა განახორციელეს. ეს სრული სიგიჟეა. ეს სიგიჟეა და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ.“ - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.


ევროკავშირი განიხილავს ისრაელის წინააღმდეგ ტარიფებისა და სანქციების დაწესებას. ასამბლეამ ამ თვეში მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ისრაელს, ერთგული იყოს დამოუკიდებელი პალესტინის ერის მიმართ.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, რომელშიც ის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებშია ბრალდებული, რასაც თავად პრემიერ-მინისტრი უარყოფს.
ცნობისთვის, პალესტინის სახელმწიფოს 145-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს. მათ შორისაა: საფრანგეთი, მონაკო, დიდი ბრიტანეთი, მალტა, ლუქსემბურგი და ბელგია.