კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უამინდობამ სერიოზული პრობლემები შექმნა. გადაუღებელმა წვიმამ მდინარეების - არეშისა და კაბალის ადიდება გამოიწვია, რის გამოც სოფლები: ვერხვის მინდორი, განჯალა და კაბალი დაიტბორა. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დაფარა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფელ კაბალშია, სადაც მდინარის ადიდებამ ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა. ამ დროისთვის გზაზე გადაადგილება შეზღუდულია.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა მოსახლეობა დახმარებას დაუყოვნებლივ ელოდება. „ხალხი ითხოვს დახმარებას!!! მოსახლეობას სახლიდან გასვლა უნდა!“ - წერს სოციალურ ქსელში ლაგოდეხში მცხოვრები ბლოგერი ფერი ისმაილოვა. ჩვენ მას სატელეფონო ჩართვაში ვესაუბრეთ.
ბლოგერი ფერი ისმაილოვა:
- ახლა სიღნაღში ვარ, ჩემს სოფელში მივდივარ. მითხრეს, რომ გზა გადაკეტილია და არ ვიცი, როგორ გადავალ. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ განჯალაშია გადაღებული. ჩემმა მოსწავლემ გამომიგზავნა, თავად გადაიღო. ჩემი სოფელი შედარებით მაღლა მდებარეობს, ამიტომ ასეთი რთული მდგომარეობა არ გვაქვს. განჯალა კი უფრო დაბლაა, მდინარესთან ახლოს. როგორც ჩემმა მოსწავლემ მითხრა, წყალი სახლებში შეუვარდათ.
ბავშვია, დამირეკა და დახმარება მთხოვა, სადმე დამერეკა. მაშინვე გადავრეკე შესაბამის სამსახურებში და მითხრეს, რომ უკვე იყვნენ გასულები და მაშველების ჯგუფს კიდევ გაგზავნიდნენ. მოგვიანებით, დედამ მითხრა, რომ უკვე ადგილზე არიან მისულები.

- მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა?
- როგორც ბავშვი ამბობდა, დიახ, რადგან სახლებში შევარდა წყალი და პატარა სახლები, რაც იდგა, დაიტბორა.
- ფერი, ადრეც თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა?
- დიახ, დაახლოებით ექვსი-შვიდი წლის წინ სრულიად დაანგრია ხიდი და წაიღო ჩვენი და მეზობლის სახლიც. ამის გამო მეზობელი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. შემდეგ ჩატარდა სამუშაოები და ეს პერიოდი მშვიდობა იყო, ახლა კი ისევ იგივე მოხდა. ამ დროისთვის, ჩემი ინფორმაციით, განჯალაშია რთული მდგომარეობა. მე გზაში ვარ, დედა მარტოა და ეშინია. კაბალის მთავარი შესასვლელი გადაკეტილია, რადგან ხიდი დაზიანებულია. ვაპირებთ, სოფელს შემოვუაროთ. არ ვიცით, ადგილზე რა სიტუაცია დაგვხვდება. თუ წყალი ჩვენს სახლშიც შემოვა, წამოვიყვანთ. თან საქონელი გვყავს, ასევე კატები, დედა ძალიან ნერვიულობს.
წაიკითხეთ ასევე: