შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით ახლად გამოვლენილი გარემოებების შედეგად, 2014 წლის 26 იანვარს მომხდარი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული გახსნა. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ფაქტი.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთ პირს დ.მ.-ს, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა. რაც სასჯელის სახით ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი თანამზრახველი მ.რ. კი 2020 წელს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
რა მოხდა 2014 წელს?
იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, ორი პირი ჯერ მოქალაქე როსტომ დიაკვნიშვილის საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეეჭრა, აწამა და ყელი გამოჭრა, შემდეგ გარდაცვლილის მანქანა გაიტაცა და მიმალვას შეეცადა, თუმცა ავტოავარიაში მოყვა, რის გამოც დაზიანებული ავტომანქანის მიტოვება მოუწია. ამის შემდეგ ბოროტმოქმედებმა გამვლელი ტაქსი დააყაჩაღეს და ავტომანქანა მიისაკუთრეს. დანაშაული იმდენად დიდი სისასტიკით იყო ჩადენილი, რომ წილკანში მაშინ ორივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას და მათი ოჯახების სოფლიდან გაძევებას ითხოვდნენ.